"რა ვქნა, თუ შრომა არ მეთაკილება?" - კვირის პალიტრა

"რა ვქნა, თუ შრომა არ მეთაკილება?"

"დედაჩემი ძალიან განიცდიდა - შვილო, ამდენი ამისთვის ისწავლე, რომ ქუჩაში მჯდარიყავიო? ტაქსის მძღოლებმა კურიოზად აქციეს ფრაზა: "ორი უმაღლესი დავამთავრე", მაგრამ მე მართლაც ორი დიპლომი მაქვს"

არ არსებობს მისთვის დაუძლეველი საქმე. მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი, მათ შორის - ახალგაზრდები უსამსახურობაზე ჩიოდნენ, ნინო გოგატიშვილი 15 წელზე მეტხანს დისტრიბუციაში მუშაობდა - საჭესთან იჯდა, ტვირთავდა, ობიექტებს ეძებდა, გამთენიისას სახლიდან გადიოდა და შუაღამეს შემოდიოდა...

- 90-იანი წლები იყო. შუქი, გაზი და წყალი ფუფუნებად ითვლებოდა. დედა მათემატიკის მასწავლებელი იყო, მისი ხელფასი არ გვყოფნიდა. მერე ავადმყოფობდა და წამლის ფული არ გვქონდა. სავაჭრო ჯიხური ვიქირავე და იქ დავიწყე მუშაობა. მერე შევისყიდე და, დროთა განმავლობაში, სურსათს ნაყინის მაცივარი მივუმატე. დედაჩემი ძალიან განიცდიდა - შვილო, ამდენი ამისთვის ისწავლე, რომ ქუჩაში მჯდარიყავიო? ტაქსის მძღოლებმა კურიოზად აქციეს ფრაზა: "ორი უმაღლესი დავამთავრე", მაგრამ მე მართლაც ორი დიპლომი მაქვს და ვერც ერთი ჩემი პროფესია ვერ გამოვიყენე...

ნაყინის სეზონი რომ მოდიოდა, კარგად ვვაჭრობდი. ერთხელ ქარხანაში მივედი ნაყინის წამოსაღებად. სულ მამაკაცები იყვნენ და გაუკვირდათ ჩემი დანახვა. კომპანიის უფროსმა მითხრა, კარგად მუშაობთ და თუ ბევრ ნაყინს გაყიდით, დისტრიბუციაში აგიყვანთო...

- თქვენ უნდა დაგეტვირთათ და ახალი ობიექტების მოძებნაზეც გეფიქრათ? - დიახ. არ იყო ადვილი, მაგრამ შეუძლებელი არაფერი ყოფილა... ლამის ბავშვობიდან ვმართავდი მანქანას. სტუდენტობისას ყველა ამრეზით მიყურებდა - ქალი საჭესთან მთლად კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა, ისევე როგორც შარვლიანი ქალი, თუმცა, საზოგადოებრივ სტანდარტებს ყურადღებას არასდროს ვაქცევდი.

თავდაპირველად ნაყინი ჩემი მანქანით დამქონდა, მერე ქარხანამ სატვირთო გამომიყო. მამაც მეხმარებოდა, მაგრამ მოხუცი იყო და ვცდილობდი, არ დამეტვირთა. სატვირთო მანქანის კაბინა ძალიან მაღალია და ასვლა ქალს კი არა, მამაკაცს გაუჭირდება, მაგრამ დღეში 40-ჯერ ავდიოდი, ნაყინი მაღაზიებში რომ ჩამომერიგებინა... ყველა გაოცებული მიყურებდა - ქალი ამას როგორ აკეთებსო?.. სხვა ჩემს ადგილას უცხოეთში წავიდოდა სამუშაოდ... არავის განვიკითხავ, მაგრამ მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში შავი სამუშაო მქონდეს...

ძალიან რომ ჭირდა, ერგნეთშიც კი დავდიოდი და საქონელი ჩამომქონდა. ერთხანს ბაზრობაზე შოთის პურებს ვყიდდი. მერე რესტორნებსა და მაღაზიებსაც ვამარაგებდი. მეგობრები და ახლობლები მეუბნებოდნენ, რატომ აკეთებ ამასო? რა ვქნა, არ მეთაკილება პატიოსანი შრომა... სხვისი ხელის შემყურე რომ არიან, ის უფრო სათაკილო მგონია. ჩემი და ექიმია და სულ მსაყვედურობს, დაანებე თავი, ისე არ გვიჭირს, რომ ასე წვალობდეო!

ნაყინის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვე "ვტაქსაობდი". რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა ბიჭებმა "გადამაგდეს". კაცი კორპუსამდე მივიყვანე. მითხრა, მეუღლეს გამოვართმევ ფულს და ახლავე ჩამოგიტანო. არ ჩამოვიდა... არადა, ისე ეცვა, ვერც იფიქრებდი, ასეთ რამეს თუ იკადრებდა.

- ახლა სად მუშაობთ? - მესამე წელია, "თბილსერვისჯგუფში", დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ. 25 ადამიანი მაბარია. მათ კონტროლი სჭირდებათ, რომ საქმე არ მიაფუჩეჩონ... ახლა ამ სამსახურში უმრავლესობა ქართველია - ვიზალიბერალიზაციის შედეგად ქურთები ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან.

დილით 4 საათზე ვიღვიძებ. ზამთარში მიჭირს - ამ დროს ღამეა და ცივა, მაგრამ შევეჩვიე... სექტემბერ-ოქტომბერში რომ დაიწყება ფოთოლცვენა, საქმე გვემატება. სამი კორპუსის გარშემო ტერიტორიის დასუფთავება ერთ მუშას ევალება... პასუხისმგებლობა არ აკლიათ, მაგრამ მე ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებ.

- როგორ იქცევით, როცა ქუჩაში ნაგავს ყრიან? - თავიდან ვჩხუბობდი - ადამიანი ასუფთავებდა, ორ ნაბიჯში კი ვიღაც ნაგავს ყრიდა! ახლა თავაზიანად ვეუბნები - ძირს ნუ დაყრით, ჯარიმებია-მეთქი. ზოგი ბოდიშს იხდის, ზოგი იღებს ნაგავს და ურნაში აგდებს, ბევრი კი მეჩხუბება, თქვენ ვინ გეკითხებათო...

- ახალგაზრდები მუშაობენ თქვენთან? - ყველაზე ახალგაზრდა 20 წლის ბიჭია, ქურთი. დედამისი 15 წელია, ამ სამსახურში მუშაობს, ბიჭი - მეორე წელია. 12 წლის ყოფილა, ბებიას რომ ეხმარებოდა, ანუ ბებიაც აქ მუშობდა... ამ ბიჭს სამუშაო 06:30-ზე ეწყება, დედამისი კი 07:30-ზე გამოდის. ჯერ დედასთან მოდის და ეხმარება, მერე კი დედა მიდის შვილთან დასახმარებლად. მთელი კორპუსი მადლობას მიხდის ამ ბიჭის გამო. ქართველი ახალგაზრდები ამ საქმეს ვერ უძლებენ. ერთი 18 წლის ბიჭი მოვიდა, მაგრამ აცდენდა, უხარისხოდ მუშაობდა.

- ოჯახის შექმნაზე არასოდეს გიფიქრიათ? - მიფიქრია, მაგრამ ყოველთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი ვიყავი. მაშინ კი არა, ახლა ვერ ეგუებიან მამაკაცები ჩემნაირ ქალებს. ჰოდა, დავრჩი ასე... მაგრამ დისშვილები მყავს, რომლებიც შვილებივით მიყვარს. ძალიან მინდოდა, ჩემს მშობლიურ საჩხერეში, სოფელ კორბოულში სახლის აშენება და ეს ოცნებაც ავიხდინე. შრომას რომ ვეღარ შევძლებ, წავალ და სოფელში ვიცხოვრებ...

ლალი პაპასკირი