გაგვაგებინეთ, ვისი საპატრონოა სიონი?! - კვირის პალიტრა

გაგვაგებინეთ, ვისი საპატრონოა სიონი?!

"ის შეიძლება ეკუთვნოდეს მუნიციპალიტეტს, შეიძლება სატყეოს ან ეკონომიკის სამინისტროს, ან ჩვენ" (?!)

ინტერნეტით ძიებისას სიონის ტბას თუ დაგუგლავთ, ადვილად იპოვით თიანეთის კურორტის შთამბეჭდავ ფოტოებს. მათი თვალიერებისას თიანეთის ხილვის ცდუნება უფრო ძლიერდება. არადა, სიონის ტბაზე დასასვენებლად წასვლის მსურველებს, საკუთარი გამოცდილებით ვურჩევ, რომ უპირველესად აირწინაღების მომარაგებაზე იზრუნონ. მათ საყურადღებოდ, ვისაც ამ მთაგორიანი სამოთხის (რომლის ხედებიც დაკვირვებულ თვალს აჭარულ მწვანე კონცხსაც მოაგონებს) რეალური მდგომარეობის გაცნობის საშუალება ჯერ არ ჰქონია, იქ არსებულ დაბინძურებაზე მინდა ვესაუბრო.

არ არის საკამათო, რომ ტურისტულ რეგიონს და ასეთ ლამაზ გარემოს, მოვლა-პატრონობა სჭირდება, მით უმეტეს, ყოველდღიურად სულ უფრო მწვავედ ვდგებით უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე. იქ ნანახი ნაგავსაყრელის ხილვისას, ვფიქრობ, არა მხოლოდ ადგილობრივებს, ცოტა ხნით ჩასულ დამსვენებლებსაც მწვავე რესპირატორული დაავადებების შეყრა, დიდი ალბათობით, გარანტირებული აქვთ.

სიონის წყალსაცავის ტერასული ტიპის სანაპიროს, რომელსაც გარს საბადურის ტყე აკრავს, მხოლოდ პატარა ტერიტორიაა შედარებით მოვლილი. შესაბამისად, დამსვენებლების სიმრავლეც არის, დანარჩენ ფართობზე კი, ტყეშიც და ტბის პირზეც, ნებისმიერს შეუძლია იხილოს ყავის დაჟანგებული ქილები, ბოთლების ნამსხვრევები, ერთჯერადი ქაღალდის ნარჩენების გროვა, ცელოფანის პარკები, ძველი ფეხსაცმელი, პლასტმასის ნივთები. თითოეული მათგანი იმდენად დიდი ხნისაა, შეიძლება იფიქროთ, რომ ადგილობრივი არტეფაქტების გამოფენას სტუმრობთ. სინამდვილეში, ეს დაბინძურებული ტერიტორიაა, რომლის შექმნაში თანაბრად აქვს წვლილი შეტანილი მას, ვინც იქ სიგარეტის თუნდაც ერთი ნამწვი დააგდო, და მასაც, ვინც ამ ყველაფერს გულგრილად უყურებს.

სიონელებმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, ხოლო დამსვენებლების თქმით, მათ მიერ დაგდებული თუ დაუგდებელი ერთი ქილით ან პარკით აქაურობას არც არაფერი ეშველება და არც არაფერი დაუშავდება. მსგავსი განცხადებების შემდეგ, რამდენიმე მოპიკნიკემ კეთილსინდისიერად შეგროვებული ნასუფრალი სპეციალურ პარკში რომ ჩაყარა და თან წაიღო, ამ ფაქტის დაფიქსირებისას სიხარული და მათდამი მადლიერება ნამდვილად დიდი იყო. თუმცა ეკოლოგიაზე მზრუნველი სახელმწიფო ან კერძო პირი იქ ყოფნისას, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე. თემაზე კომენტარისათვის დავუკავშირდი თიანეთის ამჟამინდელ მერს თამაზ მეჭიაურს: "ჩვენი დასუფთავების სამსახურს მხოლოდ დაბის დასუფთავება ევალება, წყალსაცავზე ზრუნვა მელიორაციის დეპარტამენტის სააგენტოს მოვალეობაა, საბადურის ტყე კი სატყეო დეპარტამენტს ეკუთვნის. ადგილობრივი ბიუჯეტი არ გვაძლევს ყოველდღიურად დასუფთავების საშუალებას. არც ტექნიკა გვაქვს ყოველდღიურად ნაგვის გასატანად".

