განათლების სამინისტრო უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველ სტუდენტებს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

განათლების სამინისტრო უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველ სტუდენტებს აფრთხილებს

განათლების სამინისტრო უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველ სტუდენტებს მიმართავს და ახალი მექანიზმის შესახებ აფრთხილებს.

მათი ინფორმაციით, ბოლო დროს გააქტიურდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სოციალურ ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას.

"სისტემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებისათვის თანაბარი საგანმანათლებლო უფლებების უზრუნველსაყოფად, ცვლილება შედის სწავლის უფლების მინიჭების წესში. უცხოეთიდან საქართველოში სტუდენტების მობილობის წესით გადმოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობა ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება როგორც შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სემესტრში მობილობის უზრუნველსაყოფად. აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ვთხოვთ, ნუ ენდობიან კერძო კომპანიებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაცია და სთავაზობენ საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩასარიცხად", – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობს უცხოეთის უნივერსიტეტებიდან სტუდენტების საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში გადმოსვლის შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით, რაც დადგენილია როგორც ბოლონიის პროცესის მობილობის წესებით, ასევე, სხვა საერთაშორისო შეთახმებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში.

"ინტერპრესნიუსი"