"ყველას პოლონელი ან იუგოსლავიელი ვეგონე, მე კი დამარცვლით ვეუბნებოდი, "ია გრუზინ" - კვირის პალიტრა

"ყველას პოლონელი ან იუგოსლავიელი ვეგონე, მე კი დამარცვლით ვეუბნებოდი, "ია გრუზინ"

"ალა პუგაჩოვა კვირაში რამდენიმე დღეს ჩვენთან მღეროდა"

"ჩემი "ბენტლით" ქუჩაში გამოსვლა მეუხერხულება"

მასპინძელი გემოვნებით მოწყობილ დარბაზში შემიძღვა. აქედან ძველი თბილისის საოცარი ხედი იშლება, მეტეხიც ისე ახლოსაა, გგონია, ხელით შეეხები. "აქ ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის შექმნილი, კედლის ფერი და  შპალერის ორნამენტიც კი ჩემი არჩეულია", - მეუბნება თორნიკე კოპალეიშვილი, სასტუმრო "კოპალას" პატრონი, რომელიც 35 წელია მოსკოვში ცხოვრობს.

წარმატებული ბიზნესმენია, თუმც ამბობს, აბა, მე რა ბიზნესმენი ვარ, ხეირიანად ანგარიშიც არ ვიციო. სანამ მოსკოვში წავიდოდა, პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, პედაგოგობაზე ოცნებობდა, მერე უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, უშტატო კორესპონდენტიც იყო... მაგრამ მიხვდა, ამ საქმით ოჯახს ვერ არჩენდა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ბატონ თორნიკეს ვთხოვ ყველაფრის მოყოლა თავიდან, ანუ ბავშვობიდან დაიწყოს:

ობლის ხვედრი

- და-ძმა არა მყავს. მამა სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში მეურნეობის დირექტორი იყო. თურმე  ერთხელ ჯარში აცილებდა წვევამდელებს და ვიღაცას წამოუყვედრებია, შენ სამხედრო სამსახურში არ გაგიწვევენო (თანამდებობიდან გამომდინარე, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა). მამას ეს შეურაცხყოფად მიუღია. მეორე დილით ამდგარა, დედას და მე დაგვმშვიდობებია და ჯარში წასულა. ეს ომამდე, 1941 წლის თებერვალში მოხდა, მაშინ 1 წლის ვიყავი. გავიდა 5 თვე და ომი დაიწყო.

რამდენიმე თვეში ოჯახმა ცნობა მიიღო, რომ მამა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დედა, კაკაბაძის ქალი, სიცოცხლის ბოლომდე ელოდა მამას და სჯეროდა, რომ ოდესმე ნახავდა.

მამის საფლავის შესახებ 5 წლის წინ გავიგე. ჩემთან ერთი რუსი გენერალი მოვიდა, მამათქვენის საფლავის მოძებნა გნდომებიათ და მოგიძებნით, მაგრამ ეს სოლიდური თანხა დაგიჯდებათო. რაღაცით ფულის გაკეთება გამიგია, მაგრამ იმით, რომ შვილს უთხრა, მამამისი სად არის დასაფლავებული?! ფული გადავიხადე და მამის ამბავიც გავიგე. უკრაინაში, ქ. პერვომაისკში ძმათა სასაფლაოზეა დამარხული. მამა და მისი თანამებრძოლები 1941 წლის 3 აგვისტოს ჩახოცეს ხიდის დაცვისას.

დედა, სოფიო კაკაბაძე, დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო, 45 წელი ასწავლიდა სკოლაში. მე დედის კალთას ამოფარებული ვიზრდებოდი და სულ მამის ქება მესმოდა, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მაინც ავქსენტი (მამა) გჯობდაო.

