ქართველები ავსტრალიაში - კვირის პალიტრა

ქართველები ავსტრალიაში

"ახლა მელბურნში 40 ქართველი ებრაელი და 80 ქართველი ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობა 2,5 მილიონია და წარმოგიდგენიათ, რა ცოტა ქართველია აქ?"

"მოგესალმებით ავსტრალიიდან, მელბურნიდან გწერთ, ონლაინ მუდმივად ვადევნებ თვალს თქვენს გაზეთს. 1971 წელს ქუთაისში დავიბადე. ჩვენ პირველი ემიგრანტები ვიყავით, ვინც საქართველოდან ავსტრალიაში ჩამოვედით 1975 წელს. საქართველოში არ ვყოფილვარ, ახლო მომავალში ვგეგმავ ჩემი ქვეყნის მონახულებას. ახლა ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ სასმელების ინდუსტრიაში. ავსტრალიაში არაჩვეულებრივი ღვინოებია, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ჩემი ქვეყნის უნიკალური ღვინოები დავაგემოვნო. იმედია, 47 წლის შემდეგ ჩემს სამშობლოს მოვინახულებ".

პატივისცემით, ნინა ფრიდმანი, იგივე ნინო ჩიკვაშვილი

როგორ აღმოჩნდა ჩიკვაშვილების ოჯახი ავსტრალიაში, ნინა ფრიდმანი ჩვენს მკითხველს უამბობს:

ნინა ფრიდმანი:

- ახლა მელბურნში 40 ქართველი ებრაელი და 80 ქართველი ოჯახი ცხოვრობს. მელბურნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2,5 მილიონია, წარმოგიდგენიათ, რა ცოტა ქართველია აქ?

- როგორ წავიდა თქვენი ოჯახი ავსტრალიაში? რატომ მაინცდამაინც ავსტრალია? - რომ დავიბადე, ჩემი მშობლები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ - დედა 16-ის, მამა 23-ის. იმ პერიოდში უკვე დასრულებული იყო ისრაელში 6-დღიანი ომი და ისრაელის ტერიტორია სამჯერ გაიზარდა... მაშინ ბევრ ებრაელს გაუჩნდა თავის ქვეყანაში დაბრუნების სურვილი. რაც მთავარია, საბჭოთა კავშირი ამის ნებას იძლეოდა. ჩვენი ოჯახი ჯერ ვენაში, შემდეგ კი ისრაელში გაემგზავრა. მაშინ თვეების ვიყავი. დედ-მამა ვერ შეეგუა ისრაელში ცხოვრებას, იქაურ კლიმატს. ჩემი ორი უმცროსი და იქ დაიბადა, ხაიფაში. მამამ მალევე მოინდომა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ვერ შევძელით უკან ჩამოსვლა, რადგან საჭირო დოკუმენტები არ გვქონდა. სამი ქვეყანა დაუსახელეს მამას, სადაც წასვლა შეგვეძლო - ამერიკა, ავსტრალია და კანადა. რადგან ჩვენი ოჯახის მეგობრები ავსტრალიას ირჩევდნენ, ჩვენც იქით ავიღეთ გეზი, ასე მოვხვდით ავსტრალიაში.

- ქართულ ტრადიციებს თუ ინარჩუნებთ?

- აქ ძალიან პატარა სათვისტომოა ქართველების და მაშინ ხომ საერთოდ არავინ იყო ქართველი. ავსტრალიაში 2012 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო და მას შემდეგ მუდმივად მაქვს მათთან კონტაქტი, ვესწრები სხვადასხვა ღონისძიებას. ქართველებს მაინც გვიჭირს სხვა ქვეყნის კულტურასთან ინტეგრაცია, ამიტომ ჩვენ უფრო ვინარჩუნებთ ტრადიციებს. დედ-მამა სახლში ქართულად საუბრობს, ამიტომ ქართული მესმის, თუმცა ვერ ვლაპარაკობ. მთელ ოჯახს ძალიან გვიყვარს ქართული სამზარეულო, დედა ხშირად ამზადებს ქართულ კერძებს. ერთი სული მაქვს, როდის დავდგამ ფეხს საქართველოს მიწაზე.

"ვისხედით ავსტრალიის ცის ქვეშ, ვისმენდით ღვთაებრივ ჰანგებს და ვტიროდით"

ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი ავსტრალიაში ქართველების მიგრაციის სავარაუდო პერიოდად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებს ვარაუდობს. ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც იქ ჩავიდა, ევსევი, იგივე ხუტა ახვლედიანი იყო.

- ხუტა ახვლედიანი ბათუმის საბაჟოს მოხელე იყო. ბოლშევიკურ რეჟიმს გაქცეული, ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ავსტრალიაში ჩავიდა. მისი ოჯახი მარტვილში ცხოვრობდა. მამა აზნაური იყო, დედა - თავადის ქალი, ესმა ჩიქოვანი, ნოე ჟორდანიას დედის ბიძაშვილი... ხუტა მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დამოუკიდებელი საქართველოს დროს მაიორი ახვლედიანი ბათუმის საბაჟოში მუშაობდა, რომლის თანამშრომლებმა ბოლშევიკთა რისხვა დაიმსახურეს, რადგან ხელი შეუწყვეს ჟორდანიასა და მის მთავრობას ოკუპირებული ქვეყნიდან გასვლაში. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, ხუტამ მიმალვა მოასწრო - ჯერ ასტრახანში წავიდა, საფრანგეთში უნდოდა გამგზავრება, მაგრამ ვერ მოახერხა, ამიტომ მანჯურიაში გადავიდა. იქ ძლიერი ქართული სათვისტომო დახვდა, კლუბითა და შესანიშნავი ბიბლიოთეკით, რომელსაც წლების განმავლობაში ივლიანე ხაინდრავა უძღვებოდა. ხუტას უფროსმა ძმამ გარდაცვალებამდე ქალიშვილს, ნადიას ანდერძად დაუბარა დაკარგული ძმის მოძებნა. ნადიამ შეიტყო ბიძის მისამართი და დაუკავშირდა... თუმცა ჩინეთ-რუსეთის ახალმა უთანხმოებამ, კონფლიქტმა მაო ძედუნთან და საბჭოთა მოქალაქეთა წინააღმდეგ დაწყებულმა მოძრაობამ შეუძლებელი გახადა ხუტას ჩინეთში დარჩენა. 1963 წლის იანვარში ნადიას სწერდა: "გავემგზავრები საფრანგეთში ან ავსტრალიაში. უკანასკნელს უფრო მირჩევენ, ვინაიდან ცხოვრების პირობები უფრო კარგი ყოფილა"...

ხუტა ახვლედიანი სიდნეიში დასახლდა და კარგა ხანს ეძებდა სამსახურს, რათა სამშობლოში დასაბრუნებელი თანხა შეეგროვებინა. ამ დროისთვის უკვე 71 წლის იყო. ნაცნობებს რომ მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა, მოხუცთა სახლში მოეწყო, მაგრამ ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია, სწავლობდა ინგლისურს და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა. რაც უფრო ეწურებოდა იმედი, მით უფრო ეძალებოდა ქართულ კულტურას, აგროვებდა ქართულ წიგნებს სიდნეიში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის. პორტში საბჭოთა გემებს ხვდებოდა, რომ მეზღვაურებს მშობლიურ ენაზე დალაპარაკებოდა. ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გასტროლები ავსტრალიაში ზეიმად ექცა...

ხუტას წერილებში ვკითხულობთ: "აქ რამდენიმე ქართული ოჯახია, მელბურნში კი სულ ორი... ახალგაზრდებმა ქართული არ იციან, რადგან უმეტესობას დედა რუსი ჰყავს. მიუხედავად ამისა, თავს ქართველებად თვლიან და ძალიან ამაყობენ ამით... ქართველები ვცდილობთ ქართული ლიტერატურა ერთმანეთს გავუზიაროთ".

ხუტას ახარებდა ქართველთა ყველა წარმატება - ვახტანგ ჭაბუკიანის ქება თუ ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვება. მადლობას იხდიდა ფალიაშვილის ოპერის "დაისის" ფირფიტის გადაგზავნისათვის, რომელიც ერთ ქართულ ოჯახში მოისმინეს: "ვერ წარმოიდგენთ, რა დღეში ვიყავით. ვისხედით ავსტრალიის ცის ქვეშ, ვისმენდით ღვთაებრივ ჰანგებს და ვტიროდით".

ბოლო ღია ბარათი 1974 წლით არის დათარიღებული, ხოლო 1975 წლის 21 თებერვალს ავსტრალიიდან ნადია ახვლედიანმა ბიძის გარდაცვალების ცნობა მიიღო. ბიძისათვის გაგზავნილმა ნადია ახვლედიანის მორიგმა ამანათმა ადრესატს ვეღარ ჩაუსწრო. იქ მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ნადიას წერილში ჰპირდებოდა მის უკანვე გამოგზავნას. ნადია ახვლედიანმა საპასუხო წერილში სთხოვა მას, ამანათით გაგზავნილი ხმელი ხილი და ჩურჩხელები ბავშვებისათვის დაერიგებინათ, წიგნები კი მიემატებინა ბიძამისის ბიბლიოთეკისათვის, რომელსაც იგი ასეთი რუდუნებით აგროვებდა სამშობლოსგან მოწყვეტილი თანამემამულეებისათვის.

ნინო წიფურია