მელიორაციის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთევან კაცაძე სააგენტოს ვალდებულებად მხოლოდ წყალსაცავის წყლისა და პატარა მონაკვეთის დასუფთავებას მიიჩნევს: "წყალსაცავის წყალსა და მცირე ტერიტორიას, რომელიც შემოღობილია, ჩვენ ვასუფთავებთ, მაგრამ სანაპიროს (11 კმ სიგრძის) დასუფთავება ჩვენი კომპეტენცია არ არის, ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა".

სატყეო სააგენტოში განგვიმარტეს, რომ საბადურის ტყის დასუფთავება მათ უფლება-მოვალეობას აღემატება და მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის უფროსთან, დავით ალადაშვილთან დაგვაკავშირეს. ბატონმა დავითმა, თავის მხრივ, თბილისის ეროვნულ პარკში გადაგვამისამართა. ყველაზე საინტერესო და მწარე ღიმილის მომგვრელი საუბარიც ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსთან, ლაშა მელაძესთან გაიმართა: "თუ მეტყვით GPS-კოორდინატს, გეტყვით, გვეკუთვნის თუ არა ტყის ის ნაწილი, რომელიც სიონის წყალსაცავთანაა. ის შეიძლება ეკუთვნოდეს მუნიციპალიტეტს, შეიძლება სატყეოს ან ეკონომიკის სამინისტროს, ან ჩვენ. საერთოდ, დასუფთავება არ გვევალება, მაგრამ ჩვენი თანამშრომლები თუ დაინახავენ რამეს დაყრილს, გააქვთ. ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს ევალება".

ამდენ გადაბრალება-გადმობრალებაში ბევრი ვრეკეთ თუ ცოტა, ყველა გზამ უკან, თიანეთის მუნიციპალიტეტთან მიგვიყვანა.

ფაქტია, ვერავინ მიპასუხა, რომელ სააგენტოს, დეპარტამენტს ან რა დაწესებულებას ეკუთვნის საბადურის ტყე და სიონის წყალსაცავის სანაპირო ზოლი, მათ დასუფთავებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

საინტერესოა, ეს სიტუაცია რამდენად იქნებოდა მომხიბლავი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის, რომელთა წინაშე ნაკისრი გაცილებით რთული ვალდებულებების შესრულებას ამაყად ვიკვეხნით ხოლმე. გერმანელი ჟურნალისტის დასმული კითხვა, გვჯერა თუ არა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, ყველა ქართველმა პირად შეურაცხყოფად მივიღეთ, მაგრამ დღეს ერთ დიდ ბუნკერად ქცეული, ფეკალიების სუნით გაჟღენთილი ტყე ეროვნულ სიამაყედ მიგვაჩნია, რადგან მსოფლიოს ულამაზესი ტყეების ოცეულში დასუფთავებისა და ზედმეტი წვალების გარეშეც არის შესული. მერე რა, თუ ვერ გაგვირკვევია, ვისი საპატრონოა?!

სიონის წყალსაცავი

სიონის წყალსაცავი 1963 წელს წყლის ხარჯის რეგულირების მიზნით შეიქმნა დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. იგი გამოიყენება ასევე მცირე სიმძლავრის სიონის ჰიდროელექტროსადგურის მოსამარაგებლადაც. წყალსაცავის ფართობი 12,8 კმ2-ია, მაქსიმალური სიღრმე _ 67 მ. ქვაბულის ფერდობები მუხნარითა და რცხილნარით არის დაფარული. სიონის ძველი დასახლება ქვაბულის ფსკერზე, წყალსაცავის ქვეშაა მოქცული. სოფელთან ერთად წყლით დაიფარა შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი, ხოლო V ს-ის II ნახევრის ბაზილიკა წყალსატევის მშენებლობის დროს დაშალეს და თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაიტანეს.

თეკლა ლომთაძე