საუკუნის პაპა
27-08-2018
საუკუნის პაპა
"ერთი წუთივით გაირბინა წლებმა. აი, ასე, ჩიტივით გამიფრინდა... ჩემს უღონო მუხლებთან დადებულ ორ ჯოხსა­ და ჩემ შორიახლო მორბენალ ორი წლის შვილთაშვილს რომ შევხედავ, მაშინ მახსენდება, რომ ჩემსა და მას შორის 95 წელია განსხვავება და 100 წელს მივუკაკუნე..." - მეუბნება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დულუზაურების მკვიდრი, 97 წლის ლუარსაბ დულუზაური­ და ცრემლჩამდგარ თვალებს ხელის ზურგით იწმენდს... ასაკის კვალობაზე მუხლიც უჭრის, ენაც და თვალიც. როდესაც მის დაბურულ ეზოში შევედით, ჩამოყრილ ხილს აგროვებდა... საქმის
კეთებას გული მერჩის, მაგრამ მუხლი არ მამდევსო, მითხრა და მასავით საუკუნემოყრილი მსხლის ძირში, ხის სკამზე ჩამოჯდა. მერე ჩვენ წინ აღმართულ მთებს გახედა - აი, იმათი ტოლი ვარო...

- მარჯვენა მუხლს ვიტკივებ. ასაკში ომის ჭრილობა მახსენებს თავს და კიდევ გული, რომელიც ჩემი ყველა დარდისა და სიხარულის
თანაზიარია... სიკვდილს დავავიწყდი, ეტყობა. ის ბიჭები, ვისთან ერთადაც მტერს მტრულად ვუდგებოდი და მოყვარეს - მოყვრულად, აღარ არიან და მეც ხომ უნდა დავისვენო?..

- მეორე მსოფლიო ომში იბრძოდით?
- კი. 1942 წლის იანვარში წამიყვანეს.­ დილით ვიყავი გამოძახებული კომისარიატში, მაგრამ ომში გასაწვევთა სიაში არ აღმ­ოვჩნდი. ის იყო, სახლში დავბრუნდი, იღბლიანი ვყოფილვარ-მეთქი, რომ მაშინვე­ გამომიძახეს და პირდაპირ გორში წამიყვანეს. მაშინ 20 წლის ვიყავი. ქართულ დივიზიაში გამამწესეს და პოლონეთში გადაგვისროლეს. ერთხელ ბრძოლისას უკან დაიხიეს, ჩვენც შევყევით და თურმე შეგვიტყუეს. დაგვბომბეს და იმ დროს დავიჭერი მუხლში... მალევე ტყვედ ჩავვარდი... იქიდან გერმანიაში გადაგვიყვანეს მატარებლით და ბერლინთან ახლოს, ტყვეთა ბანაკში შეგვყარეს... მატარებლებს ვტვირთავდით, გზებს ვაგებდით, უამრავ საქმეს გვაკეთებინებდნენ და საჭმელი თითქმის არ გვქონდა. კარტოფილის, სტაფილოს, ვაშლისა და კიდევ ვინ იცის, რის ნათალს ვპოულობდით ნაგვის ბუნკერში, იმას ვხარშავდით და წვნიანით გაგვქონდა თავი. წყალს ერთლიტრიან ქილაში გვისხამდნენ და 100 გრამი პური მოჰყვებოდა. ეს ერთი დღის ულუფა იყო. არ გვყოფნიდა... იყო შემთხვევები, მკვდარი საქონელი უპოვიათ ტყვეებს და ბანაკში მოუტანიათ მოსახარშად...

არც ჩვენებს ჰყავდათ კარგ დღეში გერმანელი ტყვეები. ვიდრე მე ჩავვარდებოდი, ჩვენც ავიყვანეთ გერმანელები. პირტიტველა ბიჭები იყვნენ, შეშინებულები... ერთ-ერთმა დამტვრეული რუსულით მკითხა, ხომ არ მომკლავო? მაშინ მივხვდი, რომ ომი საშინელებაა...

- ტყვედ რამდენ ხანს იყავით?
- თითქმის ერთი წელი. შემდეგ, როდესაც გერმანიაში საბჭოთა ჯარები შემოვიდნენ, გაგვათავისუფლეს, მაგრამ გვითხრეს, სახლში ვერ გაგიშვებთ, აქ გვჭირდებითო. ერთი წელი ბერლინში ვმსახურ­ობდი. 1946 წელს დავბრუნდი. მერე მოვეკიდე ოჯახს.

- მეუღლე სად გაიცანით?
- ჩვენს სოფელში. მაშინ სოფლის ბოლოში, დედ-მამის სახლში ვცხოვრობდი. ხმა მომივიდა, ჯიმშიტაშვილების ოჯახში სტუმარი ჰყავთ, შველივით გოგოაო.

ხატობა იყო და ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა ის დღე, ამ გოგოსთვის თვალი მომეკრა. სხვა ბიჭებივით მეც მის თვალწინ ტრიალს ხომ არ დავიწყებდი?..

მთავარანგელოზობას ვეძახით ჩვენ... ივლისში უწევს... იმ დღეს ცოტა ადრე წავედი, რომ მისი ამოსვლა მენახა. მართლაც ძალიან ლამაზი იყო - მაღალი, თეთრი სახით და ბრიალა თვალებით. ხანდახან შვილებისა და შვილიშვილების სახელები დამავიწყდება ხოლმე, მაგრამ ის დღე მახსოვს. რაღაცნაირად შემომხედა... მაშინ დავიფიცე გულში, ან ეს იქნება ჩემი ცოლი, ან არავინ-მეთქი. კარგი ოჯახისშვილი იყო. პაპამისი ღვთისო ხევისბერი ყოფილა და ყველა პატივს სცემდა... მე და ჩემს ცოლს მუშაობა არ გვეზარებოდა და არც გვიჭირდა.

