"კუბაში ნიანგების ფერმები ჰქონდათ, მისი ხორცი მეც მივირთვი" - კვირის პალიტრა

"კუბაში ნიანგების ფერმები ჰქონდათ, მისი ხორცი მეც მივირთვი"

კუბაში საბჭოთა კავშირს ქარხნები ჩაჰქონდა. კუბელს ქარხანაში მუშაობა და დაზგასთან დგომა უნდა?! გართობა, ცეკვა-თამაში ურჩევნია... ამიტომაც ვერ დაინერგა იქ ვერც ერთი ქარხანა. არ არის ეს ხალხი მუშაობისათვის გაჩენილი...

"ჩემმა პროფესიამ საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა, ყინულოვანი ანტარქტიდა და ფერადი კუბა მაჩვენა," - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა, გეოგრაფმა ლაშარ ფულარიანმა. წლების წინ მისგან შევიტყვე, როგორ მუშაობდა საბჭოთა ექსპედიცია ანტარქტიდაზე, ახლა კი სამეცნიერო მივლინებით კუბაში გატარებულ წლებზე ვისაუბრებთ.

- 70-იანი წლების შუა ხანებამდე ყოფილ საბჭოეთში და, ბუნებრივია, არც საქართველოში, გარემოს დამცველი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობდა. ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური გასული საუკუნის მეშვიდე ათწლეულში ჩამოყალიბდა და საქართველოშიც მაშინ დაიწყო ამ სფეროს აღორძინება. 1988 წელს ამ სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გახლდით. მიმაჩნია, რომ კომუნიზმი მახინჯი სისტემა იყო, მაგრამ ქართველი კომუნისტები უფრო აჭარბებდნენ. ამის გამო კონფლიქტი მქონდა და უარი ვთქვი მათთან მუშაობაზე. მოსკოვმა ეს ფაქტი ჩემი კუბაში მივლინებით გაანეიტრალა.

- ოფიციალურად რა იყო თქვენი გამგზავრების მიზეზი?

- მოთხოვნის თანახმად, კუბის მეცნიერებათა აკადემიაში ექსპერტად და ამავე აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლად მიმავლინეს. მე და ჩემი მეუღლე 1988 წლის ზაფხულში გავემგზავრეთ. რომ ჩავფრინდით და ტრაპზე ჩასასვლელად კარი გაიღო, სალონში კუბის ნოტიო და ცხელი ჰაერი შემოვარდა. მაშინვე ვთქვი, ეს სად ჩამოვედით-მეთქი. მოგეხსენებათ, კუბა კუნძულია, გარშემო ოკეანით და მისი გავლენა კლიმატზე ძალიან დიდია - სინოტივე მაღალია.

მართალია, მაქსიმალური ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ აღემატება, მაგრამ სინოტივე დამთრგუნველია და შეგუებას რამდენიმე თვე მოვანდომეთ. კონდიციონერი 1988 წელს რომ ჩავრთეთ, 1992 წელს გამოვრთეYთ, წამოსვლის წინ.

- ზამთარში როგორი ამინდია?

- დაახლოებით ისეთი, თბილისში რომ არის ხოლმე სექტემბრის ბოლოს - ტემპერატურა 18-19 გრადუსამდე ეცემა და კუბელებისთვის ეს ნიშნავს, რომ იყინებიან. რა გასაკვირია - მოსახლეობის უმრავლესობას თოვლი თვალით არ უნახავს.

ქართველებს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ არანაკლებ წარმტაცია მშვენიერი ხალხით დასახლებული კუბის ბუნება. კუბა XV-XVI საუკუნეებში ჩასახლებული ესპანელების, ჩინელებისა და აფროამერიკელების ქვეყანაა. ამ ტერიტორიაზე სეგრეგაცია და დისკრიმინაცია ნაკლებად იგრძნობოდა და ამდენი საუკუნის შემდეგ, ძირითადად, ამ სამი ერის ნაჯვარი სახლობს. ულამაზესი ხალხია, განსაკუთრებით - ქალები. ხასიათითაც რბილი, კაცთმოყვარე, დამთმობები არიან. ადვილად ამყარებენ ურთიერთობას. სათქმელად მაქვს - ისე ვიცხოვრე კუბაში, ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ არ გავუბრაზებივარ არავის.

