"არ მინდა, ჩემი კანი დროზე ადრე დავაჭკნო" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ჩემი კანი დროზე ადრე დავაჭკნო"

მზე, ზღვა და გარუჯვა - ამ ყველაფრის გარეშე ზაფხულს ხიბლი ეკარგება. სწორედ ამიტომ, ზაფხულობით თბილისური ბომონდი შავიზღვისპირეთში "გადასახლდება" ხოლმე. ჩვენ დავინტერესდით, როგორ ატარებენ წლევანდელ ზაფხულს პოპულარული ქართველები და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ:

"რუჯი სულაც არ მაღელვებს"

ბუბა მირცხულავა, მსახიობი: - ზაფხული ძალიან მიყვარს და ყოველთვის სიხარულით ველოდები. ამჟამად ქობულეთში ვარ, მერე რაჭაში მივდივარ, რაჭის შემდეგ კი - კახეთში, სადაც ნათესავები მყავს. კახეთი ჩემი დედულეთია და გამორჩეული მხარეა, თელავი კი, მეორე ქალაქია თბილისის შემდეგ, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მართალია, ჩემი შვებულება წვიმიან ამინდებს დაემთხვა, მაგრამ ეს ძალიან მომწონს - იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ზღვაზე მხოლოდ გასარუჯად მიდიან. უკვე ერთი კვირაა, რაც აქ ვარ, რუჯი ჯერ კიდევ არ მიმიღია და ეს სულაც არ მაღელვებს.

მიმაჩნია, რომ წლევანდელი წელი ჩემთვის ნაყოფიერი იყო და ახლა დამსახურებულად ვისვენებ. ხშირად მეკითხებიან, როდის განახლდება "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებაო, მაგრამ ჯერ არ ვიცი... არსებობენ თუ არა ბაქარის მსგავსი ადამიანები? - რა თქმა უნდა, არსებობენ. მეც ვიცნობ ერთს, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ახლა შეუძლია იამაყოს. ფულის შოვნას, ისევე როგორც ნებისმიერ წარმატებას, დიდი შრომა და ნიჭი უნდა. ჩემმა პერსონაჟმაც ამ თვისებების წყალობით მიაღწია საწადელს. მეც სერიოზული შრომა დამჭირდა, რომ ეპიზოდური, მეორეხარისხოვანი როლისგან ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი შემექმნა.

"არ მინდა, ჩემი კანი დროზე ადრე დავაჭკნო"

ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი: - გრილი ზაფხული ძალიან მომწონს, რადგან ვმუშაობ და ასეთი ამინდები ხელსაყრელია. სრულიად ახალი საქმე წამოვიწყე - სამშენებლო ბიზნესით დავინტერესდი. სხვათა შორის, პასიურ დასვენებას მოქმედება მირჩევნია - ჩემი დასვენებაც ეს არის და განტვირთვაც. მომწონს, რომ სახლებს ჩემი პროექტით ვაკეთებთ. პატარა, კოტეჯის ტიპის სახლებს ბევრი მყიდველი გამოუჩნდა. შეკვეთილში ლამაზი, პატარა ქალაქი ავაშენეთ. შემდეგი პროექტი იქნება სასტუმრო სიღნაღში.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზამთარში უფრო კარგად ვისვენებ ხოლმე: საფრანგეთში მივდივარ ჩემს დებთან და შვებულებას იქ ვატარებ. ევროპული შოპინგი ხომ საუკეთესო განტვირთვაა. ზღვა, პლაჟი და პაპანაქება ჩემი სტიქია არ არის, რადგან არ მინდა ჩემი კანი დროზე ადრე დავაჭკნო.

"მზის მოყვარული ვარ და ამით ვცოცხლობ"

რატი დურგლიშვილი, მომღერალი: - ამ შუა აგვისტოში თბილისში ვარ, რადგან ხუთი თვე ლოს-ანჯელესში გავატარე და კარგად დასვენებული ჩამოვედი. ჯერჯერობით აქ ვარ, მაგრამ მოულოდნელად თავში რა დამარტყამს, არ ვიცი. ძალიან მიყვარს გარუჯვა, სიცხის და მზის მოყვარული ვარ და ამით ვცოცხლობ. მზე ჩემთვის კარგი განწყობის აუცილებელი პირობაა. მიუხედავად ამისა, წვიმიანი ამინდიც მიყვარს და მიმაჩნია, რომ ბათუმი წვიმაშიც უმშვენიერესია. ვნახოთ, შეიძლება ზღვაზე სექტემბერში წავიდე. მიყვარს ხალხმრავალი ადგილები, ამიტომ მთაში დასვენებას ისევ ზღვა მირჩევნია.

ხათუნა ჩიგოგიძე