წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა - გილოცავთ მარიამობას!
28-08-2018
წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა - გილოცავთ მარიამობას!
მოულოდნელად განიღო სახლის ჭერი. ოთახი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა - თავად უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ანგელოზთა დასებით გარშემორტყმული თავისი ყოვლადწმინდა დედის წინაშე. წმინდა ქალწულმა სარეცლიდან წამოიწია, თაყვანისცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: "მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ, ჩემგან შეყვარებულო, და დაიმკვიდრე მარადიული ცხოვრება". გაამხნევა და ანუგეშა უფალმა მარადის ქალწული, შემდეგ კი "ყოვლადუბიწო სული მშობლისა თვისისა მკლავთა ზედა მიირქუა და ამაღლდა ზეცად"

28 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო დედა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს
სრულდება მარიამობის მარხვაც.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ სოფლიდან გასვლას მიძინება ეწოდა. ეს უდიდესი მოვლენა წმინდა ეკლესიამ დღესასწაულად აქცია, რადგან, როგორც წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძა­ნებს:

"მიძინებით ანუ წუთისოფლიდან გასვლით არათუ მოაკლდა რაიმე მახლობელთა მისთა და სოფელსა ყოველსა, არამედ შეეძინა დიდი რამ. რანაირად? ესრეთ, რომელ
ყოვლადწმიდამან ღვთისმშობელმან, ვითარცა თქმულ-არს საღმრთოსა გალობასა შინა დღევანდელისა დღისასა, შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა. სოფელსა ამას შინა ცხოვრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო ესოდენ მშვიდ და დაფარულ, რომელ მას ხედვიდნენ არა მრავალნი პირნი, არამედ მხოლოდ რამდენიმე მახლობელნი მისნი მიიღებდნენ მისგან გამოუთქმელსა ნუგეშსა, დიდსა და სულიერსა სარგებლობასა; გარნა ოდესაც იგი გარდავიდა ამა სოფლითგან და შევიდა დიდებასა შინა ძისა თვისისა და ღვთისა ჩვენისა, მაშინ იგი შეიქმნა მთელისა ქვეყნისათვის წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა. აჰა მიზეზი, რომლისათვისცა ყოველნი კაცნი სიხარულითა და დღესასწაულობითა იხსენებენ დღესა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მიძინებისასა".

წმინდა ეკლესია ღაღადებს, რომ ღვთისმშობელი, მარადქალწული მარიამი უმაღლესია ყველა ქმნილ გონიერ არსებათა შორის. იგი შეუდარებლად აღემატება თვით უმაღლეს ანგელოზებს - ქერუბუმებსა და სერაფიმებს, ყველა წმინდა ადამიანს. ღვთისმშობელი ყველა მიწიერი და ზეციური ქმნი­ლების დედოფალია. სახელიც მისი - მარიამი, რომელიც ღვთის ბრძანებით მიეცა, ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს. "ქალწული, რომელმაც შვა ხორცშესხმული ღმერთი, რომელიც ღმერთის დედა გახდა, უკვე თავისთავად იქცა ქალბატონად, დედოფლად და მფლობელად ყველა მიწიერი და ზეციური ქმნილებისა", - ბრძანებს ერთ-ერთი მამა.

რატომ ეწოდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლას მიძინება


რადგან წუთისოფლიდან გასვლის შესახებ ღვთისმშობლისთვის ცნობილი იყო, წმინდა ქალწული თვითონ ითხოვდა ამ ქვეყნიდან გასვლას და ანგელოზისგან ეუწყა, რომ მისი წუთისოფლიდან გასვლის ჟამი დადგა. ფაქტობრივად, ანგელოზმა ახარა წმინდა ქალწულს ამის შესახებ და ღვთისმშობელი მომზადებული გავიდა ამ ქვეყნიდან. ამიტომაც ეწოდა ამ მდგომარეობას მიძინება და არა გარდაცვალება.

გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთის­ მშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს მიიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში. როგორც ვთქვით, თავისი ნეტარი მიძინების შესახებ წინასწარ, სამი დღით ადრე, ეუწყა ანგელოზისგან. ამ უწყებამ სიხარულით აღავსო დედა ღვთისა. უფალს შესთხოვა, მიცვალებამდე კიდევ ერთხელ ეხილა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად წასული მოციქულები, რათა გამოსთხოვებოდა მათ. შემდეგ მიძინებისთვის მზადებას შეუდგა. ამის შესახებ პირველ ყოვლისა, იოანე ღვთისმეტყველს ამცნო, თან განკარგულებები გასცა. იოანემ იაკობ მოციქული, მართალი იოსების ძე, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, მოინახულა და ყოველივე აუწყა. მისგან მორწმუნეებმაც შეიტყვეს ყოვლადწმინდა ქალწულის წუთისოფლიდან გასვლის ჟამის დადგომის შესახებ.

სიონის მთაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მწუხარებდნენ წმინდა ქალწულთან განშორების გამო. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა მათ, ყოველთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა მათი, ვინც მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს მიმართავდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.

