ღია ცის ქვეშ დარჩენილები... - კვირის პალიტრა

ღია ცის ქვეშ დარჩენილები...

ე.წ. ისნის ჰოსპიტალში ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილი 400-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა. ჰოსპიტლის ბინადართა თქმით, ისინი მხოლოდ წინა

დღეს გააფრთხილეს, სასწრაფოდ დაცალეთ შენობაო. მეორე დღეს პოლიციამ დილიდანვე დაიწყო მათი გამოსახლება.

ჰოსპიტალში მივიდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე კობა გორგოძე. დევნილებმა ახსნა-განმარტებისთვის მას მიმართეს. ერთ-ერთი დევნილის, ნარგიზა ბაციკაძის თხოვნაზე, დამეხმარეთ, ღია ცის ქვეშ ვრჩებიო, გორგოძემ განუცხადა, დახმარებისთვის დიმიტრი სანაკოევს მიმართეთო.

სამხედრო ჰოსპიტლიდან გასახლებულმა აფხაზეთიდან დევნილმა რამდენიმე ოჯახმა თავშესაფრისთვის ასევე დევნილ ნათესავებს მიმართა. ქერჩის ქუჩაზე, მედიცინის აკადემიის შენობის სარდაფში, ჰოსპიტლიდან გასახლებული 5 ოჯახი დაბინავდა(!).

დევნილი დარეჯან ნაყოფია: "ჩვენ თავად ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობთ და მათ დაბინავებას ვერ ვახერხებთ, არადა, როგორ უნდა იცხოვრონ სარდაფში? ამ ოჯახებში ორი ინსულტიანი მოხუცია, რომლებსაც სარდაფში მოუწევთ ღამის გათენება. იქნებ მიხედონ ამ ხალხს, ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ".