რატომ გამოაძევეს ავსტრიიდან ქართული ოჯახი? - კვირის პალიტრა

რატომ გამოაძევეს ავსტრიიდან ქართული ოჯახი?

ავსტრიიდან საქართველოს მოქალაქეების ოჯახი გამოაძევეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა კახა შათირიშვილმა განუცხადა, ქვეყანაში შვილის სამკურნალოდ იმყოფებოდნენ, რასთან დაკავშირებული დოკუმენტაციებიც თან ჰქონდათ.

მისივე თქმით, დეპორტაციის დროს ჩამოართვეს ყველა სახის საბუთი, ასევე ეტლი, რომლის საშუალებითაც მისი შვილი გადაადგილდებოდა.

"ავსტრიაში სამკურნალოდ ვიყავით. ჩვენს შვილს აქვს ცერემბრალური დამბლა, ასევე ეპილეფსია. მთავრობამ დამიფინანსა მკურნალობა, ყველა საბუთზე ხელია მოწერილი, თუმცა უცებ თავზე დამადგა პოლიცია. მოვითხოვეთ ადვოკატი, თუმცა არაფერმა გაჭრა. წაგვიყვანეს და სადეპორტაციოდ მოგვამზადეს.

ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ქართველები ვიყავით. გვანახეს საბუთები, სადაც ეწერა, რომ საქართველოს კლინიკებში უფასოა მკურნალობა და გვითხრეს - აქ რატომ მკურნალობთო. ჩემმა არანაირმა ახსნამ არ გაჭრა. ორი დღე გვამყოფეს ბავშვთან ერთად იქ და შემდეგ გამოგვიშვეს საქართველოში. არანაირი დოკუმენტი არ გამოგვატანეს. ბავშვის მკურნალობის საბუთებიც კი წაიღეს. გვითხრეს, საქართველოში გადმოგეცემათო, თუმცა ჯერ არაფერი მიგვიღია.

ყველანაირი საბუთი მქონდა, რომ ავსტრიაში მკურნალობა გაგვეგრძელებინა, თუმცა გამოგვაძევეს. ეტლიც კი ჩამოგვართვეს და გამომიშვეს უეტლოდ, ხელში აყვანილი ბავშვით,“ - განაცხადა კახა შათირიშვილმა.

მისი ინფორმაციით, 24 აგვისტოს ავსტრიიდან საქართველოში მათთან ერთად საქართველოს კიდევ 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს.

"ინტერპრესნიუსი"