უმამოდ გაზრდილს სათამაშო არ მღირსებია. ერთხელ დეიდაშვილმა საქანაო ცხენი ჩამომიტანა თბილისიდან. სოფელში გაზრდილმა სათამაშოსი რა ვიცოდი? მხოლოდ იმას ვხედავდი, ხბოს რომ დაკლავდნენ, გამოკიდებდნენ და  პატრონი იწერდა, ვინ რამდენი კილო ხორცი წაიღო ნისიად. თანასოფლელმა ბავშვებმა საქანაო ცხენი "დამაკვლევინეს"... და  ჩემი ერთადერთი სათამაშო გასაყიდად გამოვკიდეთ...

მე-8 კლასამდე სამტრედიაში ვსწავლობდი, მერე თბილისში გადმოვედით.

ოქროს ხანა

პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი კლასების პედაგოგიკაზე ჩავაბარე. პრაქტიკა სკოლაში გვქონდა. ძალიან მომეწონა ბავშვებთან ურთიერთობა. ვიფიქრე, ეს არის ის, რასაც ვეძებდი-მეთქი, მაგრამ უნივერსიტეტთან რომ გავივლიდი, შურით ვუყურებდი იქიდან გამოსულ სტუდენტებს, ძალიან მინდოდა იქ მესწავლა. ვაიუბედურებით ჩავაბარე განსხვავებული საგნები და დავიწყე უნივერსიტეტში სწავლა.

გურამ დოჩანაშვილი, ვოვა სიხარულიძე და ზვიად გამსახურდია უკვე ამთავრებდნენ უნივერსიტეტს, მათთან ვმეგობრობდი. ჩვენს ჯგუფში ახალგაზრდა პედაგოგები: ვახუშტი კოტეტიშვილი, ჯონდო მეტრეველი, გივი ნებიერიძე, რეზო სირაძე, გრივერ ფარულავა შემოდიოდნენ. რაკი ნაგვიანები სტუდენტი ვიყავი, ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ იყო და ყველას დავუმეგობრდი. სწავლით არ გამოვირჩეოდი, მახსოვს, პირველი ხუთიანი რეზი თვარაძემ დამიწერა.

ტიციანის შემოქმედება შემხვდა და ზეპირად ვუთხარი ტიციან ტაბიძის ესენინისადმი მიძღვნილი ლექსი.  ამ ხალხთან ურთიერთობით ბევრი რამ შევიძინე, სიკეთეს ვეზიარე. ერთ დღეს ლექსო ჭინჭარაული, ვახუშტი კოტეტიშვილი, რეზო სირაძე, გრივერ ფარულავა, ზაალ ჟვანია, იურა ჯაფარიძე და მე ჩვენს მეგობარ გივი შეყილაძეს ვესტუმრეთ საჩხერეში. სოფლიდან წამოსულებს საგზალი გამოგვატანეს, მოგშივდებათო. გზაზე ერთი წისქვილი ვნახეთ.

ასე დატვირთულებმა  როდემდე ვიაროთ, მოდი, წისქვილში შევიდეთ-მეთქი. მოეწონათ იდეა. მეწისქვილე პავლიას ძალიან გაუხარდა ჩვენი მისვლა. თურმე იქვე ახლოს ცხოვრობდა, მეუღლეს ხაჭაპური და მჭადები დააცხობინა, ჩვენი საგზალიც ამოვალაგეთ და მთელი დღე წისქვილში დავრჩით.  ასეთი სასიამოვნო მოგონებები მრავლად მაქვს.

ამ ადამიანებთან  ურთიერთობის პერიოდი ჩემთვის ოქროს ხანა იყო. ყველანაირ ბიზნესს, ფულს ის პერიოდი გადაწონის. სამწუხაროდ, ამ ოქროს ხანამ რაღაც 5 წელი გასტანა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გაზეთ "ლელოში" დავიწყე მუშაობა და მახსოვს, პირველი წერილის მომზადებაზე ძალიან გავწვალდი, ერთ წერილს თვე დავახარჯე და 23 მანეთი გამომიწერეს. რედაქციიდან ვერის ბაზარში წავედით, იმ ფულით არაყი ვიყიდეთ და იქვე დავლიეთ.

ეს იყო სულ ჩემი ჟურნალისტობა, ამიტომ ისევ უნივერსიტეტს დავუბრუნდი. ერთ მშვენიერ დღეს განათლების სამინისტროდან მოვიდა წერილი, - უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დარგის ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები უნდა შექმნილიყო.

ეს საქმე მომანდვეს და ასე გავხდი უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დირექტორი. ჩვენთან მოწვეული პედაგოგები მუშაობდნენ, ზოგი ვაჭრობის მინისტრის მოადგილე იყო, ზოგიც - მშენებლობის. ერთმა მინისტრის მოადგილემ თქვა, მოსკოვში ისეთ ობიექტს ვაშენებთ, ის იქნება, რაც იქნებაო. სინამდვილეში თურმე რესტორანი შენდებოდა.

ბედის საძიებლად მოსკოვში წასვლაზე დიდი კონკურსი იყო, მაგრამ მე უარი ვერ მითხრეს და 1975 წელს გავემგზავრე. მეგონა, ცოტა ხანში ფეხზე დავდგებოდი და დავბრუნდებოდი. მაშინ არ ვიცოდი, მოსკოვმა რა ჩათრევა იცოდა. ქართველებმა, როგორც გვჩვევია, თავი გამოვიდეთ და მინსკის შოსეს 45-ე კილომეტრზე გავხსენით რესტორანი. პირველ დღეს კოსიგინის მოადგილე მოვიდა.

მალე იქ სიტუაცია აღარ მომეწონა და ოდინცოვოში გავხსენი რესტორანი "არლეკინო", რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც პირველი არალეგალური, იატაკქვეშა რესტორანი. ალა პუგაჩოვა კვირაში რამდენიმე დღეს ჩვენთან მღეროდა. "არლეკინოში" ისეთი ღამის ქეიფები და "გულიანკები" იმართებოდა, სხვა საბჭოთა რესტორნებში ვერ ნახავდით. რესტორანმა მხოლოდ 4 თვე იარსება. ერთ დღეს კა-გე-ბეში დამიბარეს, გუშინ ცედენბალის (მონღოლეთის პირველი პირი, ბრეჟნევის მეგობარი) შვილი დავიჭირეთ და თქვა, თორნიკემ დამპატიჟა თავის რესტორანშიო.

ცედენბალის შვილის მანქანას დიპლომატიური ნომრები ჰქონდა, დიპლომატებს კი ოდინცოვოში შესვლის უფლება არ ჰქონდათ, რადგან  სამხედრო ქალაქი იყო. მითხრეს, თუ გინდა უსიამოვნება არ შეგვხდეს, რესტორანი დახურეო. ქუჩაში დავრჩი, მაგრამ მალევე "რაიპიშჩეტორგში", იქიდან კი ზურაბ წერეთლის მხარდაჭერით მხატვართა კავშირში შემავალი საზკვების ობიექტების დირექტორად დამნიშნეს. მევალებოდა მხატვართა კავშირის საგამოფენო ქსელთან არსებული რესტორნების, ბუფეტებისა და ბარების ზედამხედველობა.

ერთ-ერთ ცნობილ საგამოფენო დარბაზს "კუზნეცკი მოსტს" სამზარეულო ჰქონდა და იქ ხაჭაპურის საცხობი გავაკეთე. სახაჭაპურემ კარგი მოგება მოიტანა. მალე პოპულარული გავხდი, ყველას თორნიკე ეკერა პირზე. მოსკოვის მხატვართა სახლში 5 წელი ვიმუშავე და უცებ კერძო საკუთრება გამოცხადდა. ყოველთვის მინდოდა, საკუთარი რესტორანი და საგამოფენო დარბაზი მქონოდა, სადაც ჩემი გემოვნებით დავკიდებდი ტილოებს.

მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის აღმასკომის თავმჯდომარესთან მივედი, ადგილი მომეცი და კარგ რამეს გავაკეთებ-მეთქი. ამოირჩიე, სადაც გინდაო. ავარჩიე და გავხსენი რესტორანი, "ფიროსმანთან" ("უ პიროსმანა"). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ "ფიროსმანთან" რიგით მეორე კოოპერატიული რესტორანი იყო მოსკოვში. ამაში ორდენიც კი მომცეს.

მოკლედ, გავრისკე და გამიმართლა. ხალხს ჰგონია, ქვისაგან ფულს ვადენ, მაგრამ სინამდვილეში დრო დავიჭირე, როდესაც უნდა გამერისკა. ერთ რესტორანს მეორე მოჰყვა, რომელსაც "რიცარსკი კლუბი" დავარქვი. რესტორანი "ვარაბიოვიე გორიზეც" გავხსენი, თბილისის ფუნიკულიორის მსგავს ადგილზე. ის ახლახან გავყიდე და იმ ფულით წყნეთში დასასვენებელი კომპლექსი გავაკეთე.

ყოველთვის ცალი ფეხით საქართველოში ვიყავი და მეორე ფეხით - რუსეთში. ახალ ცხოვრებას ბოლომდე ვერ გავუგე და ვერც გავუგებ. 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში წავედი და სულ ვფიქრობდი, თუ ჩემს ქვეყანას სარგებლობას არ მოვუტანდი, თავი მაინც არ მომეჭრა. რატომღაც ყველას პოლონელი ან იუგოსლავიელი ვეგონე, მე კი დამარცვლით ვეუბნებოდი, "ია გრუზინ".

ვოცნებობდი, თუ რაიმე დიდს გავაკეთებდი ("კოპალა" იქნება თუ სხვა რამ), ჩემს სამშობლოში გამეკეთებინა. ახლაც მაქვს იდეები, მაგრამ იმდენი შესაძლებლობა არა. არა ვარ ისეთი, ფულის საშოვნელად პრინციპებს ვუღალატო.

არ შეიძლება, კაცი ინტელიგენტიც იყო, წესიერიც და ფულიც ბევრი გქონდეს.

მე წლების განმავლობაში ვაგროვებდი ფულს, რომ აქ ამეშენებინა რამე. თბილისში "კოპალა" რომ ავაშენე, დავიცალე, აღარაფერი დამრჩა. თუმც მოსკოვში კარგი ბინა და კარგი მანქანა ("ბენტლი", ნამდვილი ხელით გაკეთებული. ეს მანქანა ვალში მომიყვანეს) მყავს, რომლით ქუჩაში გამოსვლაც მეუხერხულება.

ზოგჯერ დავჯდები საჭესთან და სიამოვნებას ვერ ვიღებ, რადგან სულითა და გულით სოციალისტი ვარ. მინდა, ყველას ჰქონდეს. ჩემგან კაცმა მაგალითი რომ აიღოს, თუ როგორი უნდა იყოს ბიზნესმენი, არ გამოადგება.

დაბრუნება

თბილისში პირველად  ფორაქიშვილების დარბაზი აღვადგინე.

- მახსოვს, ზურა ჟვანიას უყვარდა ფორაქიშვილების დარბაზში მოსვლა. მეგობრობდით?

- არც ერთ თანამდებობის პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელთან არ ვყოფილვარ ახლოს არც საბჭოთა წყობილების დროს და არც ახლა.

- მსმენია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ძალიან უყვარს "კოპალაში" ყოფნა.

- პრეზიდენტს მართლაც ძალიან უყვარს "კოპალა". პატივისცემით არის ჩემდამი გამსჭვალული, ისევე როგორც მე - მისდამი.

- რუსეთთან გართულებული ურთიერთობა როგორ მოგწონთ?

