"ძილშიც აცეკვებული ზაქრო მესიზმრებოდა" - იცით, რომელ მულტფილში აჟღერდა პირველად ცნობილი სიმღერა" იაგუნდი"?
"ძილშიც  აცეკვებული ზაქრო მესიზმრებოდა" - იცით, რომელ მულტფილში აჟღერდა პირველად ცნობილი სიმღერა" იაგუნდი"?
"მთელი შემოქმედებითი ჯგუფი "პიპო-პაპოებით" ვლაპარაკობდით"

რამდენიმე თვეა, ლამის მთელი ქვეყანა ღიღინებს "იაგუნდი და ლალიო"... ამ სიმღერის მელოდია პირველად 1973 წელს გადაღებულ მულტიპლიკაციურ ფილმში "შაქრო და ზაქრო" გაისმა. მულტფილმი პრევენციული ხასიათის იყო - ჯანსაღი ცხოვრებისა და მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებდა. ვეცადე ამ მულტფილმზე მომუშავეთა შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ჩამეწერა. ასე ვიპოვე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე მაცაბერიძე. იგი პროფესიით მხატვარი და რეჟისორია.

- როგორც ვიცი, იმ ჯგუფიდან, რომელიც "შაქრო და
ზაქროზე" მუშაობდა, მხოლოდ მე დავრჩი ცოცხალი. ამ პროექტზე რეჟისორმა გაბრიელ, როგორც ჩვენ ვეძახდით, გაბო ლავრელაშვილმა მიმიწვია მხატვარ-დეკორატორად. რამდენიმე სცენა გავაკეთე.

- კონკრეტულად რომელი?
- მუსიკალური ნომერი თავისი ორკესტრითა და ცეკვით ჩემი დახატულია. შესანიშნავმა სამანქანო წყვილმა საცეკვაო მოძრაობები, პლასტიკა, ჩემი დამსახურებით შეიძინა, მერე ისე გავთამამდი, ტანგოს ილეთებსაც
დავაუფლე. ამ მელოდიის ავტორი ბორის თბილელია. ხატვისას სულ ვღიღინებდი და გონებაში მოხაზული ილეთები ფურცელზე გადამქონდა. ძილშიც სალხინოში აცეკვებული ზაქრო მესიზმრებოდა.

საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა გაბოს. პირველად მანქანების სასიყვარულო დიალოგი რომ მოგვასმენინა, ბევრი ვიცინეთ. მას შემდეგ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი "პიპო-პაპოებით" ვლაპარაკობდით.
გამოსვლისთანავე მულტფილმი ძალიან პოპულარული გახდა, მასთან ერთად მასში გაჟღერებული მელოდიაც.

ბოლო დროს ამ მელოდიამ მეორე სიცოცხლე შეიძინა, სიმღერა "იაგუნდი და ლალიო" კვლავ პოპუ­ლარულია. ყოველი მოსმენისას "შაქრო და ზაქროზე" მუშაობის დღეები მახსენდება. კარგი წლები იყო, ახლა კი იშვიათად იღებენ მულტფილმებს...
როდესაც კინოსტუდია დაიშალა, მას შემდეგ, უკვე 30 წელია, ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის ხელმძღვანელი ვარ.
15 წლისამ დავიწყე ვარჯიში, საბჭოთა კავშირის დროს, ბოდიბილდინგი და ფიტნესი აკრძალული იყო. კომუნისტები მას ბურჟუაზიულ სპორტის სახეობად მოიხსენიებდნენ. ამიტომ მალულად ვვარჯიშობდით სარდაფებში.