- მუშაობა გაგიჭირდათ?

- არა. ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სფერო კარგად იყო განვითარებული, მაგრამ მაინც ჩამოუვარდებოდა საბჭოეთს. ოთხ სპეციალისტთან ერთად მოვიარე და შევისწავლე მთელი ქვეყანა. ანგარიშს ორი წელი ვწერდი. მთელი სისტემის ახლებურად დანერგვის ბევრი წესი შევთავაზეთ და უმრავლესობა ჩვენს იქ ყოფნაში დაინერგა კიდეც.

როგორც აშშ-ში, აქაც ქარიშხლები იცის. სამხრეთ ნაწილში შემოიჭრება ხოლმე. წინასწარმეტყველებენ, რა მიმართულებით განვითარდება და შესაბამისი ღონისძიებებისთვის ემზადებიან.

ვცხოვრობდით ვარადეროსთან ახლოს, საკურორტო ზონაში. ჩვენს ინსტიტუტამდე 2 კმ იყო. რომი, ყავა, კუბური სიგარა, საღამოს ცეკვა, გართობა შრომასთან ერთად - ასე გავლიეთ ოYთხი წელიწადი.

მე და ჩემს მეუღლეს დამხმარედ ახალგაზრდა გოგონა გვყავდა. ჩასვლიდან მეორე კვირას გვითხრა, ქმარს ვშორდებიო. შევიცხადეთ. ჩემმა მეუღლემ - რას ჰქვია, შორდები, სამი შვილი გყავსო! ორი-სამი თვის შემდეგ ქორწილში დაგვპატიჟა, ახლა ვთხოვდებიო. ეს ჩვენთვის უჩვეულოა, მაგრამ იქაურებისთვის - არა. თუ წყვილს აღარ უყვარს ერთმანეთი, ერთადაც აღარ ცხოვრობენ. სამაგიეროდ, შვილების აღზრდაზე ყველა ზრუნავს - როგორც ყოფილი ცოლ-ქმარი, ასევე მათი მშობლები, ბიძები, მამიდები... ასე რომ, კუბაში ჩვეულებრივი ამბავია 4-5-ჯერ განათხოვარ-ნაცოლარები. უჩვეულო ის იყო, მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ თუ ქორწინდებოდა ვინმე.

კლიმატის გამო ფანჯრებს მინები არ აქვს, ჟალუზები აქვთ მხოლოდ, რომ სახლში ჩრდილი იყოს. სახლები აშენებულია ისე, რომ ორპირმა ქარმა იმოძრაოს.

- მერე ქურდობა?

- მართალია, ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ საყოველთაო გაკვირვებას იწვევდა, თუ ვინმე რამეს მოიპარავდა. წესიერი და მიმნდობი ხალხია. ამიტომაც მიენდვნენ ფიდელ კასტროს... ცარიელი მაღაზიები, ძველი მანქანები, ღარიბი მოსახლეობა... მაგრამ მაინც სტუმრის მიღებისა და მოლხენის ხასიათზე იყვნენ. ამ ხასიათის გამო კომუნისტური წყობაც დიდხანს შერჩათ. ამერიკელების შეღწევით, ალბათ, შვებას იგრძნობენ.

კუბაში საბჭოთა კავშირს ქარხნები ჩაჰქონდა. კუბელს ქარხანაში მუშაობა და დაზგასთან დგომა უნდა?! გართობა, ცეკვა-თამაში, ბარში დგომა, მოფერება და სტუმრის მიღება-გასტურმება ურჩევნია... ამიტომაც ვერ დაინერგა იქ ვერც ერთი ქარხანა და ფაბრიკა. არ არის ეს ხალხი მუშაობისათვის გაჩენილი. მისდევენ, ძირითადად, მეთევზეობას, შაქრის წარმოებას, ყავისა და თამბაქოს პლანტაციებს უვლიან. ნიანგების ფერმები ჰქონდათ - ტყავს წარმოებაში იყენებდნენ, ხორცს ჭამდნენ. მეც მივირთი.