- მეუღლე ცოცხალი აღარ არის?
- მეცხრე წელია, დამტოვა. ჩემი გული მას გავატანე. ყოველდღე ვფიქრობ, რომ მასთან მინდა, მაგრამ ჯერ არ მივყავარ სიკვდილს. არადა, ვიცი, რომ ვჭირდები, მეც მჭირდება... სამი შვილი მყავს, ექვსი შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი... ერთი შვილიშვილი რამდენიმე წლის წინ ხატობას მომიკლეს - ბიჭებს ჩხუბი მოუვიდათ, გიორგი აშველებდა და ერთ-ერთმა დანა ჩაარტყა გულში... 22 წლის იყო. ეს ტრაგედია მე და ჩემმა დიაცმა ერთად გადავიტანეთ, თუ ამას გადატანა ჰქვია. მან ვერ გაუძლო, ძალიან დარდობდა და წავიდა კიდეც... არ ვიცი, რას ვაკეთებ აქ მის გარეშე ამდენ ხანს. ღმერთმა ჩემი მონაგარი დღეგრძელი მიმყოფოს, მათ თავიანთი გზა აქვთ...

- საბჭოთა წლებში მთაში მაინც აღნიშნავდნენ დღესასწაულებს, არა?
- მაშინ, როდესაც მთელ საქართველოში ეკლესია-მონასტრებს ხურავდნენ, მთაში­ სანთელი ვერ ჩააქრეს. სალოცავიდან ხალხს ერეკებოდნენ, მაგრამ ვერ გამორეკეს... ერთხელ, სხვა რომ ვერაფ­ერი მოიფიქრეს, ამდგარან და ლაშარის სალოცავისკენ გზა დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ექსკავატორით გადაუთხრიათ. იმავე ღამეს მლოცველებმა, ვინც ახლომახლო ცხოვრობდა, ქვა-ღორღით ამოავსეს, რომ შორიდან მომავლები არ შეფერხებულიყვნენ. ხომ ასე ებრძოდნენ ჩვენს ტრადიციებს, მაგრამ ხევისბერებს და თავხევისბერებს ისინიც პატივს სცემდნენ. მთამ გაუძლო, აქამდე მოიტანა თავისი ადათი...

- როგორია ეს ცხოვრება?
- ცხოვრება უფლის ტკბილ-მწარე საჩუქარია. ჩვენს დროს ადამიანები უფრო ბედნიერები იყვნენ, ყოველი დღის გათენების არ ეშინოდათ. ხალხიც უფრო სხვანაირი იყო - მებრძოლი, ჟინიანი... სოფელი სავსე იყო, პატარების ჟრიამული ისმოდა ყველგან... ახლა, ზამთარი დადგება თუ არა, აქაურობას მხოლოდ რამდენიმე მოხუცი შემოვრჩებით. ახალგაზრდებს გული აღარ უჩერდებათ და ვერც ვამტყუნებ... თუმცა მთაში ცხოვრება მაშინაც ჭირდა - ზამთარში რომ ჩაიკეტებოდა გზა, ხარებით ვეზიდებოდით შეშას, ხორბალს, მაგრამ შეჩვეული ვიყავით.
ადრე მგელი მხოლოდ დიდთოვლობას ჩამოდიოდა, ახლა ძაღლებივით ყველგან დაწანწალებენ. ამას წინათ ბოჩოლა დაგვიგლიჯა. დათვიც მოგვიშინაურდა. ზამთარში უკაცოდ რჩება სოფელი, მხოლოდ მოხუცებიღა ვართ. ნადირი გრძნობს ამას და თამამდება.

ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა. ხის მოსაჭრელად ავედი მთაში, ჩემი სახლის ზევით, დოლაანთღელეს ვეძახით. უცებ რაღაცნაირი შლიგინი შემომესმა. გავიხედე და ჩემგან რამდენიმე მეტრში დათვი გამოვარდა. მერე უცებ ზემოთ, მთისკენ გაიქცა, თან ძაღლივით უკან-უკან იყურებოდა... მეც შემეშინდა და ზემოთO ამოვედი, ხეს ამოვეფარე. ცოტა ხანში გამობრუნდა ღმუილით, იმ ადგილას მივიდა, სადაც მე ვიდექი, თათები კარგა ხანს აფათურა და შემდეგ ბურთივით დაგორგლილი შავი რაღაც გამოათრია - თურმე ბელი ჰყოლია იქ. წინ გაიგდო და მაღლა, მთებისკენ აუყვნენ... ცოტაც და, ის დათვები სოფელში ჩამოვლენ. მე სულ რამდენიმე დღე დამრჩენია, მაგრამ ქვეყანა სოფლით არის ძლიერი და სოფელი კიდევ - კაცით. აქ თუ კაცი აღარ დარჩა, ქვეყანა ვერ ამოისუნთქებს. მე, ალბათ, არც პირველი ვარ და არც ბოლო, ვინც ამას ამბობს, მაგრამ ეს ერთიც იყოს, რა ვიცი, რა ძალაზე მექნება ნათქვამი...

ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით