გურჯაანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღი დაარბიეს - კვირის პალიტრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღი დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში საბავშვო ბაღი დაარბიეს. ფაქტის შესახებ თანამშრომლებმა დილით შეიტყვეს, როდესაც სამსახურში მისულებს ბაღის ჭიშკარი გატეხილი დახვდათ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საბავშვო ბაღიდან მოპარული არაფერი არ არის, თუმცა სრულად დაზიანებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია დამნაშავე პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.