- რუსს თუ არ შეეპუები, დათმობაზე მოდის, ხოლო თუ აგრძნობინებ, რომ ის უფროსია და შენ ქვეშევრდომი, გადაგივლის. რუსებთან ურთიერთობა ახლა კი არა, მაშინ გაფუჭდა, როდესაც სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა და მეფისნაცვალი დაგვისვა, როდესაც ქართული ფრესკები გადაღებეს...

ჩვენ ჭყინტი, ახალი ქვეყანა ვართ და როგორც ახალფეხადგმული ბავშვი, ისე ვბარბაცებთ. პრეზიდენტი რომ  ამბობს,  მაგრები ვართო, ასეც არ არის. მადლობა ღმერთს, მშვიდად მძინავს ამ ქვეყანაში და მჯერა, საქართველო უსათუოდ აყვავდება.

- ოპოზიციის რუსეთში ვიზიტებზე რას ფიქრობთ?

- რუსეთს მიზნად საქართველოს აღმავლობის დამუხრუჭება ჰქონდა და ამიტომაც დაიწყო ომი. ძალიან ბევრი ფული ჩადო რუსეთმა ოპოზიციაში. საგანგებო შტაბი შექმნეს, რომელსაც მხარში ედგნენ მოსკოვის მერი ლუჟკოვი, პრეზიდენტი და პრემიერი. ძალიან დიდი თანხები ჩაიდო იმაში, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვლილიყო.

ოპოზიცია რუსულ ფულს ხელს ვერ ჰკიდებს, რადგან ქართული დაზვერვა კარგად მუშაობს და ფული თუ აიღეს, იციან, უსათუოდ გახმაურდება.

სევდა

4 ქალიშვილი და 4 შვილიშვილი მყავს.   საქართველოში ჩემი არც ერთი შვილი არ ცხოვრობს. ერთი ქალიშვილი - მარი, ფრანგისაგან მყავს, მეორე - რუსისგან. ჩემი მეუღლე იყო (და დღემდე რჩება) ქართველი ქალი - ლია ქვრივიშვილი, რომელიც 1982 წელს მოსკოვში მომიკლეს.

მძარცველები დაესხნენ თავს, ჩემმა მეუღლემ საყურე არ მისცა და დაახრჩვეს. მაშინ ორი მცირეწლოვანი ბავშვით მარტო დავრჩი.

მოსკოვში ახლა მარტო ვცხოვრობ. ბოლო დროს მიჭირს იქ ყოფნა. ყველაზე უკეთ საქართველოში ვგრძნობ თავს. მაგრამ აქაც შემომეფანტნენ ძველი მეგობრები. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, სანამ  "ჩუბჩიკა", თენგიზ მირზაშვილი ცოცხალი იყო. მოსვლას ვერ დაასწრებდი. ერთად ვფიქრობდით, ვაზროვნებდით, მაშინ ვცოცხლდებოდი თითქოს. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ლორთქია. ისიც აღარ არის. ძმაკაცები შემომეცალნენ და მიჭირს მათ გარეშე.

გული მიკვდება, რომ ჩემი ყველა  მეგობარი გაჭირვებულია. ზოგმა ფული წაიღო და რადგან ვერ მიბრუნებს, იკარგება. მინდა ვუთხრა, მაგისთვის ნუ დამკარგავ, ეს მითქვამს კიდეც, მაგრამ აღარ გამოდის მერე ურთიერთობა. ეს ძალიან მთრგუნავს.

ცუდზე რომ არ ვიფიქრო, რაღაც  პროექტებზე ვმუშაობ. ვფიქრობ, ჩემში კარგი არქიტექტორი ჩაკვდა. ახლობლებს ამას რომ ვეუბნები, მპასუხობენ, რა ჩაკვდა, ათასი რამ ააშენეო. შესაძლოა, ჩემი აშენებული შედევრი არ არის, მაგრამ ყველაფერს გულით ვაკეთებ. ჩემს გულისნადებს ვასხამ ხორცს და ამიტომაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის.