"5 წლამდე გოგონა მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა, წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი, არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ბიჭი" - რა მოხდა ქობულეთში? - კვირის პალიტრა

"5 წლამდე გოგონა მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა, წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი, არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ბიჭი" - რა მოხდა ქობულეთში?

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" რედაქტორი თამუნა ნეფარიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფაქტის შესახებ წერს, რომელსაც თავად შეესწრო.

"განა მარტო პოლიციასა და ჯარში არიან გმირები! ახლახან გავხდი გმირობის ფაქტის შემსწრე. ეს ბიჭი არის ირაკლი კვირკველია, ქობულეთის რკინიგზის სადგურის უფროსი, ნახევარი საათი ვეჩალიჩე, რომ ფოტოს გადაღებაზე დამეთანხმებინა. მატარებლიდან ჩამოსული 4-5 წლის გოგონა, კარებიდან 2-3 მეტრში, მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდა, წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი. ატყდა წივილ-კივილი, არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ბიჭი ამ არასამუშაო დღეს იქ და წამებში დაუფიქრებლად ჩახტა და ამოიყვანა ეს ბავშვი. ახლაც მაკანკალებს ის სურათი რომ მახსენდება. ბავშვს არაფერი მოსვლია, თუ არ ჩავთვლით სტრესს. მშობლები ალბათ ისე დაიბნენ, არც კი იციან ვინ გადაარჩინა მათი შვილი, მე კი მომინდა ეს ამბავი თქვენთვისაც გამეზიარებინა" , -წერს თამუნა ნეფარიძე. (წყარო)

ფოტოზე: ირაკლი კვირკველია