"ეს იყო მისთვის ყველაზე რთული, მაგრამ გადავლახეთ" - რას ყვება მოლაშქრე ქართველი დედა 8 წლის შვილზე? - კვირის პალიტრა

"ეს იყო მისთვის ყველაზე რთული, მაგრამ გადავლახეთ" - რას ყვება მოლაშქრე ქართველი დედა 8 წლის შვილზე?

შვილებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა სასიამოვნო პროცესია. მშობლების უმეტესებას ბავშვებზე არანაკლებ უხარია ბუნებაში დროის გატარება, თუმცა ნაკლებად მოიძებნება ისეთი მშობელი, როგორიც ჩვენი რესპონდენტი ანა ხავთასია. ის საქართველოს ულამაზეს ადგილებს უკვე რამდენი წელია მცირეწლოვან შვილებთან ერთად ლაშქრავს. ანას ორი შვილი ჰყავს - 8 წლის ნიკოლა და 5 წლის ნინო ქათამაძეები.

- ლაშქრობების მოყვარული ხართ, როგორ და როდის გადაწყვიტეთ პატარებთან ერთად ბუნებაში გასვლა?

- თავიდან მარტო დავდიოდი, ბავშვები კი მამასთან რჩებოდნენ, ძალიან პატარები იყვნენ, როცა გასვლები დავიწყეთ, მაგრამ ამას ლაშქრობებს ვერ ვუწოდებ, უფრო გასეირნებას ჰგავდა. პირველი დიდი გასვლა მთელ ოჯახს რაჭაში, მრავალძალის სალოცავზე გვქონდა. ნინი ალბათ 2 წლის იქნებოდა, ნიკოლა - 5-ის. თუმცა ნიკოლა 4 წლის იყო, სამეგრელო რომ მოვატარეთ აქტიურად. ნინი უფრო დაჩაგრული გვყავს, დიდ მანძილებზე ჯერ ვერ დამყავს. ასევე ჩვენ დავდივართ ეკოტურებზე, ვასუფთავებთ დანაგვიანებულ ადგილებს, ამით კი ბავშვებს თავიდანვე ვაჩვევ, რომ არ შეიძლება გარემოს დაბინძურება.

- ანი, რატომ გაგიჩნდათ ბავშვებთან ერთად ისეთ ლაშქრობებში სიარულის სურვილი, რომელიც სახიფათოც შეიძლება იყოს, მით უმეტეს პატარებისთვის. რა მიზანი გქონდათ?

- პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ნიკოლა ძალიან დამოკიდებული იყო კუმპიუტერზე. ბევრი მცდელობის და მიდგომის მიუხედავად, ვერაფრით ჩავანაცვლეთ კომპიუტერი, ამიტომ შაბათ -კვირას, როცა ბაღში ვერ მივდიოდით და ფაქტობრივად გვქონდა ომი, გადავწყვიტე ჩემთან ერთად წამოსულიყო ხოლმე. ძალიან გამიჭირდა, იღლებოდა, წუწუნებდა. მიწევდა ბევრი რაღაცების მოგონება, რომ უფრო დიდი მონდომება ჰქონოდა, ევლო ფეხით, გამოვიგონეთ თამაში, რითაც ვხურავდით სხვადახვა ტურს, ერთი ადგილიდან მეორეში მისასვლელად, რამაც გამოიღო შედეგი და ყველაზე დიდი გზა 22 კმ. გაიარა აბუდელაურის ფერად ტბებზე. რაც შეეხება ნინის, ამ შემთხვევაში ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, რადგან ნიკოლა დადიოდა, მასაც მოუნდა და ასე დავიწყეთ სამივემ ერთად სიარული. რთული იყო, მაგრამ ვთვლი, უკვე ყველაფერი გადავლახეთ და სიხარულით ველოდებით შაბათ-კვირის მოსვლას.

რაც შეეხება ხიფათს, სახიფათო ნამდვილად არის, როცა ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დადიხარ, მაგრამ როცა გულით გინდა, ცუდზე აღარ ფიქრობ.

- დაახლოებით რა სირთულის ლაშქრობებზე დადიხართ ?

- ყველაზე რთული გზა ნიკოლამ აბუდელაურის ტბებზე, ხევსურეთში გაიარა. მოგეხსენებათ, ამ ტბების მონახულება უფროსებსაც უჭირთ. სირთულის გადალახვა რამდენიმე კვირის წინ გავრისკეთ, ნიკოლამ, რომელიც 8 წლისაა, შეძლო ბოლომდე ასულიყო, იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან წვიმდა, იყო სეტყვაც... დაიღალა კიდეც, მაგრამ უფრო წვიმის შეეშინდა... აბუდელაურის ფერადი ტბები, როგორც მახსოვს, 2800 მეტრზეა და ეს უკვე ალპურ ზონად ითვლება, იქ არც ხეა, არც ბუჩქი. იფიქრა, დავრჩებითო და ამიტომ შეეშინდა. ეს იყო მისთვის ყველაზე რთული, მაგრამ გადავლახეთ და მშვიდობით ჩამოვედით, ახლა ამბობს, ისევ წავიდეთო.... რაც შეეხება ნინის, მასთან ერთად ზამთრის მიწურულს ვიყავით ფიტარეთში, სუსხიანი ყინვინი დღეები დაგვემთხვა, ნინი მაშინ 4 წლის იყო და სიდინჯითა და მონდომებით რთული გზა, 15 კმ გაიარა. უკანა გზაზე, რომ დაგვაღამდა, შიშით ატირდა, ამბობდა, მამასთან მინდაო. განაგრძეთ კითხვა