ხაშურში ხანძარს ამ დრომდე აქრობენ - ადგილზე მეხანძრეების რაოდენობა გაორმაგდა - კვირის პალიტრა

ხაშურში ხანძარს ამ დრომდე აქრობენ - ადგილზე მეხანძრეების რაოდენობა გაორმაგდა

ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ხანძარი ისევ მძვინვარებს. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.

მათივე ინფორმაციით, სამსახურმა მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა გაორმაგდა და ადგილზე უკვე 220 მეხანძრე მუშაობს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ რთული რელიეფის გამო ადგილზე უფრო მეტად ცოცხალი ძალა მუშაობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სურამიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, სოფელ ცედანთან ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ფოთლოვან ტყეშია გავრცელებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ტყის ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში, შესაძლოა, ვერტმფრენი ჩაერთოს. მისივე ვარაუდით, ხანძრის ლოკალიზება სავარაუდოდ, დღეს საღამოს მოხდება.

მისივე ინფორმაციით, ტყეში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ძირითადად, წიფლის ჯიშის ხე-მცენარეებია გავრცელებული და იშვიათი სახეობის ხეები არ გვხვდება.

თორნიკე გვაზავას ვარაუდით, ხანძარი შესაძლოა, როგორც ნადირობის სეზონის, ისე ადამიანის დაუდევრობის გამო გაჩნდა, თუმცა მისივე თქმით, რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით კი, ამ დროისთვის არ არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელდეს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით