"როცა 21 წლის შემდეგ ქმარი გეუბნება, უფრო მეტი დროის გატარება მინდა შენთანო, ეს არის ქალური ბედნიერება"
07-09-2018
"როცა 21 წლის შემდეგ ქმარი გეუბნება, უფრო მეტი დროის გატარება მინდა შენთანო, ეს არის ქალური ბედნიერება"
"ციკოლიას ყველა საათის პირველი მოდელი ჩემია"

"ბავშვობაში ავიაკონსტრუქტორობაზე ვოცნებობდი, მინდოდა ჩემი სახელობის თვითმფრინავი ამეწყო, შემდეგ ფანტაზიამ უფრო გლობალური სახე მიიღო - თვითმფრინავს გემიც დაემატა... მახსოვს, როცა თვითმფრინავის პირველი მუყაოს მოდელი გავაკეთე და გაფრინდა, აღფრთოვანებული ვიყავი", - ეს არის ამონარიდი ცნობილი დიზაინერის ზვიად ციკოლიას ინტერვიუდან.

"პეჟო 1007", "ბუგატი", "რუსო-ბალტიკი", ჯავშანმანქანა "დიდგორი" - ეს ციკოლიას შემოქმედების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მისი, როგორც დიზაინერის არეალი ფართოა. თუ ინტერნეტში ზვიად ციკოლიას მოძებნით, მის მრავალრიცხოვან ჯილდოსთან
ერთად, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს მისი მეუღლე, ასევე დიზაინერი მარინა ხორავა. წყვილმა წელს ქორწინების 21-ე წელი იზეიმა და ციტატა, რომელიც სათაურში მოვიყვანე, შემთხვევითი არ არის - ავიაცია და ავიაკონსტრუქცია მარინა ხორავას ბავშვობის ოცნებაც ყოფილა, თუმცა მისი კარიერა ტანსაცმლის დიზაინს უკავშირდება. ის ციკოლიას პროექტების ყველაზე დიდი
გულშემატკივარია.

როგორ გაიცნეს ერთმანეთი, რა არის მაღალი მოდა და რატომ ჩუქნის საათების პირველ მოდელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დიზაინერი თავის მეუღლეს, ამის შესახებ ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს დიზაინერი მარინა ხორავა მოუთხრობს.

80-იანი წლების ავანტიურისტი

- დიზაინერი იგივე გამომგონებელია. ეს საქმე სურვილით იწყება, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად არ შეისწავლე, არაფერი გამოგივა. აკადემიაში მოდელირების ფაკულტეტი რომ დავამთავრე, ჩემი პროდუქციის წარმოება მინდოდა, მაგრამ სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდი... მერე სასწავლებლად და სამუშაოდ გამიშვეს ბუდაპეშტის საწარმოში, სადაც ამერიკელები და იტალიელები­ მუშაობდნენ. იქ დიდი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე. იტალიელებს სურდათ ჩემი სამუშაოდ მიწვევა თავიანთ ქვეყანაში, მაგრამ 1988 წელი იყო და რუსეთის საელჩომ მკაცრი უარი განაცხადა. გული დამწყდა, მაგრამ პატარა გოგო ვიყავი და ვფიქრობდი, ცხოვრება წინ არის-მეთქი. თუმცა, ხვალ შეიძლება შანსი აღარ მოგეცეს... ჩემს მიზანს მე მაინც მივაღწიე და თბილისში საწარმო გავხსენი. კარგად იმუშავა... შემდეგ გავხსენი სტუდია და ერთეული მოდელების­ კეთებაზე გადავედი. ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა - ერთზე ვმუშაობ, იმ ერთს ვქმნი ერთისთვის. წარმოებაში 5000-იანი და 10000-იანი შეკვეთებია, თუმცა იქაც საკუთარი კოლექცია გავაკეთე და საფრანგეთში ჩვენებისთვის ვემზადებოდი... აი, ეს კოლექცია მომყვება­ დღემდე, ახლა ჩემოდნებში დევს დაკეცილი. ეს მაღალი მოდა იყო. დღეს რომ ყვავილები და ნაქარგებია მოდური, მე ეს 21 წლის წინ გავაკეთე. მოვა დრო, გამოვფენ! მინდა ვაჩვენო საზოგადოებას, რომ მოდას და გამოგონებას არც გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, არც დრო. მოდა ტვინში იქმნება... ეს ხელით გაკეთებული კოლექციაა.

სტუდენტობისას ავანტიურისტს მეძახდნენ, რადგან 1980-იან წლებში აკადემიაში გავაკეთე ჩვენება მილიტარისტულ თემაზე, მაშინ ეს უჩვეულო იყო და აკადემიიდან მრიცხავდნენ. ცეკადან რეკავდნენ, გარიცხეთო, მაგრამ ვერ გამრიცხეს - კარგი სტუდენტი ვიყავი... დღეს დემნა გვასალიას ვხედავ როგორც ავანტიურისტს - დღეს, როდესაც ხალხი მაღალი მოდით იწონებს თავს, უცებ მან სოხუმი გაიტანა­ მსოფლიო ასპარეზზე...
წლების განმავლობაში ვზრუნავდი ტელეწამყვანების ჩაცმულობაზე, ვიბრძოლე, რომ ფერები შემეტანა ტელესივრცეში. სატელევიზიო დიზაინი არსად ისწავლება, მე ვასწავლი მხოლოდ ჩემს სტუდიაში... პარალელურად, მე და ჩემმა მეგობარმა­ გავხსენით არტგალერეა შILK-თან­ არსებული საბავშვო სტუდია, სადაც ბავშვები გაივლიან არტთერაპიას, გამოძერწავენ, დახატავენ, მასტერკლასებზე ზვიად ციკოლიაც შემოგვიერთდება. მინდა ისინი აგრესიულ სამყაროს 2 საათით მაინც მოვტაცო.
"რატომ გავყევი სამ თვეში ზვიადს?"

"ლაგუნა ვერეზე" დავდიოდი გასარუჯად... უცებ პეიჯერზე მომდის შეტყობინება ავიაკომპანია  Air Georgia-ს­ დირექტორისგან, უნდოდა, რომ ბორტგამცილებლის ფორმის შეკვეთაზე გვესაუბრა. მივედი და იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ზუსტად მახსოვს, სად იჯდა, რა ეცვა. ასევე ახსოვს თვითონაც. ეს იყო 2 აგვისტო და ყოველ წელს, უკვე 21 წელია, ამ დღეს აღვნიშნავთ. ზვიადი შემდეგ იხსენებდა, რომ გავიგე, დიზაინერი გოგო უნდა მოვიდესო, ცხოვრებაში პირველად ვიკითხე, გასათხოვარიაო? არა, მაგრამ არ გაბედო გაფარცქვალება, მხოლოდ საქმეზე ელაპარაკეო, უპასუხიათ. ჰოდა, მივედი გარუჯული გოგო... შეხვედ­რაზე იყო კიდევ ერთი ზვიადზე უფროსი დიზაინერი და გადავწყვიტე, მასთან მესაუბრა, რადგან ზვიადზე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, შეხვედრაზე შემოირბინა-მეთქი... თურმე თავის მანქანას აკეთებს ფრანკფურტის ავტოჩვენებაზე გასატანად... იმ პერიოდში მომრავლდნენ­ თვითმარქვია დიზაინერები და ვიფიქრე, ალბათ, ერთ-ერთია-მეთქი. მოკლედ, ზვიადი საუბარში გვეჩრებოდა და თურმე კი არ გვეჩრება, ეს არის მისი საქმე. ამდენს რომ ლაპარაკობთ, სულ მცირე, ხატვა თუ შეგიძლიათ-მეთქი? შაბათ-კვირას ვხატავ ხოლმეო, გამაშაყირა. იმ დღეს ძალიან გამაღიზიანა... ავიაციამ დაგვაკავშირა. ავიაცია ყოველთვის ჩემი საყვარელი თემა იყო, სამხედრო ავიაცია - განსაკუთრებით. სტუდენტობიდან ვაგროვებდი თვითმფრინავების, მანქანების ფოტოებს და აღმოჩნდა, რომ გავიცანი ადამიანი, რომელსაც ასეთი პროფესია აქვს... სასაცილო ის იყო, რომ მეორე დღეს მანქანით მომაცილა სახლში და მეკითხება, ასეთი კარგი გოგო რატომ არ ხართ გათხოვილიო? ქართველი კაცის ცოლობა არ მინდა, მით უმეტეს, მეგრელის-მეთქი. სამ თვეში მისი ცოლი ვიყავი...