როდესაც ღვთისმშობელი თავის სურვილებს იოანე და იაკობ მოციქულებს გადასცემდა, მოულოდნელად ძლიერი ხმაური გაისმა. იოანე ღვთისმეტყველის სახლთან შეკრებილმა ადამიანებმა იხილეს, რომ სახლს ნათელი ღრუბელი შემოერტყა. უფალმა აღასრულა თავისი ყოვლადწმინდა დედის სურვილი: სულიწმინდის მადლით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მყოფი მოციქულები სასწაულებრივად აღიტაცა ღრუბელმა და ყველანი სიონის მთაზე აღმოჩნდნენ, თომას გარდა. უფალმა ამ დროს უკვე აღსრულებული მოციქულებიც კი აღადგინა. მიძინების წინ წმინდა ქალწულს გარს ერტყა მოციქულთა სიმრავლე - ათორმეტთა გარდა იქ სამოცდაათთაგანნიც იმყოფებოდნენ. როდესაც ღვთისმშობლისგან შეკრების მიზეზი შეიტყვეს, მწუხარებას მიეცნენ მასთან ხორციელი განშორების გამო. წმინდა ქალწულმა გაამხნევა და ანუგეშა მოციქულები, თავისი ძის წინაშე მარადიული შუამდგომლობა აღუთქვა.
როდესაც მოიწია ჟამი ღვთისმშობლის მიძინებისა, მის სარეცელს გარშემორტყმულ მოციქულებს, რომლებიც ლოცვითა და გალობით ადიდებდნენ უფალს, ესმათ ბრძანება ღვთისა, რომ ჯეროვანი პატივი მიეგო ღვთის დედის მიცვალებისთვის. თავად ღვთისმშობელს კი ესმა ხმა ძისა, რომ ნუ შეძრწუნდებოდა, რამეთუ ყოველი დაბადებული მისი სიწმინდის თაყვანისმცემელი იყო. წმინდა ქალწულმა თავის ძეს ყოველი დაბადებული შეავედრა. შემდეგ ზიარება მიიღო იაკობ მოციქულისგან... მოულოდნელად განიღო სახლის ჭერი. ოთახი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა - თავად უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ანგელოზთა დასებით გარშემორტყმული თავისი ყოვლადწმინდა დედის წინაშე. წმინდა ქალწულმა სარეცლიდან წამოიწია, თაყვანისცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: "მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ, ჩემგან შეყვარებულო, და დაიმკვიდრე მარადიული ცხოვრება". გაამხნევა და ანუგეშა უფალმა მარადის ქალწული, შემდეგ კი "ყოვლადუბიწო სული მშობლისა თვისისა მკლავთა ზედა მიირქუა და ამაღლდა ზეცად". როდესაც ღვთისმშობელმა სული თვისი ძის ხელს გადასცა, გაისმა ანგელოზთა გალობა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".

მოციქულები ღირსნი შეიქმნენ ღვთ­ისმშობლის სულის ზეცად აღსვლის ხილვისა. ერთხანს გაოცებულები შესცქეროდნენ ზეცას. როდესაც გამოერკვნენ, გალობით განადიდეს წმინდა ქალწული და ზეციდან ესმათ ხმა ღვთისმშობლისა, რომელიც მიმართავდა თავის ძესა და უფალს: "შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ..."
ღვთისმშობლის ანდერძის თანახმად, მოციქულებმა მისი წმინდა სხეული გეთსემანიის ბაღში დაკრძალეს, ანთებული ლამპრებითა და ფსალმუნთა გალობით მიასვენებდნენ გეთსემანიისკენ უხრწნელ ნეშტს. მისი დაკრძალვის დროს მრავალი სასწაული აღესრულა.

სამი დღე-ღამის განმავლობაში ღვთისმშობლის დაკრძალვის ადგილიდან ანგელოზთა განუწყვეტელი გალობა ისმოდა. მესამე დღეს გეთსემანიაში მოვიდა თომა მოციქული, მწუხარებდა, რომ მოაკლდა ბედნიერება ღვთის დედის ნეტარი მიძინების ხილვისა. გოდებით მიეახლა აკლდამას. მოციქულებმა გადაწყვიტეს, სამარხი გაეხსნათ, რათა თომას ღვთისმშობლის წმინდა სხეულის ხილვის საშუალება მისცემოდა. როდესაც სამარხი გახსნეს, იქ მხოლოდ ღვთისმშობლის შესამოსელი იხილეს. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. თომას შეყოვნება ღვთის განგებით მოხდა, რათა ღვთისმშობლის აღდგომის, სხეულით ზეცად ამაღლების შესახებ განცხადებულიყო. მოგვიანებით მოციქულებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ ანგელოზთა თანხლებით, გაამხნევა ისინი და აღუთქვა, რომ ყოველთვის მათთან იქნებოდა შემწედ და მფარველად.

რაზე მიანიშნებს სასწაულმოქმედი ხატების სიმრავლე


სასწაულმოქმედი ხატებისა და ღვთის­მშობლის სახელთან დაკავშირებული­ სასწაულების სიმრავლე იმაზე მიანიშნებს, რომ დედა ღვთისა განსაკუთრებული მეოხი და მფარველია მთელი კაცობრიობისა. ვთქვით კიდეც, რომ ღვთისმშობლის ადამიანებისადმი განსაკუთრებული მეოხება და მფარველობა ვლინდება აურაცხელი სასწაულით, რომლებიც ყველგან, მთელ დედამიწაზე აღესრულება ყოვლადწმინდა ქალწულის მიერ. (მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით)

მოამზადა მანანა ჯანელიძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით