"როგორც ითმენენ ქართველები შეურაცხყოფას, ეს სამარცხვინოა. ასეთი რამ ქართველმა რომ გაბედოს აზერბაიჯანში ან თურქეთში, აკუწავენ" - კვირის პალიტრა

"როგორც ითმენენ ქართველები შეურაცხყოფას, ეს სამარცხვინოა. ასეთი რამ ქართველმა რომ გაბედოს აზერბაიჯანში ან თურქეთში, აკუწავენ"

დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას. "ნამდვილი მაჩო ხარ!" "შენ რა მაგარი ვინმე ხარ, ჯერ მენახშირის სიმღერით მოვიხიბლე, ახლა კიდევ ეს სიმღერა..." "ვისი ხარ, დედი, ასეთი კარგი?" "ძალიან მაგრად მღერის, გაგიმარჯოს ღმერთმა". "საყვარელი ვიღაცაა, შემიფუთეთ რა!" "ვგიჟდები ამ ბიჭზე" და ა. შ. - ეს იმ კომენტარების ნაწილია, რითაც ასე ანებივრებენ 34 წლის დავით ქურდიანს.

- სვანი ვარ, ოღონდ რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. ჩხუბი და აყალმაყალი არ მიყვარს, ძალიან სამართლიანი და მომთხოვნი ვარ როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ. მყავს დედა და და, რომელიც გათხოვილია. მამა გარდამეცვალა. მას არანაირი კავშირი არ ჰქონია მუსიკასა და სიმღერასთან, დედამ კი დაამთავრა მუსიკალური საგუნდო-სადირიჟიროს განხრით, ოღონდ ამ პროფესიით არასდროს უმუშავია.

- შენ ვინ ხარ პროფესიით?

- სამწუხაროდ, უმაღლესი განათლება არ მაქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო ტექნიკუმი დავამთავრე, ფერწერის ფაკულტეტი. სწორედ იმ პერიოდში გარდაიცვალა მამა და სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი - უნდა მემუშავა და ოჯახი მერჩინა.

- პირველი სიმღერის ვიდეო როდის ატვირთე? - ამ წლის მარტის მიწურულს. ეს იყო სიმღერა "ქუთაისო ჩემო". შემთხვევით მოვისმინე ფონოგრამა, ძალიან მომეწონა, ჩავწერე და ავტვირთე მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის, მაგრამ ამას ისეთი მოწონება ხვდა წილად და იმდენმა გააზიარა, რომ სტიმული მომეცა და ახლა უკვე 20 თუ 22 სიმღერა მაქვს ატვირთული.

- მუსიკასთან პროფესიული თვალსაზრისით არაფერი მაკავშირებსო, მითხარი, მაგრამ ასე უცებ, ერთ მშვენიერ დღეს ხომ არ დაიწყებდი სიმღერას?

- რა თქმა უნდა, მანამდეც ვმღეროდი, ოღონდ მეგობრების წრეში. ეკლესიაშიც ვგალობდი, ჩემით ვისწავლე ნოტები. 18-19 წლისა კი რუსთავის კაპელაშიც ვმღეროდი. მერე ერთხანს პაუზა მქონდა, თუმცა სიმღერა იმდენად მიყვარს, ყველგან, სახლში თუ სამსახურში სულ ვღიღინებდი.

- დავით, ვიდეოს ატვირთვა რომ გადაწყვიტე, ასეთ რეაქციას თუ ელოდი საზოგადოებისგან?

- ნამდვილად არ ველოდი, ამდენ ხალხს თუ მოეწონებოდა ჩემი ნამღერი. რა თქმა უნდა, სასიამოვნო და გასახარი იყო, რომ უცხო ადამიანებს მოსწონდათ, თბილ კომენტარებს მწერდნენ, მაქებდნენ, აზიარებდნენ. ამის შემდეგ გაიზარდა ჩემი "ფეისბუკ"-მეგობრებისა და სიმღერების რაოდენობა. ძირითადად, ქართულ სიმღერებს ვასრულებ კინოფილმებიდან, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ვიმღერე: "საქართველოს მანანებო", "მე ხომ შენი ლანდი ვარ", "შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი", "ვინა სთქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია", "მენახშირე ბიჭი ვარ", "ნუ აგროვებ ფულს და ოქროს" და ა.შ. ბარიტონი ვარ და ძნელია სიმღერების შერჩევა. ყველაზე მეტი მოწონება და გაზიარება აქვს თემურ წიკლაურის სიმღერას "გული უბერებელი".

- კომენტარებზე როგორ რეაგირებ - როდესაც გწერენ, რომ "შენ ნამდვილი მაჩო ხარ", "შეუდარებელი ხარ", "შემიფუთეთ ეს ბიჭი" და ა.შ.

- მსიამოვნებს, რომ ვიღაცამ შემამჩნია. ხან მეცინება, ისეთ რამეებს მწერენ. მწერენ, თურქ მსახიობს როგორ ჰგავხარო; რომ ჩამოვალ, გაგიცნობო; დუეტი როდის ჩავწეროთო და შემოთავაზებებსაც ვიღებ. მეც უარს არ ვამბობ ამ იდეაზე, სახლში მარტო რომ ვმღერი, ამას არ სჯობს ვინმესთან ერთად ვიმღერო (იცინის)? სცენაზე რომ ვიდგე, უფრო თავისუფლად ვიმღერებდი, რადგან უფრო ლაღიც ხარ, პუბლიკაც სხვანაირია და მუსიკის ჟღერადობაც. გაგრძელება

ნინო ჯავახიშვილი