"ბებია-ბაბუების სახლში მოვლა აქ სირცხვილად ითვლება" - იაპონიაში გათხოვილი ქართველი გოგონას საოცარი ნაამბობი იაპონელებზე - კვირის პალიტრა

"ბებია-ბაბუების სახლში მოვლა აქ სირცხვილად ითვლება" - იაპონიაში გათხოვილი ქართველი გოგონას საოცარი ნაამბობი იაპონელებზე

მარიამ ინაბა რამდენიმე წელია, იაპონიაში ცხოვრობს და მეუღლეც იაპონელი ჰყავს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამსახურში უმუშავია, ბოლოს ერთ-ერთ რესტორანში ადგილობრივებს ქართული კულინარიის შედევრებით უმასპინძლდებოდა და მათ ჩვენს კულტურას აცნობდა, უფრო ადრე, კიოტოს ტაძარში ინგლისური ენის თარჯიმნად მუშაობდა და მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად, უცხო ენას სხვებსაც ასწავლიდა. მარიამი იაპონურ კულტურასა და იაპონელებზე შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

- აპრილში ხუთი წელი ხდება, რაც იაპონიაში ვცხოვრობ, მაგისტრატურის სამწლიანი პროგრამით ჩამოვედი და მერე შემოვრჩი. საქართველოში თავისუფალი უნივერსიტეტი დავამთავრე, იაპონური ენის განხრით. იაპონიასთან პირველი კავშირი 11-12 წლის ასაკში მქონდა, კერძო სკოლაში დავდიოდი და იქ ესპანური ან იაპონური უნდა მესწავლა. ვიფიქრე, ესპანურს ყოველთვის ვისწავლი-მეთქი და იაპონურის შესწავლა ვარჩიე, ჩემთვის ეს უფრო საინტერესო და რთული იყო. უნივერსიტეტშიც ისეთი ფაკულტეტი შევარჩიე, სადაც ეს ენა ისწავლებოდა, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ერთი წელი თბილისში ვიმუშავე, მერე კი გამოცდები ჩავაბარე, გამიმართლა და იაპონიაში წამოვედი.

- სკოლის ასაკში იაპონურის შესწავლა რთული იყო?

- ახლა უფრო მიჭირს რაღაცების დამახსოვრება, ვიდრე ბავშვობისას, მაშინ უფრო ადვილი იყო. ზოგადად, იაპონური ენა მართლაც რთულია, ახლაც ჯერ კიდევ არ მაქვს ბოლომდე შესწავლილი. წინადადების წყობა ისეთია, როგორიც ქართულში, ამ მხრივ რთული არ არის. ზმნებს ჩვენთან დრო, უღლება აქვს, იაპონურში გრამატიკა და სალაპარაკო ენის შესწავლა იმდენად რთული არაა, როგორც იეროგლიფების დასწავლა, რადგან ერთი იეროგლიფი შეიძლება ხუთნაირად წარმოითქვას ან იწერებოდეს.

- იაპონური კულტურა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეულია, თქვენ რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად პირველი ჩასვლისას?

- პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად მომეწონა და მესიამოვნა, სისუფთავეა, ქუჩები დაწკრიალებულია, მთელი დღეც რომ იარო, ფეხსაცმლის დასვრას ვერ მოახერხებ. ავტობუსი იქნება თუ მეტრო, თავის დროზე მოდის, ყველაფერი წამებშია გათვლილი. მაღაზიებში, როგორი დონისაც უნდა იყოს, საოცარი წესრიგია, ყველგან ღიმილით შემოგეგებებიან, ასევე, რესტორნებსა და კაფეებში, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ ცოტა გვიჭირს. კეთილი ხალხი ცხოვრობს. თავიდან რომ ჩამოვედი, ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი, - ვაუ, რა კარგია, რა მაგარია-მეთქი. პირველი სამი-ოთხი თვე სულ ვმოგზაურობდი, დასვენების დღეებს ამისთვის ვიყენებდი. აქაურებს რაც უნდა ჰკითხო, ინგლისური რომც არ იცოდნენ, მაინც ყველა გეხმარება, ბოლომდე მიგყვებიან და აგიხსნიან, რაც გჭირდება, საყვარელი ხალხია, მაგრამ როცა უკვე აქ ცხოვრებას იწყებ, უფრო მეტ რამეს ხედავ. როგორც დავაკვირდი, უცხოელების მიღება მაინც უჭირთ, მათი აქ ჩასახლების მომხრე დიდად არ არიან. სტუმრები უყვართ, მაგრამ ნუ ჩაუსახლდები (იცინის). პრინციპში, ბევრგანაა ასე, მათ შორის, ჩვენთან, საქართველოში.

- დამოკიდებულებაში თუ გამოიხატება ეს?

- ძირითადად, ასაკოვან ხალხს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება. როცა სუპერმარკეტში ან სავაჭრო ობიექტში შევდივარ, შეიძლება რომელიმე მოხუცმა გამიზნულად, კალათი მომარტყას; ველოსიპედით როცა დავდიოდი, ცოტა ასაკოვანი კაცები მომაძახებდნენ ხოლმე, - შენ, უცხოელო დებილოო. ვერაფერს ეტყვი, მისი ქვეყანაა და არ სიამოვნებს. ჩემი საკუთარი ქვეყანა ლანძღავს და აგინებს უცხოელებს და მე რომ აქ რაღაც მითხრან, რა უნდა გამიკვირდეს (იცინის)?! რაც უნდა დიდხანს ვიცხოვრო აქ, მათთვის მაინც სულ უცხო ვიქნები... განაგრძეთ კითხვა