"ამ ამბავს ვინმეს ეტყვი და მოკვდება" - კვირის პალიტრა

"ამ ამბავს ვინმეს ეტყვი და მოკვდება"

ინტერნეტში ახალი სახიფათო თამაში "მომო" გამოჩნდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს განათლებისა და განვითარების ცენტრი" რამდენიმე თვის წინ შეუდგა ქართულ ინტერნეტსამყაროში არსებული სიტუაციის შესწავლას. ორგანიზაციის წევრი ალექსანდრე ადამაშვილი "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ დღეისათვის ქართულ ინტერნეტსივრცეში არაერთ მავნე თამაშს შეხვდებით, მათი პოტენციური მსხვერპლი კი არასრულწლოვნები არიან. გამოკითხული მოზარდებიდან ყოველი მე-7 ინფორმირებული ან ჩართულია ამ თამაშებში, ყოველი მე-3 კი რაიმე ფორმით გამხდარა ინტერნეტბულინგის მსხვერპლი.

ალექსანდრე ადამაშვილი: - არასამთავრობო ორგანიზაციები "საქართველოს განათლებისა და განვითარების ცენტრი" და "სამოქალაქო საზოგადოების გზამკვლევი" მოზარდებთან ერთად სრულიად სხვა პროექტზე მუშაობისას დაინტერესდნენ ქართულ ინტერნეტსივრცეში არსებული რეალობით.

მოსწავლეები გვიყვებოდნენ, რა სახის პრობლემებს აწყდებოდნენ სოციალურ ქსელებში, გვაწვდიდნენ მაგალითებს, თუ როგორ ერთვებოდნენ ბავშვები სხვადასხვა მავნე თამაშში, გვისახელებდნენ კონკრეტულ ჯგუფებს, გვერდებს, სადაც ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი და უკონტროლოა. იქვე შეხვდებით ეროტიკული შინაარსის პოსტებს თუ სტატიებს და მავნე თამაშების პოპულარიზაციას.

გარდა ამისა, მოსწავლეების თქმით, ხშირია არასრულწლოვნების ლაივებში ჩართვა, ბავშვების ერთმანეთთან ვითომ უწყინარი საუბარი, გაცნობა, შემდეგ კი მოზარდების ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ეროტიკულ საიტზე ხვდება.

სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იწერენ ამ ლაივებს, შემდეგ ამონტაჟებენ და ათავსებენ სხვადასხვა საიტზე.

ბავშვების მონათხრობი იმდენად მძიმე მოსასმენი იყო, რომ დავიწყეთ ამ თემის შესწავლა, საქმეში ჩავრთეთ ფსიქოლოგები, იურისტები, კერძო დეტექტივები... დავიწყეთ დაკვირვება სოციალურ ქსელზე, მასში არსებულ ჯგუფებზე, გამოვკითხეთ ახალგაზრდები და, სამწუხაროდ, რეალობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა.

- რა მავნე თამაშებია დღეს ჩვენს ინტერნეტსივრცეში, როგორ არჩევენ და რთავენ პოტენციურ მსხვერპლს თამაშში? - "ლურჯი ვეშაპის" ჯგუფებში გაწევრება მონაწილე პირების რეკომენდაციით შეიძლება. გამოიკვეთა ზარები, სმს-შეტყობინებები რუსეთის ნომრებიდან, დადასტურდა თვალთვალის ფაქტებიც.

"ლურჯ ვეშაპს" ქართულ ინტერნეტრეალობაში ახალი სახიფათო თამაში "მომო" მოჰყვა. დღემდე ვერ გაარკვიეს, ეს პროგრამა ალგორითმია თუ სხვა რამ. თამაში სწრაფად გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ასევე სწრაფად გავრცელდა, სავარაუდოდ, ყალბი გვერდები, რომელთა მეშვეობითაც ქართულად სწერენ ბავშვებს და მათ სხეულის სხვადასხვა ადგილას "მომოს" ამოკაწვრას სთხოვენ.

დავალების მიცემამდე, დადგენილი აქვთ ამა თუ იმ ბავშვის მისამართი, მათი და მათი ოჯახის წევრთა შესახებ პირადი ინფორმაცია, რომელსაც მეტწილად სოციალური გვერდიდან მოიპოვებენ, შემდეგ კი იწყება შანტაჟირება. ორივე თამაშის, "ლურჯი ვეშაპისა" და "მომოს", მიზანი მოთამაშის თვითმკვლელობამდე მიყვანაა.

როგორც აღმოვაჩინეთ, "მომო" უმეტესად მარტოსულ, დეპრესიულ, ფაქიზი ფსიქიკის მქონე მოზარდებს არჩევს. უგზავნის ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებსა და აძლევს დავალებებს. ჩვენი მონაცემებით, სამი პოსტი სუიციდზე, უიმედობისა და დეპრესიის გამომხატველი ფოტოები, მარტოობა - ამ შინაარსის სოციალური გვერდი საკმარისია "მომოს" მოზარდით დასაინტერესებლად.

დღეში 10-მდე პროფილს ვსწავლობდით, რომელიც მსგავს ფოტოებს ან ინფორმაციას მოიცავდა. სხვადასხვა გზით ვახერხებდით გვერდის მფლობელთან დაკავშირებას და 80% შემთხვევაში დასტურდებოდა, რომ უკვე მისწერეს ან ჩართული არიან ამგვარ თამაშში. სამწუხაროდ, პრესამდე ძალიან ცოტა ინფორმაცია აღწევს. შსს-ს არ ჰყავს სათანადო კადრები, არა აქვს ასეთ საქმესთან შეჭიდების გამოცდილება.

- ასე რატომ ფიქრობთ? - პოტენციური მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ შსს-ს, თუმცა ამაოდ. ის კი არა, გვისაყვედურეს, რამდენი ვინმე ფოტოს გამოაქვეყნებს სუიციდის თემაზე, იმდენჯერ შეტყობინებები ხომ არ უნდა გვიგზავნოთ, ჩვენ ბევრი სხვა საქმეც გვაქვსო!..

რეგიონის პოლიციის განყოფილებებში განსაკუთრებით რთულია ამ საქმეზე მუშაობა. ზოგიერთ მუშაკს მსგავსი ინტერნეტთამაშების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და ახსნამ მომიწია, თუ რა არის კიბერბულინგი. ჩვენება კი ჩამომართვეს, მაგრამ უკვე 3-4 თვე გავიდა და არავინ დამკავშირებია.

სოციალური ქსელი უკონტროლოა. ხომ შეიძლება სხვადასხვა საიტი დაიბლოკოს ან დაჯარიმდეს, როგორც სხვა ქვეყნებშია. გასაგებია, რომ სრულიად ვერ ალაგმავენ, მაგრამ ჯგუფების ადმინისტრატორებს რომ აუკრძალონ და დააჯარიმონ, თუ რომელიმე მავნე ზეგავლენის მქონე თამაშის ამსახველ ფოტომასალას განათავსებენ, არ არის შესაძლებელი?

რადგან შსს-ს დახმარების იმედი გადაგვეწურა, საკუთარი ძალით შევუდექით ბრძოლას. ვცდილობდით კონკრეტული სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი მოზარდები სხვადასხვა აქტივობაში ჩაგვერთო. ვცადეთ მათი მშობლების ინფორმირება და 72 მშობელთან გავედით კავშირზე. როგორც დავადგინეთ, ხშირ შემთხვევაში მშობლები ყურადღებას არ აქცევენ შვილის სოციალურ გვერდს. არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც ტექნოლოგიებში ვერ ერკვევიან. ჩვენ ვასწავლეთ, როგორ ნახონ შვილის კომპიუტერის მონაცემები, წაშლილი მიმოწერები და ა.შ.

ბოლოს, მაგალითად, დავუკავშირდით 12 წლის გოგონას მშობლებს. გოგონა უიმედოდ შეყვარებული ყოფილა. უცნაურ სტატუსებს დებდა, მაგალითად, "ვინც თავს იკლავს, ყველა ჯოჯოხეთში ხვდება თუ არა?" ჩვენ ის პოტენციურ მსხვერპლად მივიჩნიეთ, რადგან მის გვერდზე "მომოს" შესახებ სტატუსიც აღმოჩნდა, რომელშიც სვამდა კითხვას, ეს რა არისო? სასწრაფოდ მივიღეთ ზომები და მშობლების გვერდში დგომით დღეს ყველაფერი რიგზეა. ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით მათ ყველაფერი შეძლეს. სამწუხაროდ, ყველა შემთხვევა ასე კარგად არ მთავრდება.

მავნე ზეგავლენის მქონე თამაშების გარდა, იკვეთება უფროსი ასაკის ადამიანების ამორალური ქმედებებიც. ჯერ მოიპოვებენ ნდობას და მოზარდს ათასგვარ სისულელეს ავალებენ. შემდგომ იწყება ამავე სისულელით მოზარდების შანტაჟირება და გარყვნილი ქმედების ჩადენის იძულება. მსგავსი დავალებების, მუქარის, სმს-ების გაგზავნის ერთ-ერთი შემთხვევა ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, როდესაც იძულებითა და შანტაჟით დაღლილმა 16 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. იმ გოგონას მსგავსად, არაერთი არასრულწლოვანი ხვდება მძიმე სიტუაციაში და გამოსავლის ძიებაში სუიციდს მიმართავს, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, როგორ აუხსნან მშობელს, რატომ მოიქცა ასე.

- რომელიმე დამნაშავის იდენტიფიცირება მოხერხდა თქვენი ინფორმაციის საფუძველზე? - ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციით შემოვიფარგლებით და პრევენციაზე ვმუშაობთ. არ გვაქვს რესურსი, წვდომა, გამოვავლინოთ პირები, რომლებიც მავნე თამაშების თუ შანტაჟის უკან დგანან. ჩვენ მშობლებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ძალადობის, მუქარის, შანტაჟის შემცველი ინფორმაცია სათანადო ორგანოებს მიაწოდონ.

ბავშვის დაცვა მშობლების აქტიური ჩართულობით, მასწავლებლების მეტი ყურადღებით არის შესაძლებელი. სკოლაში უფრო ადვილია "განდეგილი" ბავშვების გამოვლენა, ამიტომ მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთად უნდა ეძებონ გამოსავალი.

ეკა სალაღაია