- როგორ შეიტყვეთ სპორტის ამ სახეობის შესახებ?
- ბავშვობიდან ვხატავდი და დედამ სამხატვრო სკოლაში მიმიყვანა. ძირითადად, ანტიკური ხანის ბერძნების სილუეტებს გვახატვინებდნენ. ერთხელაც
გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდაში" კულტურისტის ფოტო იყო დაბეჭდილი, ქვემოთ კი, სტატიაში, სპორტის ამ სახეობას აკრიტიკებდნენ: მისი მიმდევრები 30 წლამდე თუ ცოცხლობენ, რადგან ასეთ დატვირთვას ვერ უძლებენო!
ფოტო ძალიან მომეწონა, როგორც მომავალ მხატვარს თვალში მომხვდა დაკუნთული სხეული, პროპორცია, დავინტერესდი და დავიწყე სპორტის ამ სახეობაზე მასალის შეგროვება. ერთხელაც შემთხვევით პოლონურ ჟურნალში ბოდიბილდინგზე გადავაწყდი სტატიას და დედაჩემს პოლონური ლექსიკონის ყიდვა ვთხოვე. მისი დახმარებით სპორტის ამ სახეობის ანაბანას გავეცანი. მერე ჩეხოსლოვაკიურ ჟურნალშიც ვნახე კიდევ ერთი სტატია და ახლა ჩეხურ-რუსული ლექსიკონით მოვიპოვე საჭირო ინფორმაცია. ჯარში რომ გამიწვიეს, ბოდიბილდინგში ვარჯიშის 4-5-წლიანი გამოცდილება მქონდა. იქ ნახევარი ნაწილი ავიყოლიე. მერე ერთი სეზონი ფიზკულტურის ინსტიტუტში ვვარჯიშობდით საღამოობით, ხელმძღვანელებმა რომ შეიტყვეს, გამოგვისტუმრეს. 1987 წელს, როგორც იქნა, საბჭოთა კავშირმა აღიარა სპორტის ეს სახეობა და ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციაც შეიქმნა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზღვარგარეთის ქვეყნებში გავემგზავრე, ბევრი რამ შევიტყვე ამ სპორტზე, კავშირი დავამყარე სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციებთან.

- არნოლდ შვარცენეგერიც სპორტის ამ სახეობის მიმდევარია, ხომ?
- ასეა. სხვათა შორის, მე 1998 წელს შვარცენეგერსაც შევხვდი, სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ. არნოლდ შვარცენეგერი ყოველთვის ატარებს თავისი სახელობის ტურნირ "არნოლდ კლასიკს". ვმეგობრობდი ბოდიბილდინგისა და ფიტნესის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ დენ რეიდერთან. მან უამბო ჩემ შესახებ შვარცენეგერს და მან როგორც საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი ტურნირზე დამპატიჟა. ტურნირი ყოველწლიურად ოჰაიოს შტატ ქალაქ კოლუმბუსში იმართებოდა.
კონსტანტინე მაცაბერიძე და არნოლდ შვარცნიგერი
შვარცენეგერს საჩუქრად ქართული ხმალი ჩავუტანე, ძალიან მოეწონა. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მაშინ ჩვენი პრეზიდენტი შევარდნაძე იყო და მკითხა, ედუარდ შევარდნაძე როგორ არისო? საღამოს ბანკეტზე მიმიწვია, მისი მომხიბლავი მეუღლე, მარია შრაიდერი, ღიმილით იღებდა სტუმრებს. დამშვიდობებისას შვარცენეგერი საქართველოში დავპატიჟე. დამპირდა, სექტემბერში ჩამოვალო, თუმცა სექტემბერში დედა გარდაეცვალა. მერე სულ გვქონდა მიმოწერა, ვულოცავდით ერთმანეთს ახალ წელს, დაბადების დღეებს. როცა კალიფორნიის გუბერნატორი გახდა, მაშინაც არ გაგვიწყვეტია კონტაქტი. ეს გოლიათივით კაცი იუმორით სავსე და თავმდაბალია.

უკვე 73 წლის ვარ, კვლავ აქტიურად ვვარჯიშობ და ვავარჯიშებ სხვებსაც. ჩემი შვილიც ავიყოლიე. საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი ქალი ბოდიბილდერია ჩემი ქალიშვილი მირანდა მაცაბერიძე. მერამდენე ათწლეულია ვამტკიცებთ, რომ კომუნისტები ცდებოდნენ და სპორტის ამ სახეობის მიმდევრებს ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე აქვთ. დღესდღეობით ერთი ევროპის ჩემპიონი გავზარდეთ, თუმცა ყველაფერი წინაა.

ეკა სალაღაია

იხილეთ მულტფილმი "შაქარო და ზაქრო"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები