"ლიტერატურაზე საუბარი საშიში არ არის" - რა შემთხვევაში იმგზავრებთ "ლიტერატურული ტაქსით" უფასოდ? - კვირის პალიტრა

"ლიტერატურაზე საუბარი საშიში არ არის" - რა შემთხვევაში იმგზავრებთ "ლიტერატურული ტაქსით" უფასოდ?

თუ ერთხელაც ქუჩაში ტაქსის გასაჩერებლად გამოხვალ და უეცრად მძღოლი ლიტერატურაზე საუბრის სანაცვლოდ უფასოდ მგზავრობას შემოგთავაზებთ, არ გაგიკვირდეთ, თქვენ ახალ და საინტერესო პროექტში ირაკლი ამბროლაძესთან მოხვდით.

ირაკლი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ამავე დროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. მისმა ახალმა პროექტმა სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება დაიმსახურა და ის ჩვენი რესპონდენტია.

"ყოველთვის მინდოდა ისეთი პროექტი გამეკეთებინა, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურასთან იქნებოდა დაკავშირებული. მქონდა სურვილი, გამეკეთებინა ლიტერატურული კაფე, ასევე ჩამეწერა გადაცემაც, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ვერ მოვახერხე. ჩემმა მეუღლემ, თიკომ იცოდა ჩემი სურვილების შესახებ და დაებადა იდეა, გამეკეთებინა ლიტერატურული ტაქსი, რომელსაც არ დასჭირდებოდა დიდი ფინანსები, ვიყიდეთ ტაქსის ნიშანი, თიკომ თავისი ხელით მომიხატა და წარწერაც გაუკეთა. ვიდეოს გადასაღებად ვიყენებ ჩემს სმარტფონს, რომელიც დავამაგრე მანქანაზე და მანქანის სალონს იღებს. მგზავრებს კი ლიტერატურაზე საუბრის სანაცვლოდ, უფასო მომსახურებას ვთავაზობ.

ამ პროექტის მთავარი მიზანია, რომ პირველ რიგში მე მივიღო სიამოვნება იმით რასაც ვაკეთებ, რადგან ლიტერატურაზე საუბარი ჩემი ჰობია. მეორე მიზეზი კი ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს რომ ვუბიძგო საზოგადოებას, რომ ლიტერატურას დაუახლოვდნენ. მინდა მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, წაიკითხოს ლიტერატურა და შემდეგ, ამა თუ იმ ნაწარმოებზე აზრები გავცვალოთ.

ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი აქტივობა საზოგადოებას დაეხმარება ლიტერატურასთან დაახლოებაში.

- როგორია ხალხის რეაქცია, მას შემდეგ რაც იგებენ, რომ ლიტერატურულ ტაქსიში მოხვდნენ?

- ჩემს ჩაწერილ ვიდეოებში ჩანს ის ადამიანები, რომელთაც გამოთქვეს სურვილი და ჩასხდნენ ჩემს ტაქსიში, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. როცა ქუჩაში მაჩერებენ და იგებენ, რომ ეს ლიტერატურული ტაქსია, ვუხსნი, რომ უსასყიდლოდ მოვემსახურები თუ ჩემთან ერთად, კამერის წინ ლიტერატურაზე ისაუბრებენ, დაახლოებით 10 ადამიანიდან 8 უარს მეუბნება.

ჩემი აზრით, მსგავსი დამოკიდებულება არ არის სახარბიელო. მინდა ხალხს დავანახო, რომ ლიტერატურაზე საუბარი საშიში არ არის, მიუხედავად იმისა, რა გაქვს წაკითხული. ლიტერატურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თავისუფლად ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე.

მინდა გითხრათ, რომ უმეტესად ახალი თაობის წარმომადგენლები მთანხმდებიან და მესაუბრებიან ლიტერატურაზე. ეს ფაქტი ძალიან მახარებს და ამის გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, ერთ-ერთი კი ვფიქრობ ისაა, რომ ახალი თაობა უფრო შეჩვეულია სმარტფონებს, ვიდეოების გადაღებებს და კამერასთან საუბრის კომპლექსი მოხსნილი აქვთ, უფრო თავისუფლად ლაპარაკობენ.

ვისურვებდი, რომ უფრო მეტად წავიკითხოთ ლიტერატურა. ამ ეტაპზე, ძირითადად იმ ხალხს ვხვდები, რომლებიც შემთხვევით გამაჩერებენ და მათ ვესაუბრები. დიდი სურვილი მაქვს, ჩემს ტაქსიში მოხვდნენ ახალგაზრდა პოეტები, მწერლები, კრიტიკოსები, რომელთაც დღეს არ იცნობს ფართო საზოგადოება. საინტერესო იქნებოდა ცნობილ ქართველ მწერლებთან ერთად მგზავრობაც.

ეკა გადახაბაზე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო