"უვარგისი ძაღლებივით გამოგვყარეს ქუჩაში" - კვირის პალიტრა

"უვარგისი ძაღლებივით გამოგვყარეს ქუჩაში"

გასულ კვირას მთავარი თემა ცეცხლწაკიდებული რუსეთი ნამდვილად აღარ იყო, - საზოგადოების ყურადღება კომპაქტური დასახლების ადგილებიდან დევნილების გამოყრა-დაწიოკებამ მიიპყრო.

ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო შტაბის ღობის ძირას ახლაც ღია ცისქვეშ ათენ-აღამებს სოფელ აჟარისა და ლიახვის ხეობის 2 მკვიდრი. შენობის ფანჯრებიდან ალაგ-ალაგ ქვის იატაკზე დაყრილი ლეიბები და მატრასები მოჩანს, დაცვა შიგ არავის უშვებს. თავდაპირველად, ორი კაციღა რომ დავინახე, გულმა რეჩხი მიყო, ესენი დევნილები როგორ იქნებიან-მეთქი, ჩავილაპარაკე. "არ იქნებიან!" - დამამშვიდა ფოტოგრაფმა. "დევნილები ვართ, დევნილები!" - გამოგვეპასუხა სიცხისაგან თვალებშეშუპებული წითური მამაკაცი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა და ვიღაცას უშვერად ლანძღავდა.

მეორე გახლდათ კოდორიდან დევნილი, სოფელ აჟარის ყოფილი მცხოვრები ვლადიმერ ხარაიშვილი, რომელმაც თავისი გულისტკივილი გაგვანდო: "წასასვლელი აღარსად გვაქვს. არც კი ვიცი, ლტოლვილებიდან ვინ სად შეასახლეს. რადგან არსად წავედი, მცემეს. მე კიდევ არა მიშავს, ამ კაცს (ხელი წითურისკენ გაიშვირა), უფრო მეტი მოხვდა.

არ გვაკმარეს, რაც 2008 წლის აგვისტოში დამცირება და უბედურება გამოვიარეთ, ახლა ამ ბუღსა და მტვერში უნდა ვეგდოთ?! ჩვენ ხომ სახლიც გვქონდა და კარიც. მე აჟარა 2008 წლის 10 აგვისტოს დავტოვე. როცა ხეობიდან გამოვედით, ქართული ჯარი ჯერ კიდევ იქ იყო, მაგრამ პრეზიდენტის ბრძანება შეასრულა და ერთიც არ გაუსვრია. ეგ არის, რომ ჯარი მოსახლეობას დაგვეხმარა და მანქანებითა და სხვა მძიმე ტექნიკით ჩვენი გამოყვანა მოხერხდა.

KvirisPalitra.Geაქ ორი წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ, ამასობაში რაღაც-რაღაც ნივთები შევიძინე, მაცივარიც მქონდა. გამოტანა მინდა, მაგრამ შენობაში შესვლის უფლებას არ მაძლევენ.

მეტი რა გითხრათ, დევნილები დაბერებული და უვარგისი ძაღლებივით გამოგვყარეს ქუჩაში!" წითურმა მხოლოდ თავისი სახელი გვითხრა: "ვახო მქვია, ნაომარი კაცი ვარ, 1992 წლიდან ვიბრძოდი, ჩემს სახლ-კარს ვიცავდი. მარტოხელა ვარ, 2008 წლიდან - დევნილიც. ამათ რაც დამმართეს, ასეთ დღეში აქამდე არ ვყოფილვარ.

გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, მტერს უფრო კაცურად დაველაპარაკებოდი, რამეს შევაგნებინებდი, ვიდრე ამათ, ვინც ახლა შენობიდან გამომაძევეს, კიბეზე წაქცეულს გვერდებში წიხლიც არ დამაკლეს, არ შევარჩენ არავის!" წითური ისე აღელდა, ჩემს ფოტოგრაფსაც გამოენთო.

"ამათ რას ერჩი, ესენი ჟურნალისტები არიან!", - ამშვიდებდა აჟარელი, მაგრამ საწყალს სიცხისაგან და დამცირებისგან ნერვები ჰქონდა დაწყვეტილი. გულდამძიმებულებმა დავტოვეთ იქაურობა.

მოგვიანებით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთიდან დევნილმა ნინო ცინდელიანმა  გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობა დაიწყო(!). აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა მემორიალზე მისი შვილის, აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ  ვიბლიანის გვარია ამოტვიფრული.

ნინო ცინდელიანი: აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ჩემი შვილი, ზურაბ ვიბლიანი ამ ომს შეეწირა. მსახიობი იყო, გოგი ქავთარაძესთან და დიმა ჯაიანთან ერთად მუშაობდა სოხუმის თეატრში. ვეუბნებოდი, - შვილო, ომი შენი საქმე არ არის, ხელოვანი კაცი ხარ-მეთქი...

როგორც ჩანს, გული ცუდს მიგრძნობდა. არ მისმინა, - რას ამბობ, დედა, ჩვენი ქალაქი ხომ უნდა დავიცვაო. პირველად დაიჭრა, შემდეგ გამოკეთდა, მაგრამ ომი ხელმეორედ განახლდა და ისევ გააგრძელა სოხუმის დასაცავად ბრძოლა. სწორედ მაშინ მომიკლეს ჩემი ზურა, 28 წლის ვაჟკაცი. სამწუხაროდ, ცოლ-შვილი არ დარჩა.

17 წელიწადია დევნილობაში ვიმყოფები და მთავრობამ ჩემთვის ერთი ოთახი ვერ გამოიმეტა. ზურას გარდა კიდევ 2 შვილი მყავს და შვილიშვილები. ჯერ დევნილთა და განსახლების სამინისტროში  დავიწყე შიმშილობა, საცხოვრებელს დამპირდნენ, თუმცა მოტყუებული აღმოვჩნდი. ამიტომ ამ მემორიალთან მოვედი, სადაც ჩემი შვილის სახელი და გვარია ამოტვიფრული. იქნებ ამით მაინც მივიქციო მათი ყურადღება, ვინც ასე აბუჩად გვიგდებს და ადამიანებად არ გვთვლის.

ვერ წარმოვიდგენდი, ხელისუფლება თუ ასე გაგვიმეტებდა. არც მე ვიცი, სად იმყოფებიან ამჟამად სხვა დევნილები. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ნივთები ვაშლიჯვრის საწყობში გადაიტანეს. მეუბნებიან, - ზუგდიდიდან 30 კილომეტრის მოშორებით სოფელ ჯვარში ჩასახლდით და იქ იცხოვრეთო, რაც ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ მყავს სტუდენტი შვილიშვილი, რომელიც სოფლიდან თბილისში ვერ ივლის.

მისთვის ქირის გადახდის საშუალება კი ჩვენ არ გვაქვს. შიმშილობას გავაგრძელებ მანამ, ვიდრე ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და თბილისში საცხოვრებელს არ მარგუნებენ.