საჩხერეში დაკარგული "ქალაქი" - კვირის პალიტრა

საჩხერეში დაკარგული "ქალაქი"

ქვეყნად ბევრი დიდი თუ პატარა გამქრალი ქალაქი არსებობს, მაგრამ მათ სიაში კვერეთს ვერ აღმოაჩენთ, რადგან ის ქალაქების სიაში არც არასოდეს ყოფილა. არადა, საჩხერეში, ჩიხურის ხეობაში მდებარე ეს საკურორტო ზონა იმდენად ჰგავდა პატარა "ქალაქს" გამართული ინფრასტრუქტურით, ნაგებობებით, ხეივნებით, აუზებითა და ფანჩატურებით, რომ საჩხერელები დღესაც ჩივიან, რომ მისი დანგრევით პატარა სამოთხე დაკარგეს. რაც მთავარია, ეს გამაჯანსაღებელი ადგილი გახლდათ უებარი მიკროკლიმატითა და გოგირდის წყლების აბაზანებით. დღეს მისი არსებობა მხოლოდ საჩხერეში ახსოვთ - ოდესღაც ცნობილი კურორტისგან იავარქმნილი ნაგებობები და ჩაშლილი გოგირდის წყლის აუზები დარჩა. ასე დაინგრა პატარა "ქალაქი", სადაც ნანგრევების მიუხედავად, მაინც იმდენი სილამაზე დარჩენილა, რომ გულგრილს არავის დატოვებს - ჯერ კურორტამდე მიმავალმა გზამ გამაოცა სილამაზით, მერე კი კურორტის ნანგრევების იდუმალებამ. ბოლოს ამ ტერიტორიაზე შემორჩენილი ერთადერთ ადამიანი, გიგლა ცქიტიშვილიც გავიცანი. ჯერ მისი ქოხი და ქოხთან მოდარაჯე ძაღლი დავინახე, მერე თავად ის. გოგირდის წყლის აუზებთან იდგა დაფიქრებული. რომ შემამჩნია, ნახე, რამდენი გოგირდი ამოდის მიწიდან, ნუთუ შეიძლება ამდენი სამკურნალო წყალი ტყუილად იკარგებოდესო. მთელი სიცოცხლე აქ ვცხოვრობ, დარაჯი ვიყავი, აქაურობა რომ გაპარტახდა, მაინც ვერ მოვშორდი, უკეთესი ადგილი არსად მეგულებაო. მერე მიამბო, როგორ ინგრეოდა კვერეთი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ათასობით ადამიანი ისვენებდა. კურორტის შესასვლელი ჭიშკრიდან ორი ბოძიღა დარჩენილა, იქიდან გზა ყოფილი სანატორიუმების ნანგრევებისაკენ მიემართება.

- კვერეთი სტალინის ბრძანებით გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს, მაგათი ნაგები ყველაფერი რკინასავით გამძლეა, მაგრამ ადამიანი თუ მოინდომებს, წინ რა დაუდგება! როცა კურორტი დაიხურა, ზოგიერთი უროთი მოადგა - კარ-ფანჯრების შემდეგ კედლები ამტვრიეს, რომ სამშენებლო ქვები წაეღოთ. არადა, ზუსტად ასეთი ქვები ჩიხურის ხეობაში რამდენიც გინდა, იმდენი ყრია, თუმცა არაკაცს მაგას რას გააგებინებ! ვინც კვერეთში არასოდეს ყოფილა, ვერც წარმოიდგენს, რა ლამაზი შენობები იყო. მთავარ სანატორიუმს მერცხლის ბუდესავით პატარა გუმბათიანი შესასვლელი ჰქონდა. დამსვენებლებმა სამერცხლე შეარქვეს. ახლა მისგან მხოლოდ გუმბათის ნანგრევია დარჩენილი. რომ ჩავუვლი, გული მიკვდება. სამერცხლეს წინ საბაგირო გზა გადიოდა. ვაგონი მთის წვერზე ადიოდა, საიდანაც მთელი საჩხერე ჩანდა. აქ მდინარე ჩიხურას აგუბებდნენ და პატარა ტბას აკეთებდნენ. ტბაზე ნავით რომ გაცურდებოდი, მდინარეში კალმახს დაინახავდი.

აქ სამკურნალო განა მარტო გოგირდის წყლებია, რომელიც კუჭ-ნაწლავსა და სახსრებს კურნავს, არამედ ჰაერიც. ამიტომაც იყო აქ საბავშვო ბანაკიც. სულ მათი ჟრიამული ისმოდა. ხალხი საიდან აღარ ჩამოდიოდა, კამჩატკიდან და მაგადანიდანაც მინახავს სტუმრები.

- ამ ხეობაში ყოველ 3-5 მეტრში წყარო გადმოდის, მხოლოდ ეგ იკმარებდა ხალხის გასაკვირვებლად. - კვერეთში, სანამ ჩიხურა ყვირილას შეუერთდება, იმდენი პატარა მდინარეა, აბა, როგორ ვთქვა, კაცს დაჩოქება და ლოცვა მოგინდება.

თავად ჩიხურა ტეხრევის მთაში, ნისლიანას ღელიდან იღებს სათავეს, შემდეგ კი საყდრისის წყალი, დიდღელე, თოლთის წყალი, შქერიანას, სკინტავას, ცოდვიანას, უნაგირას, ბოყსამურას, ჭინჭრის, სალოცავის და კიდევ სხვა ბევრი ღელე უერთდება.…

- ამ საოცარ სახელებს უცხოელები რას გაუგებენ, მაგრამ ამ პატარა ჩიხურას მართლა სასწაული სილამაზე ჰქონია. დასანანია, რომ ამ ხეობაში კურორტი აღარ არის, არც ტურისტი ჩანს. - ეჰ, ამ გოგირდის წყლებს, რომლებიც ტყუილად იღვრება და ჩიხურას მიჰყვება, მართლა ოქროს ფასი აქვს. ეგ ვის ესმის, გარდა იმ ხალხისა, რომელიც აქ გოგირდის წყლის წასაღებად მოდის, ზოგი ატკივებულ სახსარს ირჩენს, ზოგი კიდევ ჩვილებს აბანავებს გამონაყარის სამკურნალოდ. ჩემზე კარგად აბა ვინ იცის მაგ წყლების სარგებლიანობა. განა სახლ-კარი არ მაქვს, მაგრამ ამ წყლებმა სამოცდაათ წელს მიღწეული კაცი გამაყმაწვილა - ყველას უკვირს, ჩვენ მხოლოდ ორმოცდაათი წლის გვეგონეო. ყოველ დილით ჭიქა გოგირდის წყალს ვსვამ, ყოველდღე გოგირდის წყალში ვბანაობ და იმიტომაც ვარ ჯანმრთელი. იქნებ თქვენც გასინჯოთ, - მითხრა გაუდაბნოებული კურორტის მცველმა და გოგირდის წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა. ჩამოვართვი და დავცალე. უცნაური გემო ჰქონდა - დედამიწის გულიდან ამომავლის, რაღაც ისეთის, რაც აუცილებლად ყველამ უნდა გასინჯოს, ამისთვის კი საჩხერეში დაკარგული სამოთხის - კვერეთის გაცოცხლებაა საჭირო. ვნახოთ, ეგებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც ამით, უპირველესად, თავის თავს არგებს, მერე კი სხვებსაც!

ეთერ ერაძე