ერთხელ მივლინებაში კუბის აღმოსავლეთით, კამინგუეიში ვიყავი. ქუჩაში სწრაფი კვების ობიექტთან შევჩერდი წასახემსებლად. გამყიდველმა ხორცის ნაჭერი ამოიღო და პურში გამიხვია. მივირთი, მშვენიერი გემო ჰქონდა. როგორიაო? კარგი-მეთქი. თურმე გველი ყოფილა.

არაჩვეულებრივი ანსაბლი "ტროპიკანა" ახლაც არსებობს. შუა ტყეში ამფითეატრია, იქ გამოდიან. მოგეხსენებათ, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირი ინახავდა მთელ კუბას და პატივისცემის ნიშნად პირველ რიგში, საპატიო ადგილას განლაგებულ მაგიდებთან გვსხამდნენ. შუა წარმოდგენისას არტისტები მოდიოდნენ და საცეკვაოდ გაჰყავდათ მაყურებლები, მაგრამ რუსთან მაინც არავინ მიდიოდა.

- რატომ?

- თავისუფლებისმოყვარე ხალხია, კომუნისტური დავალებებით და გეგმებით ცხოვრებას ვერ იტანდნენ.

- იქნებ ისიც აღიზიანებდათ, საბჭოთა დელეგაციებს ყველგან უშიშროების თანამშრომლები რომ დაჰყვებოდნენ?...

- ვერ გეტყვით. ჩვენ იქ იმ პერიოდში ჩავედით, როცა საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა და მალე განუტევა კიდეც - 1992 წელს, როცა კუბიდან წამოვედით, უკვე დაშლილი იყო...

კუბაში დილა შესანიშნავი ყავით იწყება. ამ მცენარეს მთიანი და ტყიანი ადგილი უყვარს, ამიტომაც კუბაში ყავის საუცხოო მოსავალს იღებენ.

სიერა მაესტრას მთებში ხარისხიანი ყავა მოჰყავთ, რომელიც, კონტრაქტის საფუძველზე, უკვე საუკუნეზე მეტია, საფრანგეთში გააქვთ. ამიტომ ბევრმა კუბელმა, შესაძლოა, ისე გალიოს ცხოვრება, სიერა მაესტრაზე მოწეული ყავა ვერ გასინჯოს... მიირთმევენ შაქრის ლერწმისგან დამზადებულ კუბურ რომსაც - ეს მაღალი ხარისხის სასმელია.

ულამაზესი თუთიყუშები ჰყავთ. ერთი თბილისშიც ჩამოვიყვანე. 18 წელი იცხოვრა ჩვენთან. ჩიკა ერქვა. ჩემამდე რუსი პატრონი ჰყავდა, ამიტომ რუსულად ლაპარაკობდა. ამბობდა: "ჩიკა ხაროშაია დევოჩკა." მწვანე ფერის კუბური ამაზონი იყო, ლამაზი და ჭკვიანი. ეს სახეობა განთქმულია.

- ნიანგის გარდა კიდევ რას მიირთმევდნენ?

- ნიანგის ხორცს ბოსტნეულში შუშავდნენ. უპირატესობას ანიჭებდნენ ღორის ხორცს. შაშხის მრავალი სახეობა ჰქონდათ. მათი ძირითადი საჭმელი, თევზის გარდა, ბრინჯი და ლობიოა. ერთხელ ჩემმა მეუღლემ კუბელებს ჩვენებურად მომზადებული ლობიო გაასინჯა. გაგიჟდნენ, ეს რა საჭმელიაო... ხილს მიაქვს იქაური ბაზრები. ბანანის ხე ჩვენც გვქონდა ეზოში. ბოსტნეულიც ბევრი აქვთ, მაგრამ მოსახლეობა მაინც ღარიბია. არის ელიტური ფენებიც, რომლებსაც მაშინ, ძირითადად, სამხედრო პირები და მათი ოჯახები მიეკუთვნებოდნენ.

საოცარი ზოოპარკი აქვთ. იქ აღმოვაჩინე, რომ ჟირაფი არც ისეთი უწყინარი ცხოველია. ლამის ხელი მომაჭამა.

კუბაში ყოფნისას ვნახე მფრინავი თევზებიც...

- როგორები არიან?

- გემით რომ მიდიხარ, მოგვყვებიან... სხვა თევზებთან შედარებით, გრძელი ფარფლები აქვთ. რომ შემოჰკრავენ ერთმანეთს, წყლიდან ამოდიან და 7-10 მეტრზე ფრენით მოგყვებიან, მერე ისევ წყალს უბრუნდებიან...

- ყველაზე ხშირად რას გეკითხებოდნენ კუბელები?

- ინტერესდებოდნენ, თუ რუსები არა, მაშ, ვინ ვიყავით და როგორი იყო საქართველო...

მოკლედ, საოცარი ქვეყნიდან დავბუნდით 1992 წლის თბილისში და დაგვხვდა გამურული კორპუსები, უშუქობა, უგაზობა, უსახსრობა... კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიული არჩევანით - საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა, ყინულოვანი ანტარქტიდა და ფერადი კუბა მაჩვენა. უკვე 84 წლის ვარ, მაგრამ დღესაც სპეციალობით ვმუშაობ.

"ვივა კუბა" და "ვავა ცხაკაია"...

ფიდელ კასტროსა და ნიკიტა ხრუშჩოვს შორის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა კუბა კომუნისტური ქვეყანა გახდა და საბჭოთა კავშირთან მჭიდრო კონტაქტი დაამყარა. 1963 წელს, აპრილის მიწურულს, კუბის რევოლუციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ნიკიტა ხრუშჩოვის, მოწვევით საბჭოთა კავშირს 40 დღით ესტუმრა. 28 მაისს ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო აფხაზეთში ჩავიდნენ. მათთან ერთად იყვნენ სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი მარშალი როდიონ მალენკოვი, საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა. საპატიო სტუმრებისთვის პურმარილი აფხაზი უხუცესის ოჯახში გაშლილა. შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო თბილისში ჩამოვიდნენ. კუბის პრემიერ-მინისტრმა ვაკეში, საბურთალოზე და დიღომში თბილისის ახალმშენებლობები დაათვალიერა, შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. კასტროს ჩამოსვლა დღესაც ბევრს ახსოვს და ბუნებრივია, ახსოვთ იმდროინდელი ჭორ-მართალიც. თურმე, კასტროს ერთი ტელეწამყვანი მოსწონებია და კუბაში გამგზავრება შეუთავაზებია... იმასაც ამბობენ, რომ ფუნიკულიორზე გამართულ სამთავრობო ვახშამზე ფიდელ კასტროს სტალინის სადღეგრძელოს დალევა განუზრახავს, რაშიც ხრუშჩოვს მხარი არ აუბამს, სტუმარს კი პროტესტის ნიშნად სუფრა მიუტოვებია... თბილისის მერე კასტრო სენაკში, მაშინდელ ცხაკაიაში ჩაუყვანიათ. მეგრული კერძებით მოხიბლულს, შებოლილი სულგუნი განსაკუთრებით მოსწონებია. ის კი არა, მისი მომზადების ტექნოლოგიითაც დაინტერესებულა. გამგზავრებისას კასტროსთვის შებოლილი სულგუნით სავსე მანქანები დაძრულა თბილისის აეროპორტისკენ. ამისთვის ჩინოვნიკები დაუგზავნიათ სოფლებში - ზოგმა ნებით ჩააბარა სულგუნი, ზოგიც აიძულეს... მეორე დღეს ქალაქის ცენტრში "ვივა კუბას" ძახილით ემშვიდობებოდა ფიდელ კასტრო ცხაკაიის რაიკომის წინ შეკრებილთ. ამაზე ერთ კოლმეურნეს სიმწრით ამოუთქვამს, "ვივა კუბა" და "ვავა ცხაკაიაო".

ეკა სალაღაია