კვლავ "აოხრებული" თბილისი
27-08-2018
კვლავ "აოხრებული" თბილისი
"კალაძეს რა, თბილისელები მიაჩნია მტრად?!"

თბილისის ქუჩებში დაწყებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი შექმნა. მერიამ თითქმის ერთდროულად გადათხარა შარტავასა და საბურთალოს ქუჩები, რობაქიძის გამზირი, ბარათაშვილის აღმართი, კახეთის გზატკეცილი, ავჭალა... ამას ემატება მარშალ გელოვანის გამზირზე ესტაკადის მშენებლობით გამოწვეული კილომეტრიანი საცობი... ამ მდგომარეობამ საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, რაც სოცქსელებშიც აისახა:

"რაც კეთდება, დიდი ხნის წინ იყო გასაკეთებელი, თუმცა დრო შეარჩიეს
არასწორად. მერიამ ამ სამუშაოების დაწყება დააგვიანა."
"ხელი გავიქნიე ფეხის" პრინციპით თუ არ მოქმედებს ჩვენი მერია, მაშინ ყველა ქუჩა ერთად რატომ არის გადათხრილი?! ეტაპობრივად არ შეიძლება ჩატარდეს?"
"საცობში დგომა არავის სიამოვნებს, მაგრამ უნდა მოვითმინოთ ჩვენი ქალაქისთვის."
"საგზაო ნიშნები მაინც განათავსეთ, რომ მივყვეთ და ისე გავიდეთ მთავარ გზაზე!"

რატომ არ დაელოდა მერია ტრანსპორტის განვითარების გეგმის დამტკიცებას?!

გოგი აბაშიძე,
"სითი ინსტიტუტი საქართველოს" არქიტექტორი:
-"ასეთი მოვლენები დროგამოშვებით ახასიათებს ჩვენს ქალაქს და სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. რამდენად სწორია სამუშაოების ერთდროულად წარმოება? თუ ქალაქს აქვს ამის რესურსი, რატომაც არა! ოღონდ საჭიროა გათვლა, რომ შეფერხება არ გამოიწვიოს. პრობლემა ის არის, რომ ერთი მიმართულებით მიმავალი რამდენიმე ქუჩა მუშავდება ერთდროულად. მოასწრებენ თუ არა სასწავლო წლის დაწყებამდე, პროგნოზი გამიჭირდება. თუ ქართული სტანდარტებით ვიმსჯელებთ, თბილისში მშენებლობები­ წლების განმავლობაში არ მთავრდება...
როგორც ამბობენ, ახლა მუშავდება­ ტრანსპორტის მზარდი განვითარების გეგმა. მიზანშეწონილი იქნებოდა, ჯერ შუალ­ედური სამუშაოები ჩატარებულიყო და არა ასეთი მასშტაბური. ჯერ შეიძლებოდა რამდენიმე ადგილას მთლიანი საფ­რის გამოცვლა, გზების ხელახალი დაგეგმარება და როდესაც საბოლოო მონაცემები და დათვლითი მოდელები გვექნებოდა, მაშინ დაწყებულიყო ძირითადი სამუშაოები. სწორედ დათვლითი მოდელით უნდა დავთვალოთ, რამდენად მიზანშეწონილია ქუჩების ერთდროულად გარემონტება.

გზებს სჭირდება დამუშავება. ცენტრალური გზები, სხვადასხვა გარემოების გამო, ძალიან ხშირად გამოდის მწყობრიდან, მაგრამ ამ ეტაპზე რამდენად კრიტიკული იყო ამ გზების მდგომარეობა და აუცილებელი მათი ერთიანად რეაბილიტაცია, საკითხავია.

თუ იყო წინა პირობა, რომ ამ საფარს სწორედ წელს შეექმნებოდა პრობ­ლემები, რაც თავის მხრივ უამრავ სხვა პრობლემას გამოიწვევდა, მაშინ ამდენი სამუშაოს ერთიანად წამოწყება გამართლებულია.
მე სამუშაოების ფორმაზე ვილაპარაკებდი. პრაქტიკად დაინერგა, რომ ძალიან დიდხანს მიმდინარეობს. არ არის გააზრებული, რა ობიექტთან წარმოებს სამუშაოები.

არის ობიექტები, სადაც მუშაობა დღის განმავლობაში არ შეიძლება, ზოგან კი - პირიქით. მაგალითად, საცხოვრებელ უბნებთან სამუშაო საათების შემდგომ მუშაობა არ შეიძლება. გარდა ამისა, ძალიან ბევრ მტვერს წარმოქმნის. უცხოეთში ამგვარ სამუშაოებს ისე აწარმოებენ, ნაკლები ხმაური და მტვერი ახლავს - სხვა ტექნიკას იყენებენ და მეტი დანახარჯიც აქვთ. სამაგიეროდ ზოგავენ საზოგადოების როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობას.
თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება სამუშაოების ხარისხიც, მაგალითად, ყველაზე თვალში საცემია ე.წ. ჭების სახურავები, რომლებიც გზასთან შედარებით ყოველთვის განსხვავებულ სიბრტყეში ეწყობა - ან ოდნავ მაღლაა, ან ოდნავ დაბლა. ეს განსხვავება სახურავებსაც აზიანებს და გზის საფარსაც, იწვევს საწვავის გადახარჯვას, აბინძურებს გარემოს...

ამგვარი პრობლემები ევროპის ინფრასტრუქტურას არ ახასიათებს, თუ არ ჩავთვ­ლით რუსეთს. რუსეთი ცნობილია ცუდი გზებით. ჩანს, ჩვენ მაინცდამაინც ამ მიმართულებით მივიწევთ და არა ევროპისკენ.

"მერიის მენეჯმენტი 60-იან წლებშია ჩარჩენილი"

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი:­
- ქალაქი ვითარდება, მოსახლეობისა და მანქანების რაოდენობა იმატებს და განახლება მუდმივად საჭიროა. რამდენიმე მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ დაიწყო ძალიან გვიან.

სამუშაოები გაჩაღდა აგვისტოს შუა რიცხვებში და არა ივნის-ივლისში, ეს ნიშნავს, რომ ის ვადები, რაც განსაზღვრულია, არასაკმარისი აღმოჩნდება და სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრამდე გადაიწევს.
მგონია, რომ მანამდე ეს პროექტები ვერ დასრულდება ვერც კახეთის გზატკეცილზე. ასე რომ, ძალიან მძიმე საგზაო მოძრაობასა და უფრო რთულ საცობებს ველი. გართულდება გადაადგილება. ნორმალურ სიტუაციაში უნდა მოქმედებდნენ გრაფიკით. ტრანსპორტის სამსახური უნდა ახერხებდეს გათვლას, სად რა დროს ჩაიკეტოს გზა, რათა ავირიდოთ მოძრაობის პარალიზება, რადგან ასეთ დროს სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო დახმარების სამსახურები ვერ ახერხებენ დანიშნულების ადგილზე მისვლას, ეს კი დაუშვებელია.

არ მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც მძღოლებს მიაწვდის ინფორმაციას, სად რა სამუშაოები წარმოებს და არც ის ვიცით, სად როდის დასრულდება... ეს, მგონი, მერიაშიც არ იციან... ვარაზისხევის თემასაც მინდა შევეხო... მერმა ამ ტერიტორიაზე ჯერ ნახევრად აყარა ქვაფენილი და საზოგადოებას მერე ჰკითხა, იყოს ქვაფენილი თუ დააგოს ასფალტი...

- ცუდი არ არის, როცა მერი მოსახლეობას ეკითხება, რა აჯობებს ქალაქისთვის....

- მერი რომ გვეკითხებოდეს, ავტობუსი ან ტაქსები რა ფრად შევღებოთო, ეს ნორმალური იქნებოდა, რადგან ყვითელს ვიტყვით თუ ლურჯს, ცვლილება უსაფრთხოებაზე გავლენას ვერ მოახდენდა, მერმა კი ვარაზისხევთან დაკავშირებით ის ჰკითხა საზოგადოებას (არ მინდა, საზოგადოებას ვაწყენინო), რაც სპეციალისტებისთვის უნდა ეკითხა, რადგან როცა აქ ქვაფენილი დაიგო, ეს არ იყო ქალაქის იერსახის გასალამაზებელი გადაწყვეტილება.
ვარაზისხევი რთული მონაკვეთია და უხვი ნალექის დროს კეკელიძის ქუჩიდან არაერთხელ წამოსულა ნალექი გმირთა­ მოედნისკენ. ქვაფენილის დაგება განპირობებული იყო იმით, რომ ასეთი გზა საუკეთესოდ­ ასრულებს დრენაჟის ფუნქციას. ქვებს შორის ღარი ნალექის გაწოვას უწყობს ხელს. ქვაფენილს სხვა ღირსებაც აქვს - თოვლის დროს მასზე მოძრაობა ადვილია. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიაზე მოძრა­ობის ნაკადები ერთმანეთს კვეთს - ზოგი მიდის ჭავჭავაძის გამზირის, ზოგიც მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით, ქვაფენილი კი არ იძლევა სიჩქარის განვითარების საშუალებას, ის შემაფერხებელია.

ჩემი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიებით დაგებულ ქვაფენილს ასფალტი ვერ შეედრება. მერიას იოლი გადაწყვეტილების მიღება უნდა და სურს, ყველაფერს ასფალტი გადაასხას, რითიც ჩვენი ქალაქის იერსახე ნელ-ნელა იკარგება. ჯერ ნარმანიამ დაიწყო ბრძოლა ქვაფენილიანი ქუჩების წინააღმდეგ, ახლა კალაძე აგრძელებს... რას ერჩიან?!

მერის კიდევ ერთი არაადეკვატური განცხადებაა: "მტრის ჯინაზე მშენებლობა გაგრძელდება." კალაძეს რა, თბილისელები მიაჩნია მტრად?! მერი რასაც გააკეთებს, მტრის ჯინაზე კი არა, ქალაქისთვის უნდა გააკეთოს! ასე ჯინაზე საუბარი გაუგებარია. მან უნდა განახორციელოს ყველა დაპირებული პროექტი, რაც დაიწყო, უნდა დაასრულოს.

ასეთ განცხადებებს ჯობს, გაატაროს რეფორმა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რომელიც თავისი მენეჯმენტით ჩარჩენილია გასული საუკუნის სამოციან წლებში. მერი პირველ რიგში, მეურნე უნდა იყოს, რომელიც ქალაქსაც მიხედავს და მოქალაქეების ნერვებსაც გაუფრთხილდება.

კუნძულები სააკაძეზე ანუ რა დაასკვნეს ბრიტანელმა ექსპერტებმა


გალაკტიონ ბუაძე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი: - ყველა პროექტი, რომლებიც ახლაა დაწყებული, მნიშვნელოვანია. ადგილების უმრავლესობა ისეთია, სადაც დიდი ხანია,­ არაფერი გაკეთებულა.

თუ ექსპერტებს ჰკითხავთ, ყველა დაგიდასტურებთ, რომ ამ სამუშაოების დაწყება აუცილებელი იყო. ყველა უბანზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მთლიანად ვაწესრიგებთ კომუნიკაციებს - კანალიზაციას, სანიაღვრე გზებს, წყლისა თუ ელგადამცემ ხაზებს. ეს არ არის ერთჯერადი აქცია. ახლანდელი სამუშაოები ათწლეულებზეა გათვლილი.

- აუცილებელი იყო, ქალაქის ყველა სტრატეგიულ უბანში ერთდროულად დაწყებულიყო სარემონტო სამუშაოები?

- რადგან აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი შედარებით ნაკლებად დატვირთულია, გვინდოდა, ძირითადი სამუშაოები სექტემბრის მეორე ნახევრამდე მოგვესწრო, ვიდრე ხალხი ქალაქში დაბრუნდებოდა. გადანაწილება ჩვენთვისაც უფრო კომფორტული იქნებოდა. დამიჯერეთ, ჩვენს თანამშრომლებს მეტი დატვირთვა უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროექტები დიდხანს გაგრძელდეს, ძირითადი სამუშაოები, რომლებიც მანქანების გადაადგილებას ხელს უშლის, სექტემბრის მეორე ნახევარში დასრულდება.

- უფრო კონკრეტულად, სად როდის დამთავრდება სამუშაოები?

- ბევრი პროექტია და წინასწარ თარიღების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გიდასტურებთ, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე ბევრი ადგილი გაიხსნება.
ვაშლიჯვრის ესტაკადა ვერ გაიხსნება სწავლის დაწყებამდე. მისი გახსნა წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

- მანქანების ნაკადი რომ გათვლილიყო, ნაკლები პრობლემა იჩენდა თავს და სამუშაო მარშრუტებიც ისე დაიგეგმებოდა, საზოგადოებისთვის ამდენი პრობლემა არ შეექმნა...

- დაგეგმვისას, სატრანსპორტო და საპატრულო სამსახურთან შეთანხმებით გავითვალისწინეთ ყველა ინფორმაცია, რაც მარშრუტების გადაადგილებას უკავშირდება.
პროექტების დაგეგმვა ნაკლები შეზღუდვებითაც შეიძლებოდა, ოღონდ უფრო გაჭიანურდებოდა...

- მუშაობის გრაფიკი როგორია?

- სამუშაოები დღისითაც მიმდინარეობს და ღამითაც. ზოგან ორ, ზოგან კი ოთხსაათიანი შესვენებებია, მაგრამ
შარტავაზე, კოსტავაზე, ბარათაშვილზე, სანაპიროზე თითქმის 24-საათიანი მუშაობა მიმდინარეობს. მოქალაქეები ხმაურს უჩივიან, მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენთვისაც აჯობებდა, ისე შეგვეძლოს მუშAაობა, რომ არ ვიხმაუროთ, ხალხიც დავასვენოთ და ჩვენი თანამშრომლებიც, მაგრამ თუ დროზე ვერ დავასრულებთ, კატასტროფული სიტუაცია შეიქმნება.

- საზოგადოება აღნიშნავს, რომ მერია არ აწვდის მათ ინფორმაციას, გზის რომელი მონაკვეთი როდის გადაიკეტება.

- დარწმუნებული ვარ, ჩვენი პიარსამსახური ამ ინფორმაციას ავრცელებს, თუკი გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა და რომელიმე კვანძი არ დაიტვირთა.

- სააკაძის მოედანზე კუნძული აიღეს.ისევ აღდგება?

- სააკაძეზე კუნძულები ბრიტანელი ექსპერტების კვლევაზე დაფუძნებული დასკვნების შესაბამისად განლაგდება. მათი რეკომენდაციებით მოეწყობა გადასასვლელებიც. კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი ეწყობა. ასე ვთქვათ, წრე შეიკვრება პეკინის ქუჩასთან...

გამორჩეული პროექტი იქნება ბარათაშვილის აღმართი, სადაც ტერიტორია თანამედროვე საფრით დაიფარება, ტროტუარებზე დეკორატიული განათებები მოეწყობა; ენერგოეფექტური განათებები განთავსდება სავალ ნაწილზეც, შეიცვლება მოაჯირები, განახლდება ძველი თბილისიდან ავლაბრის მოედნისკენ ამავალი კიბეც. ამ პროექტების შემდეგ ჩვენი ქალაქი უფრო გალამაზდება...

როგორც ტრანსპორტის სამსახურში განგვიმარტეს: "სააკაძის მოედნის პროექტი ერთობლივად შეიმუშავა მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურმა და ბრიტანელმა ექსპერტებმა. ექსპერტთა 5-კაციანი ჯგუფი მდგომარეობის შესასწავლად თბილისის მერიამ მოიწვია. ქართულ მხარეს მათ მომსახურებაში არანაირი თანხა არ გადაუხდია, რადგან ბრიტანელები თბილისში "აზიის ქალაქების განვითარების ინსტიტუტის" მიერ დაფინანსებული საერთაშორისო გრანტის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ბრიტანელმა ექსპერტებმა რეკომენდაციები გაგვიწიეს, ისინი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მსოფლიოში ცნობილი ბრენდის "მოტ მაკდონალდსის" წარმომადგენლები არიან. მათ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებიც გადაამზადეს".

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით