როგორ შეიცვალა გოგონას ცხოვრება, რომელიც ვიდეოთი "როგორ ხაართ?" მთელმა საქართველომ გაიცნო - კვირის პალიტრა

როგორ შეიცვალა გოგონას ცხოვრება, რომელიც ვიდეოთი "როგორ ხაართ?" მთელმა საქართველომ გაიცნო

სულ რაღაც ერთი კვირის წინ მარი არღუთაშვილს ასე მასობრივად, როგორც დღეს, არავინ იცნობდა, თუმცა გვარ-სახელით არც ახლაა დიდად ცნობილი, სამაგიეროდ, მისი ზეპოპულარული ვიდეო - "როგორ ხაართ?" - ყველამ იცის. მარი ვიდეოში ყველას გვეკითხება, - როგორ ვართ, რაც მაყურებელში სიცილს და კარგ განწყობას იწვევს.

ამჟამად სწორედ მისით დავინტერესდით, გვინდოდა გაგვეგო, ვინ არის, რატომ გაუჩნდა სურვილი, ასეთი ვიდეო გადაეღო და ბოლოს და ბოლოს, გაპოპულარულების შემდეგ, მისთვის გვეკითხა - როგორ ხაარ?

მარი თეატრის მსახიობია, ეკრანზე ნაკლებად გამოჩენილა, მხოლოდ ჩცდ-ში სხვადასხვა სეზონში ექთნის როლი აქვს შესრულებული. თამაშობს გორის ერისთავის სახელობის თეატრში, ასევე თბილისის მუნიციპალურ თეატრში - "რუსთაველის 19". არის რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის ნამოწაფარი.

- ერთი, თითქოს უწყინარი ვიდეოთი ელვისებურად ინტერნეტვარსკვლავი გახდი. როგორ ხაარ? და როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

- ის, რაც მოხდა, მას სრული გაუგებრობა დავარქვი. ბოლო დროს ბატონი შოთას ვიდეო მქონდა აკვიატებული, მეგობრებთან ერთად, სარფში ვისვენებდი და იქ ყოველი დილა ასე - როგორ ხაართ? - იწყებოდა.

- ბატონ შოთას იცნობ?

- არა, მხოლოდ მისი ვიდეოები ვიცი, მაგრამ მათგან ეს მქონდა ამოჩემებული. ვაშარჟებდი და პაროდიას ვაკეთებდი, მაგრამ სოციალურ ქსელში, საჯაროდ არაფერი ამიტვირთავს. მხოლოდ მეგობრების წრეში წარმოვადგენდი პაროდიებს, არამარტო ბატონი შოთასი, მყავს გამოგონილი პერსონაჟებიც. რა თქმა უნდა, ამაზე ვხალისობდით. თუმცა ისე მოხდა, რომ ვიდეოც ჩავწერე და მეგობრებს მესენჯერში გავუგზავნე, ძირითადად მათ, ვინც შოთას ვიდეო იცოდნენ. ყველამ ერთად ვიხალისეთ, მაგრამ ერთ-ერთმა თავის "ფეისბუქ-გვერდზე" ატვირთა და ძალიან მალე, წუთებში, ის ბევრმა ადამიანმა გააზიარა. ჩემი მეგობარი ამას არ ელოდა, იმიტომ, რომ თვითონ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ რამეს დებს თავის გვერდზე - სახუმარო პოსტებს, შარჟებს და ასეთი რამ სხვა დროს არ მომხდარა. მოკლედ, ამ შედეგს არ ელოდა და მალევე აიღო, მაგრამ უკვე უამრავ ადამიანს ჰქონდა გაზიარებული, ატვირთული იყო რაღაც გვერდებზეც - კატასტროფული სისწრაფით გავრცელდა. თავიდან ჩემი მისამართით დიდი აგრესია წამოვიდა, ცუდი კომენტარები დაიწერა, ძალიან გაუჭირდათ იმის მიღება, რომ ხუმრობა იყო, ცოტა მიხვდა ამას. ჩემი მეგობარი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა... (გაგრძელება)