რა სიახლეები ელოდებათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს? - კვირის პალიტრა

რა სიახლეები ელოდებათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს?

ყოველ 15 წუთში წამოახტუნო ბავშვი და ათამაშო, არ არის სწორი. დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სკოლისთვის არ არის ბავშვი მზად, საბავშვო ბაღში დატოვონ სათამაშოდ...

დაწყებით კლასებში გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდება, მცირეკონტინგენტიან სკოლებში კი, შესაძლოა, ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს.

ამის შესახებ განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა გვესაუბრება.

- გაკვეთილების ხანგრძლივობა მე-2 კლასში 5 წუთით შემცირდა და 45 წუთის ნაცვლად, 40-წუთიანი გახდა. პირველ კლასში 35 წუთი იქნება, მე-3-დან მე-12 კლასამდე - 45 წუთი.

გარდა ამისა, პირველ კლასში ყოველი გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ აუცილებელია, მასწავლებელმა ბავშვები ფიზიკურად გაავარჯიშოს, რადგან პირველკლასელს უჭირს დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომა...

ამ სიახლეს დადებითად აფასებს 117-ე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლალი მუჩიაშვილი.

- პირველკლასელისთვის ძალიან ძნელია 35 წუთი ერთ საკითხზე ფიქრი, ამიტომ აუცილებელია ბავშვების განტვირთვა... რაც შეეხება მეორეკლასელებს, მათთვის წელს პირველად იქნება 40-წუთიანი გაკვეთილები და ვფიქრობ, ესეც დადებით შედეგს გამოიღებს. თუ მასწავლებელი გონივრულად გამოიყენებს დროს, მეორეკლასელისთვის 40 წუთი საკმარისია.

ფსიქოლოგ მაგდა ხახონაშვილის აზრით, პირველკლასელებს სკოლა უნდა შევაყვაროთ და პირდაპირ აკადემიური გარემო არ უნდა "ვაჯახოთ":

- ვარჯიშს მივესალმები, რადგან პირველკლასელებს უფრო თამაში და გართობა აინტერესებთ. ეს უნდა იყოს გარდამავალი წელი ბაღსა და სკოლას შორის. ბავშვმა თამაშ-თამაშით უნდა ისწავლოს ყველაფერი. თუ ყველაფერს კარგად დაგეგმავენ, დადებით შედეგს მივიღებთ.

თეონა ტაბატაძე, მშობელი: - გადახედონ იაპონიის მოდელს, ძალიან საინტერესოა. ყოველ 15 წუთში წამოახტუნო ბავშვი და ათამაშო, არ არის სწორი. იქნებ ერთს მოსწონს, მაგრამ მეორეს არ უნდა ვარჯიში... მაგალითად, ჩემს უფროს შვილს ურჩევნია, იჯდეს და უსმინოს, 35 წუთი არ არის მისთვის ძნელად გასაძლები დრო, ჩემი მეორე შვილი კი ჰიპერაქტიურია, 10 წუთსაც ვერ დასვამ მშვიდად. სკოლაში დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას თავიდანვე უნდა მიეჩვიონ. თუ სკოლისთვის არ არის ბავშვი მზად, საბავშვო ბაღში დატოვონ სათამაშოდ...

ქართული ენის მასწავლებლის, ნანა სახეჩიძის აზრით, ბავშვებს თავისუფალი გარემო უნდა ჰქონდეთ და დრო არსებითი არ არის. - საინტერესოა, როგორ გაართმევენ პედაგოგები თავს. არ შეიძლება, ძველებურად ვასწავლოთ ბავშვებს. 21-ე საუკუნის მოსწავლეები განსხვავებული არიან და მასწავლებლები ხშირად ვერ ახერხებენ მათ მართვასა და გაგებას. ჩვენთან პრესქული (წინასასკოლო მოსამზადებელი ჯგუფი) არ არის და ამის გამო პირველკლასელები და მასწავლებლები ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან. მე თუ მკითხავთ, მერხები და სკამები პირველ კლასში არ უნდა იყოს. ბავშვებს თავისუფალი გარემო უნდა ჰქონდეთ...

იცვლება შეფასების სისტემაც. განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განმარტებით, I -დან V კლასის პირველი სემესტრის ჩათვლით, მოსწავლეები არ შეფასდებიან განმსაზღვრელი ქულებით. აქამდე ნიშნები არ იწერებოდა I-IV კლასებში. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება და ორიენტირებული იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე.

- მეორე უცხო ენასთან დაკავშირებით გაჩნდა ვალდებულება, რომ მეხუთე კლასში მოსწავლეს არ შევთავაზოთ მხოლოდ ერთი უცხო ენა, არამედ მოსწავლემ თვითონ აირჩიოს მეორე ევროპული ენა, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

განათლების მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას განცხადებით, პირველკლასელთა სახელმძღვანელოების წონა 1 კგ-ს არ აღემატება და 17 სექტემბრისთვის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილი იქნება. წელს 3 მილიონ 800 ათასი სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს.

ნათია სიბაშვილი