"მძღოლი და ქვეითი განსხვავებულად აზროვნებენ"
27-08-2018
"მძღოლი და ქვეითი განსხვავებულად აზროვნებენ"
წლის განმავლობაში პრაქტიკულ გამოცდაზე 200 000-ზე მეტი გასვლა ფიქსირდება, საიდანაც მხოლოდ მესამედია შედეგიანი

საქართველოში ყოველწლიურად იზრდება როგორც ავტომანქანების, ისე "ლეგალური მძღოლების", ანუ მართვის მოწმობის მქონე პირთა რაოდენობაც. თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ (რაც უმეტესად საგამოცდო საკითხების დაზეპირების შედეგია), დგება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის დროც, რაც თეორიასთან შედარებით, გაცილებით მეტ ცდას, თანხასა და ნერვიულობას მოითხოვს. წლის განმავლობაში მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე 200 ათასზე მეტი გასვლა ფიქსირდება, საიდანაც, საშუალოდ, მხოლოდ მესამედია შედეგიანი. ამ
ეტაპზე პრაქტიკული გამოცდა ჯერ კიდევ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპეციალურ პოლიგონებზე იმართება, თუმცა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ წლის ბოლოდან, გამოცდა ქუჩაში გადაინაცვლებს. პროექტის თანახმად, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად გაიმართება: დავალებების დახურულ მოედანზე შესრულების შემდეგ, გამოსაცდელები საქართველოს რამდენიმე ქალაქის (რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი,
ზუგდიდი) სპეციალურად გამოყოფილ ქუჩებში გადაინაცვლებენ. ასეთია ზოგადი ინფორმაცია, უფრო კონკრეტული დეტალები კი შემოდგომისთვის დაზუსტდება.

რას გვირჩევენ ინსტრუქტორები

იმის დასადგენად, რა ასაკისა და სქესის მოსწავლეები ჭარბობენ მართვის მოწმობის აღების მსურველებს შორის და რომელი დავალებების დაძლევა უჭირთ, სასწავლო ავტომანქანის მართვის ხანგრძლივი სტაჟის მქონე ინსტრუქტორებს მივმართეთ:

გივი: - ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა მართვის მოწმობის აღების მსურველ გოგონათა რიცხვი. ბიჭებს ხშირად მამები ან მეგობრები ასწავლიან მართვას, ქალები კი მაინც სასწავლო ავტომანქანებს ანიჭებენ უპირატესობას. მოსწავლეთა უმეტესობა ახალგაზრდაა, მაგრამ მოდიან 60 წლამდე ასაკის მსურველებიც.

ხვიჩა:
- მოსწავლეთა უმეტესობა­ სიჩ­ქარის გადაცემათა ავტომატური კოლოფის მქონე ავტომანქანას ირჩევს.­ ვინც ავტომატიკას სწავლობს, მექანიკურ კოლოფზე აღარც ფიქრობენ, რთულ საქმედ მიაჩნიათ. "მექანიკურს", ძირითადად, ისინი ირჩევენ, ვინც მიკროავტო­ბუსის მართვას აპირებს, ან მძღოლის საქმიანობის შესწავლა სურთ.

- ყველაზე მეტად რომელი კომპონენტის ათვისება უჭირთ ახალბედა მძღოლებს?

გივი: - უმეტესობისთვის მთავარი პრობლემა სფეროს შეცვლაა, ანუ ტვინის გადაპროგრამება ქვეითის პოზიციიდან მძღოლად. ქვეითად მოსიარულე განსხვავებულად ხედავს და აზროვნებს, მძღოლი - სხვანაირად. ყველაზე მეტად ამ ცვლილებასთან შეჩვევა უჭირთ, თორემ ვერ ვიტყვი, რომ ყველას უკუსვლისას ან აღმართის დაძლევისას ექმნება პრობლემები.
ხშირია შემთხვევა, როცა ვიღაცისგან გაიგებენ, რომ "ყველაზე ძნელი უკუსვლაა", რომ "აღმართზე ავტომანქანის დაძვრა გაუჭირდებათ" და ა.შ. ამის გამო წინასწარ იქმნიან განწყობას, აიჩემებენ, რომ ამა თუ იმ კომპონენტში გაუჭირდებათ და მართლაც უჭირთ. თუმცა, როცა გასაგებად აუხსნი და დარწმუნდებიან, რომ განსაკუთრებულად რთული არაფერია, იოლად ითვისებენ.

- პირველ ცდაზე, ალბათ, უმეტესობას უჭირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

- დიახ, იმ მღელვარების გამო, რასაც თავად იქმნიან გამოცდაზე გასვლის წინ. როცა სხვა გამოსაცდელებს უყურებენ და ხედავენ, რომ უმეტესობა ვერ ახერხებს გამოცდის ჩაბარებას, ნერვიულობას იწყებენ და თავადაც უშვებენ შეცდომებს. ბევრი სულაც ასე ფიქრობს, ოღონდ თეორიული გამოცდა ჩავაბარო და პრაქტიკაში რაც იქნება, იქნებაო.
ხვიჩა: - პირველ ცდაზე უმეტესად ისინი აბარებენ, ვისაც კარგი ნერვული სისტემა აქვს და ემოციებს აკონტროლებს.

- ხომ აფრთხილებთ, რომ გამოცდაზე გასვლამდე სხვებს არ უყურონ?

გივი: - რა თქმა უნდა. იმასაც ვეუბნები, რადგან მაინცდამაინც ჩაჭრა გაქვს "დაგეგმილი", შეეცადე, რაც შეიძლება მეტი ფიგურა გაიარო და გამოცდილება მიიღო-მეთქი. ასეთი ტაქტიკა ხშირად ამართლებს.
ერთ გოგონას ვუთხარი, რაკი ფიქრობ, რომ აუცილებ­ლად დაუშვებ შეცდომას, მოდი, ბოლო "ფიგურაზე" ჩაიჭერი-მეთქი. გავიდა, ყველაფერი სწორად გააკეთა­ და მართლაც ბოლო ფიგ­ურიდან "გამოსვლისას" დაეჯახა ჯოხს. რაც ჩაიბეჭდა თავში, ის გეგმა შეასრულა.

- რას ფიქრობთ პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადატანაზე?


ხვიჩა: - აუცილებელია. მანქანის მართვა მხოლ­ოდ­ "ჯოხებს" შორის გაძრომა არ არის, მოწმობის მფლობელს ქალაქში­ უსაფრთხოდ მოძრაობაც უნდა შეეძლოს. მყავს ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც მართვის მოწმობის აღების შემდეგაც აგრძელებენ გაკვეთილებს და ქალაქში მოძრაობას სასწავლო ავტომანქანით ეჩვევიან, მაგრამ ასეთთა რაოდენობა მცირეა. არადა, კარგი იქნება, ყველა მძღოლს ჰქონდეს გადატვირთულ მოძრაობაში მართვის გამოცდილება, ვიდრე დაიწყებს ქალაქში სიარულს.

გივი: - წინათ ინსტრუქტორებს მეთოდური მოთხოვნების მიხედვით სწავლება ევალებოდათ, დღეს კი ყველა თავისებურად, ისე ასწავლის, როგორც თავად იცის! ამიტომაც არის ამდენი საცობი და ავარია. გამოცდა აუცილებლად უნდა გაიმართოს ქალაქში, მაგრამ თავდაპირველად, ალბათ, გარეუბნებში და არა პირდაპირ გადატვირთულ ადგილებში. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, იქ, სადაც ისედაც ჭირს გავლა, ეს წარმოუდგენელი იქნება. დედაქალაქში რამდენიმე ასეული სასწავლო ავტომანქანაა.
როდესაც სავალდებულო გახდება გამოცდის ქუჩაში გავლა, ინსტრუქტორები გაკვეთილებსაც ქუჩაში გადაიტანენ, თანაც, ლოგიკურია, რომ მოსწავლეებს მაინცდამაინც საგამოცდო ადგილებში მოუნდებათ ვარჯიში და აღნიშნული მონაკვეთები კიდევ უფრო გადაიტვირთება.

- ხშირად ყოფილხართ კურიოზული ვითარების მომსწრე?

- დიახ, ძალიან ხშირად.
ერთხელ სასწავლო მინდორი აქა-იქ ამოსული ბალახისა და ყვავილებისგან გავასუფთავე. დაიწყო გაკვეთილი, მოსწავლეს (გოგონა იყო) ავტომანქანის უკუსვლით დაპარკინგება დავავალე. დაიწყო თუ არა უკუსვლა, უეცრად გაჩერდა,- ყვავილი სად არისო? რა ყვავილი-მეთქი? აი, აქ, უკან ყვავილი იყო და მანქანას იმაზე ვასწორებდიო. მეორე მოსწავლეს რვიანის გავლაში ვავარჯიშებდი, როგორც ჩანს, ზედმეტად მკვეთრ მოსახვევად მოეჩვენა და... ეს "რვიანი" რაღაც ძალიან რვიანიაო!

რატი შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით