"ორ კლასს შესაძლოა, ერთი გაერთიანებული გაკვეთილი ჩაუტარდეს" - კვირის პალიტრა

"ორ კლასს შესაძლოა, ერთი გაერთიანებული გაკვეთილი ჩაუტარდეს"

მცირეკონტინგენტიან სკოლებში რამდენიმე საგანში, შესაძლოა, ორ კლასს ერთი გაერთიანებული გაკვეთილი ჩაუტარდეს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჩიქობავას ინფორმაციით, მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში 1-ელი ან მე-3 და მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებით კლასკომპლექტები შეიქმნება.

"კლასკომპლექტში შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 10 მოსწავლე და შესაძლებელია გაერთიანდეს ორი კლასის მოსწავლეები. მაგალითად, 1-ელი და მე-3 ან მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეები ერთ კლასში. არ არის აუცილებელი, რომ ყველა საგანში ეს ბავშვები გაერთიანდნენ. მაგალითად, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შესაძლებელია ასეთი კლასკომპლექტის შექმნა და აქ შესაძლებელია ორზე მეტი კლასის გაერთიანებაც კი. ან შესაძლოა, ხელოვნების გაკვეთილზე მოხდეს დაჯგუფება. ეს თვითონ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაგეგმავს და რას გააკეთებს. თუ კარგად მოხდება დარეგულირება, ვნახავთ, რომ უფროსკლასელები საკმაოდ კარგი მასწავლებლები არიან უმცროსკლასელებისთვის, კარგად არიან ჩართულები ამ სასწავლო პროცესში. რაც შეეხება მათემატიკის საგანს, აქაც კი შესაძლებელია 1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის ერთი გაკვეთილის ჩატარება, რადგან თავ-თავიანთი სასწავლო პროგრამით ჩაუტარდებათ მათ გაკვეთილი. მერწმუნეთ, ასეთ კლასკომპლექტში გაცილებით მეტ ცოდნას მიიღებენ მოსწავლეები, ვიდრე, 35-მოსწავლიან ჯგუფში“, - განაცხადა ჩიქობავამ.