"მეუღლის ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, მიზეზი ძალადობის ის იყო, რომ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა" - კვირის პალიტრა

"მეუღლის ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, მიზეზი ძალადობის ის იყო, რომ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა"

ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 43 წლის მაია რაზმაძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მაია რაზმაძე, 43 წლის, თელავი

"თელავში დავიბადე. მამა იყო ყრუ და დედა სმენა დაქვეითბული. მყავდა ბებია, საკმაოდ განათლებული ქალი, რომელმაც გამზარდა და მომცა სხვადასხვა უნარი, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავი იმ გარემოში. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი იყო, სადაც კიდევ უფრო იჩაგრებოდნენ ეს ადამიანები და 80% მეტს ჰქონდა ადაპტაციის პრობლემა. ჩვენთვის კარგი იყო ისიც, რომ მამა მუშაობდა რესტორანში, ადაპტირებულ გარემოში და არა სოციალურ საწარმოში. ეს იმ დროს იშვიათი გამონაკლისი იყო.

რაც შეეხება ჩემს დღევანდელ მდგომარეობას. ნიკას, ჩემს შვილს, დაერთო ასფიქსიური ფონი დაბადებისას. თან გენეტიკურადაც აღმოჩნდა, რომ სუსტი წერტილი ჰქონდა და ის სმენადაქვეითებულია. თუმცა ესმის აპარატით და ნაწილობრივ ლაპარაკობს. მასთან ვსაუბრობ, როგორც ჟესტით, ისე სიტყვით.

ჩემი შვილის დაბადება და იმის აღმოჩენა, რომ ის შშმ პირია, უკვე ბარიერი იყო საზოგადოებაში მიმღებლობისთვის. ყველა კარი დამიკეტეს და მართლა ეკლიანი გზა გამოვიარე აქამდე მოსასვლელად. საჯარო ბაღში გამორიცხული იყო ნიკას მიღება. ერთ-ერთი კერძო ბაღიდან კი, რაღაც პერიოდის მერე, გამოუშვეს. მიზეზი ის იყო, რომ მას ქცევითი აშლილობაც ჰქონდა და აღმზრდელი ჩაკეტა ოთახში.

აღმოვჩნდი სოციალურად დაუცველი და სამსახურის გარეშე. ფიზიკურად არ შემეძლო მემუშავა, რადგან ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავდა, ბაღი მას არ იღებდა და სამსახურს ჩემს გრაფიკზე არავინ ააწყობდა. ასე უნდა ვყოფილიყავი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დედა, შშმ ბავშვით ხელში. ის პერიოდი, როცა მე ყველა კარი დამეკეტა, აღმოვჩნდი უმოქმედო მდგომარეობაში, დაუცველი და თითქოს საკუთარ თავსაც ვეღარ ვეყრდნობოდი. თითქოს ლაბირინთში მოვყევი და ვერსაიდან გამოსავალს ვეღარ ვპოულობდი.

შემდეგ იყო სკოლა და სკოლაშიც არავინ იღებდა ჩემს შვილს. ერთადერთი ალტერნატიული სმენადაქვეითებულთა სკოლა იყო მაშინ თბილისში და ის იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თბილად შეხვდნენ ჩემს შვილს. ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო ჩემთვის, რომ ბავშვი მთელი კვირა სკოლაში დამეტოვებინა ჩემ გარეშე, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს ნიკას ძალიან სჭირდებოდა და ჯობდა მაინც იმ მიკრო-სოციუმში ყოფილიყო, იქ მიეღო ის უნარები და განათლება, რასაც სკოლა გვთავაზობდა. დღესაც იქ დადის და კვირაში 5 დღე თბილისშია. უკვე მარტო მიდის და მოდის ტაქსით. მას შემდეგ, რაც ნიკა სკოლაში მივიდა, გამიჩნდა დრო, რომ მემუშავა. მეუღლეს გაცილებული ვარ და ფიზიკურად ვშრომობდი, მამაც მეხმარებოდა, რომ მინიმალური შემოსავალი გვქონოდა

ახლა ბავშვის ქცევაც მოწესრიგდა, მაგრამ მაინც რადიკალურად არის შეცვლილი დამოკიდებულებები. მე წლები სტუმრადაც კი არ დავდიოდი. ბავშვს განსხვავებული ქცევა ჰქონდა და „თვითონ წამოვიდა, ეს რაღას წამოიყვანა“ აღარ მინდოდა მომესმინა. ახლა საზოგადოებაში გაჩნდა მიმღებლობა და ეს, დიდწილად, დედების დამსახურებაა. ჩვენ ბევრ რამეს ენთუზიაზმზე, ყოველგვარი ფინანსების გარეშე ვაკეთებთ, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილების მომავალს შეცვლის უკეთესობისკენ.

მე ძალადობის მსხვერპლიც ვიყავი მეუღლისგან და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძალადობის იყო, რომ ბავშვი დაიბადა შეზღუდული შესაძლებლობებით. ამან განაპირობა, რომ ბავშვს 6 წლამდე მე, ფაქტობრივად, ვერაფერი გავუკეთე და ჩავთვალე, რომ იქიდან უნდა წამოვსულიყავი. პირდაპირი ბრალდება იყო ჩემს მიმართ, რომ ჩემი მხრიდან იყო ეს ამბავი, რადგან მამა არის სმენადაქვეითებული. თუმცა, ექიმები ამტკიცებდნენ, რომ სინამდვილეში ბავშვის სმენის დაკარგვა ასფიქსიურმა ფონმა გამოიწვია და არა გენეტიკამ. ეს კი თითქმის 90% განპირობებულია იმის გამო, რაც მე ფეხმძიმობიდან ბავშვის დაბადებამდე გავიარე ქმრის ოჯახში – პათოლოგიური სმა, მერე ჩხუბი და აყალმაყალი, ამის ფონზე ნაადრევი მშობიარობა, რასაც დაემატა ასფიქსია და ა.შ მამისს ამას რომ უხსნი, სასაცილოდ არ ყოფნის და ამტკიცებს, რომ გენეტიკაა.

გადაწყვეტილება რომ მივიღე, იქედან ჯერ მე წამოვედი. ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, რადგან ბავშვს არ მატანდნენ და მეც იქ ვრჩებოდი. ორ კვირაში ბავშვი თავისი ხელით ჩამომიყვანეს – შენც და შენი შვილიც კარგად ბრძანდებოდეთო. ძნელია შშმ ბავშვის მოვლა, თან ბავშვს მხოლოდ ჩემი ესმოდა, რადგან მის აღზრდაში მონაწილეობა სხვას არავის მიუღია.

მე ახლა ჟესტური ენის თარჯიმანი ვარ კახეთის ზონაზე. ჩემი ამ სფეროთი დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ მინდა ჩემი შვილის გვერდით ვიდგე და მტკივა, რომ ეს ადამიანები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. ვცდილობ, რაც რამე საინტერესო ხდება მათთვის – იქნება ეს შეხვედრები თუ კულტურული ღინისძიებები, წავიყვანო და ვუთარგმნო. არასდროს მეზარება. თავიდან მქონდა კომპლექსი თავისუფლად მესაუბრა და მივყოლოდი სინქრონს, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია!"

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან