"ქართულმა რეკლამამ საბჭოთა სივრცე "ააფეთქა"
27-08-2018
"ქართულმა რეკლამამ საბჭოთა სივრცე "ააფეთქა"
ქართული სტენდებით საბჭოთა რეკლამის ახალი ხანა დაიწყო. ამის შესახებ პრესაშიც წერდნენ. ყველაზე ზუსტად ეს განცდა იმ დროის ცნობილმა მხატვარმა ნიკოლოზ დენისოვსკიმ გამოხატა, რომელიც წერს: "ჩვენი მოსკოვური სახლების ნაცრისფერ ფონზე გამოჩენილმა ქართულმა აფიშებმა მთელი მოსკოვი გააფერადა და არამხოლოდ ფერებით - ისინი ქართველების ნიჭსა და უძველეს კულტურაზე მეტყველებს"

დღეს ალბათ, აღარაფერია ისეთი, რაზეც რეკლამა არ ბატონობს. ის ყველაფერს "ყლაპავს". სამაგიეროდ, არც წარმატება არსებობს რეკლამის გარეშე. ალბათ, ყველა ეპოქაში ასე იყო. განსხვავებული მხოლოდ
რეკლამის სახეებია.

დედამიწის 1/6-ზე გაბატონებულმა იმპერიამ ახალი საბჭოთა ადამიანის თავბრუდასახვევად ბრწყინვალე კინორეკლამა შექმნა, რასაც ვერ ვიტყვით ქუჩის სარეკლამო სტენდებზე (თანამედროვე მნიშვნელობით, ბილბორდებზე) გამოკრულ აფიშებსა და პლაკატებზე, რომლებიც იმდენად კომიკური გახლდათ, საბჭოთა ადამიანის ირონიასაც კი იწვევდა: დედებს ჩვილების დაბანას ასწავლიდნენ, პიონერებს - ტროტუარზე სიარულს, კოლმეურნეებს -
უხვი მოსავლის მოყვანას. ეს რეკლამები მოსახლეობაზე გავლენას ვერ ახდენდა.
ამასობაში კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომი დაატყდა თავს, ქართველმა მხატვარმა ირაკლი თოიძემ კი ამ თემაზე შექმნილი ნახატით საბჭოთა საბილბორდე რეკლამა თავდაყირა დააყენა.

მისმა პლაკატმა "დედა-სამშობლო გვეძახის", ლამის საბჭოთა ჯარისკაცებთან ერთად მოიგო ომი. მისი დანახვისას არათუ ჯარისკაცებს, ნებისმიერ საბჭოთა ადამიანს ჟრუანტელი უვლიდა. მხატვარმა პლაკატზე თავისი მეუღლე თამარ თოიძე გამოსახა, რომელმაც ომის დაწყების ამბავი საკუთარ აივანზე, ქუჩის რეპროდუქტორებიდან გაიგო და მეუღლესთან გაგიჟებული შევარდა, ომი დაიწყოო. მხატვარს ქუჩაში არც გაუხედავს, ისე აიღო ფანქარი და შესძახა:
- თამარ, შეჩერდი, უნდა დაგხატო!

ომის შემდეგ საბჭოთა საბილბორდე რეკლამა კვლავ "მიიცვალა" და რომ არა 1956 წლის სისხლიანი 9 მარტი, მას, ალბათ, ვერაფერი გააცოცხლებდა, რადგან საბჭოთა მხატვრებს აღარ სჯეროდათ კომუნიზმის იდეალების, ამ სისხლიანმა დღემ კი ქართველ ხელოვანებს (არა მხოლოდ მხატვრებს) გადააწყვეტინა, დაემტკიცებინათ, რომ ქართველი ხალხის ენერგიას ვერაფერი შეაჩერებდა.

ეს ენერგია მალე გამოჩნდა 1958 წლის ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში, რომელზეც საქართველოდან თითქმის ყველა სფეროს ხელოვანები გაემგზავრნენ. მანამდე თბილისში შეიქმნა მოსკოვის სტენდებზე გასაკრავი კონცერტებისა და სპექტაკლების აფიშები, რომლებმაც მთელი საბჭოთა სარეკლამო სივრცე ამოატრიალა.

ეს ისტორია მოგვიანებით გრაფიკოსმა მარინა გაჩეჩილაძემ შეისწავლა: - 1958 წლის ქართული ხელოვნების დეკადა მოსკოვში სრულიად სხვაგვარ სიტუაციაში ტარდებოდა, ვიდრე 1936 წელს, რომელიც სტალინის სურვილით გაიმართა. მას ჰქონდა კომპლექსი, რომ პროვინციული ერის შვილი იყო და თვითონაც ბევრი იმუშავა ამ დეკადის მოსამზადებლად. როდესაც დეკადა დამთავრდა, აღმოჩნდა, რომ სტალინი პროვინციული კი არა, უძველესი ერის შვილი გახლდათ... 1958 წელს სხვაგვარი სიტუაცია იყო - არავინ იცოდა, როგორ შეხვდებოდა მოსკოვი ქართველებს მას შემდეგ, რაც სტალინის სახელის გარშემო დატრიალდა... მაგრამ მოსკოვში, რკინიგზის სადგურზე დახვედრამ დაადასტურა, რომ ქართველების წარმატებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ქართველი ხელოვანების მატარებელს ლამის მთელი მოსკოვი დახვდა! ლიანდაგზე იმდენი ხალხი შეცვივდა, კორესპონდენტებს გადაღების საშუალება არ ჰქონდათ და მატარებელზე ადიოდნენ. მანამდე თბილისში მოსკოვის დეკადისთვის რეკლამების მომზადება ცნობილ მხატვარ-გრაფიკოს ლადო გრიგოლიას დაავალეს. მან შეკრიბა ახალგაზრდა მხატვრები: მერაბ ბერძენიშვილი, ელგუჯა ბერძენიშვილი, ოთარ ჯიშკარიანი, ვახტანგ გიორგობიანი... გრიგოლია ლეგენდა იყო - ქართული ანბანის 397 გრაფიკული გამოსახულება შექმნა და - ყველა უზადო... 1958 წლის მარტში არა მხოლოდ კონცერტებმა,­ არამედ ქართულმა რეკლამამაც დაანახა საბჭოთა იმპერიას, რომ ქართული ენერგია ამოუწურავია. ქართული სტენდებით საბჭოთა­ რეკლამის ახალი ხანა დაიწყო. ამის შესახებ პრესაშიც გამოქვეყნდა. ცნობილი მხატვარი ნიკოლოზ დენისოვსკი წერს: "ჩვენი მოსკოვური სახლების ნაცრისფერ ფონზე გამოჩენილმა ქართულმა აფიშებმა მთელი მოსკოვი გააფერადა და არამხოლოდ ფერებით - ისინი ქართველების ნიჭსა და უძველეს კულტურაზე მეტყველებს. მათ კი, ვინც ქართველების კონცერტზე ვერ მოხვდა, ეს აფიშები ქართველ ხალხზე ძალიან ბევრს ეუბნება". თუნდაც მხოლოდ მერაბ ბერძენიშვილის "მოცეკვავის" გახსენება იკმარებდა იმ ენერგიის გადმოსაცემად, რომლითაც ქართულმა რეკლამამ საბჭოთა იმპერიის სარეკლამო სივრცე "ააფეთქა".

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები