"გაუსაძლის პირობებში გვიწევდა ყოფნა" - როგორ მოატყუეს თურქეთში თხილის საკრეფად ჩასული ქართველები - კვირის პალიტრა

"გაუსაძლის პირობებში გვიწევდა ყოფნა" - როგორ მოატყუეს თურქეთში თხილის საკრეფად ჩასული ქართველები

თურქეთში სეზონურად მომუშავე საქართველოს 28 მოქალაქემ, რომლებიც ორდუს ილის უნიოს რაიონში თხილის საკრეფად არიან ჩასულები, ადგილობრივ ჟანდარმერიაში საჩივარი შეიტანეს და განაცხადეს, რომ დამქირავებლებმა ისინი მოატყუეს და ხელფასს არ უხდიან, - იუწყება თურქული გამოცემა «Milliyet».

პუბლიკაციაში ციტირებულია საქართველოს მოქალაქეების მამუკა ოკრიბაშვილისა და სალომე დვალიშვილის განცხადებები, რომელთა მიხედვით, 28 ქართველი თხილს 1 აგვისტოდან კრეფდა, მაგრამ ერთ თვეში საერთო ჯამში ყველას მხოლოდ 9 ათასამდე ლირა მისცეს. ისინი ნახევრად შიმშილობდნენ და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.

"მუშაობის დაწყებიდან 4-5 დღის შემდეგ მოვითხოვეთ თანხის გარკვეული ნაწილი იქ ყოფნისა და არსებობისთვის, გვითხრეს, რომ მალე მოგცემთ ფულსო, თუმცა მას მერე არაფერი მოუციათ", - განაცხადა მამუკა ოკრიბაშვილმა.

"იმის გარდა, რომ შესრულებული სამუშაოსთვის ფულს არ გვაძლევენ, საშინელ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, მხოლოდ პომიდორს, ნახევარ პურს და დამპალ ყურძენს გვაჭმევდნენ, საცხოვრებელი პირობებიც საშინელი იყო", - განაცხადა სალომე დვალიშვილმა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