ბრაზი­ლიური კაკალი რადიაქტიურ რადიუმს შეიცავს - კვირის პალიტრა

ბრაზი­ლიური კაკალი რადიაქტიურ რადიუმს შეიცავს

მისი ყვავილი 6-ფურცლიანია. ნექტარი ძალიან ტკბილი აქვს, მაგრამ ისეთი აგებულებისაა, მასში შეღწევა და დამტვერვა მხოლოდ აქაურ ძლიერ ფუტკარს შეუძლია

ბრაზილიური კაკალი, იგივე ამერიკული კაკალი ან "კრემის კაკალი" (ლათინური სახელი "მაღალი ბერთოლეტია". დიდი ფრანგი ქიმიკოსის, კლოდ ლუი ბერთოლეს პატივსაცემად) ბრაზილიის გარდა გავრცელებულია კოლუმბიის, პერუსა და ბოლივიის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე გაიანასა და ვენესუელაში. ის უდიდესი ხეა ამაზონის ტროპიკულ ტყეებში - სიმაღლე 50 მ-ს აღწევს, დიამეტრი 2 მ-ს და 1000 წლამდე ცოცხლობს. საინტერესოა, რომ ხის ტანის 75% ძირიდან ტოტების გარეშეა და მხოლოდ მისი დიდი სფეროსებრი ვარჯი გადმოჰყურებს ზემოდან ტყეებს.

ბრაზილიურ კაკალს უმნიშვნელო რაოდენობით ზრდიან როგორც კულტურულ მცენარეს, რადგან მისი მოშენება გადაულახავ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მრავლდება მხოლოდ ველურ პირობებში, რადგან ადგილებში, სადაც შეაღწია ადამიანმა, როგორც წესი, იმ ფუტკრის ნაკლებობაა, რომელიც ამ ხის ყვავილის ერთადერთი დამმტვერავია. ბრაზილიური კაკლის ყვავილი 6-ფურცლიანია. ნექტარი ძალიან ტკბილი აქვს, მაგრამ ისეთი აგებულებისაა, მასში შეღწევა და დამტვერვა შეუძლია მხოლოდ აქაურ ძლიერ ფუტკარს. ხის გარშემო აყვავებული ორქიდეების სურნელი ჯერ მამრებს იზიდავს, შემდეგ ამ მამრების მიერ გამოყოფილი ფერომონები იზიდავს უფრო დიდ და ძლიერ მდედრ ფუტკრებს. სწორედ ისინი აღწევენ კაკლის ყვავილში. ორქიდეებისა და ამ ფუტკრების გარეშე ასეთი "თანამშრომლობა" და კაკლის ყვავილის დამტვერვა ვერ შედგებოდა... დამტვერვის შემდეგ ნაყოფი, რომელიც უშუალოდ ხის ტანზე იზრდება, 14 თვე მწიფდება და დაახლოებით 15 სმ დიამეტრისა და 2 კგ წონის მკვრივი ბირთვია. ათეულობით მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ასეთი "ჭურვი" სერიოზული საშიშროებაა ადამიანისთვის... ნაყოფში 4-5 სმ სიგრძის 6-დან 24 ცალამდე წახნაგოვანი წილია - სწორედ ეს არის ბრაზილიური კაკალი. აღსანიშნავია, რომ ბოტანიკური კლასიფიკაციით ის ეკუთვნის არა თხილს (თხილის ან კაკლის გული შუაზე უნდა გაიყოს), არამედ მარცვლეულს.

ჩამოვარდნილი ნაყოფის მკვრივი და მაგარი ქერქის ქვით დამსხვრევას მაიმუნი კაპუცინი ახერხებს, მაგრამ მისი დაღრღნა მხოლოდ აქაური ტყეების ბინადარ მოზრდილ მღრღნელს, აგუტის შეუძლია. ის შეუჭმელ კაკლებს იმარაგებს და მიწაში მარხავს, მაგრამ ხშირად ავიწყდება და ფაქტობრივად, ბრაზილიურ კაკალს რგავს... სწორედ ეს მიზეზებია, რომ ამ კაკალს პრაქტიკულად, მხოლოდ ველურად აგროვებენ.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური კაკლის მსოფლიო ბაზარზე ყველაზე დიდი - 50%-იანი წილი ეკუთვნის ბოლივიას, ბრაზილიას მხოლოდ 40% და კიდევ 10% - პერუს. რადგან მისი პლანტაციები არ არსებობს, მსოფლიო წარმოების მოცულობა თითქმის არ იზრდება.

ბრაზილიური კაკალი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. ის მეტად კალორიულია და ზომით ყველა სხვა კაკალს აღემატება. ამასთან, მასში გაცილებით მაღალია სასარგებლო უჯერი ცხიმების შემცველობა... უძვირფასესი მერქანი აქვს, თუმცა, ამ გამორჩეული ხის მოჭრა ყველა ქვეყანაში სასტიკად აკრძალულია.

სხვათა შორის, ყველა ქვეყნის ბრაზილიური კაკალი რადიაქტიურ რადიუმს შეიცავს. მისი შემცველობა 1000-ჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა საკვებ პროდუქტში, თუმცა დასაშვებ ნორმას მაინც არ აღემატება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამის მიზეზი ამ კაკლის ფესვების განტოტვის სისტემაშია. მისი ფესვები მსოფლიოში ხეებს შორის სარეკორდოდ დიდია და ის საჭირო ნივთიერებებსაც ნიადაგის წარმოუდგენლად დიდი მოცულობიდან იღებს. ბრაზილიური კაკალი არის სელენის ყველაზე ძვირფასი წყაროც და შეიცავს კიდევ უამრავ სასარგებლო ნივთიერებას...

რამაზ გურგენიძე