რატომ გავყევი სამ თვეში ზვიადს? შევ­ატყვე, რომ ძალიან ერთგულია, მხოლოდ ცოლის კი არა, ყველას ერთგული. ის კი არა, მარკეტში რომ შევა და მოეწონება მომსახურება, წლობით ივლის იქ, გვერდით რომ გახსნან, არ შევა, იმათ არ ეწყინოთო. უკვე 21 წელია ერთად ვართ და ცოლზე უკეთ არავინ იცის, გვერდით ერთგული კაცი ჰყავს თუ არა. სულ ვცდილობდი და ვცდილობ, გვერდში დავუდგე და წინსვლაში შევუწყო ხელი.

ცისფერი საათი #2

ახლახან მადლობა გადამიხადა - როდ­ესაც "ლიზი", პირველი ქართული თვითმფრინავი, აფრინდა, მითხრა, როდესაც ჩემი შემოსავლების უდიდესი ნაწილი ჩემს საქმეს ხმარდება და ამას მოთმინებით იტან, მადლობის მეტი არაფერი მეთქმისო. მე, როგორც დიზაინერი, ვუგებ, როგორც მხოლოდ ცოლი, ვერ გავუგებდი...

შვილები უკვე დიდები არიან, ერთი ფილოსოფიური ტიპია, მეორეს კონსტრუქცია აინტერესებს... თავის საყვარელ საქმეს­ ერთი წუთითაც არ მოვაცდინე ზვიადი. ბოლო ინტერვიუში თქვა, ვერ ვიცლი ოჯახისთვისო, მაგრამ არ დავეთანხმე - თითქმის სულ ერთად ვართ ყოველდღე. ეს ცოტაა ჩემთვისო... ამას რომ გეტყვის ქმარი 21-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ალბათ, ეს არის ქალური ბედნიერება.

მისი შექმნილი საათების პირველი მომხმარებელი ვარ. ყველა პირველი მოდელი ჩემია. 2 ოქტომბერს მაქვს დაბადების დღე და თურმე მისი შეკვეთა იყო, რომ "სევენის" მთელი პარტია საქართველოში შემოსულიყო ამ დღეს, რადგან იმ პარტიაში იყო ერთი ეგზემპლარი, რომელსაც უკან ეწერა #2 - ჩემი დაბადების თარიღი. წინასწარ არ მითხრა, რადგან არ იცოდა, ჩამოასწრებდა თუ არა დაბადების დღისთვის. ამ დღესაც ყოველთვის ერთად აღვნიშნავთ. ჰოდა, მოვემზადე და ჩავიცვი რატომღაც ცისფერ ტონებში. შემოდის ოთახში ზვიადი და უცებ ცისფერი "სევენი" დამიდო წინ. ძალიან გამიხარდა, მაშინვე გავიკეთე და გადავიღე ფოტო. გზას ვულოცავ ხოლმე მის საათებს. პირველი პრიზიც საათებში აქვს აღებული...

ნინო წიფურია
Manana
24 სექტემბერი 2018 03:46
Zalian visiamovne am istoriit. 80-iani clebidan mokolebuli, sul tvals vadevneb, am ckvilis shemoqmedebas da kovetvis mixaria mati carmateba da agiareba! Ixaret da ibednieret! Tqveni nichis pani var!
ანა
08 სექტემბერი 2018 10:15
ზვიადი, მართლაც საქართველოს განძია და არაჩვეულებრივი წყვილი ხართ
იო
08 სექტემბერი 2018 09:27
ულამაზესი წყვილი წარმატებებს გისურვებთ

რედაქტორის რჩევით