რომელ მედიკამენტებს შეიძენენ ასაკით პენსიონერები და შშმ პირები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით? - კვირის პალიტრა

რომელ მედიკამენტებს შეიძენენ ასაკით პენსიონერები და შშმ პირები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით?

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. კერძოდ, 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ ჯგუფებს, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50%-ი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.

ფასდაკლება ვრცელდება აღნიშნული დაავადებების სამკურნალო შემდეგ მედიკამენტებზე: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი–გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) - დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ; ფილტვის ქრონიკული დაავადებები - ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

ამასთან, მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები: მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად; სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში.

"მოქალაქეს შეუძლია ფასდაკლებული მედიკამენტები შეიძინოს სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით. ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული", - აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად-1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს.

2018 წლის 13 აგვისტოდან, კი საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოს. უწყების განმარტებით, პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"