"საქონელი მთლიანად დაგვეწვა. ბანკებიდან კრედიტები გვაქვს აღებული" - ბათუმში ხანძრის შედეგად სავაჭრო ობიექტები დაიწვა - კვირის პალიტრა

"საქონელი მთლიანად დაგვეწვა. ბანკებიდან კრედიტები გვაქვს აღებული" - ბათუმში ხანძრის შედეგად სავაჭრო ობიექტები დაიწვა

ბათუმში, სავაჭრო ობიექტში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას და ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ხანძრის შედეგად "სერიოზული ზარალი მიადგათ", მაღაზიები კი დაზღვეული არ ჰქონიათ.

"საქონელი მთლიანად დაგვეწვა. ბანკებიდან კრედიტები გვაქვს აღებული. როგორ უნდა გადავიხადოთ, არ ვიცით", - აცხადებენ მოვაჭრეები.

წერეთლისა და პუშკინის ქუჩების მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ობიექტში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ. დამწვარი შენობა სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად საღებავების სავაჭრო ობიექტების გვერდით განთავსებული საცხოვრებელი სახლის სახურავიც დაიწვა. სახლის მეპატრონეც ასევე, ხელისუფლებას სახურავის შეკეთებას სთხოვს.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევის ადგილზე ერთი სახანძრო ავტომობილი მაინც რჩება.

როგორ ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ზარალის დათვლა უკვე მიმდინარეობს.

ხანძარი 10 სავაჭრო ობიექტს გაუჩნდა, აქედან 5 მთლიანად დაიწვა.

"ინტერპრესნიუსი"