"იმის თქმა, რომ "აგვისტოში ყველა დასასვენებლად მიდის და მოდი, გადავთხაროთ", არის არაპროფესიონალური მიდგომა"
03-09-2018
"იმის თქმა, რომ "აგვისტოში ყველა დასასვენებლად მიდის და მოდი, გადავთხაროთ", არის არაპროფესიონალური მიდგომა"
იმის თქმა, რომ აგვისტოში ყველა დასასვენებლად მიდის და მოდი გადავთხაროთ, არის ძალიან დილეტანტური და არაპროფერსიონალური მიდგომა, - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "HUB Georgia"-ს ხელმძღვანელმა ვასილ ურუშაძემ "ინტერპრესნიუსს" თბილისში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განუცხადა.

ვასილ ურუშაძის შეფასებით, მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების გამო ქალაქში კოლაფსია, ამის გამომწვევი მიზეზი კი მერიის არასწორი პოლიტიკაა.

ურუშაძის განცხადებით, ვიდრე საგზაო სამუშაოები დაიწყება, საჭიროა მოხდეს შესწავლა, თუ რამდენად შემცირდება მგზავრთა ნაკადის გამტარუნარიანობა სამუშაოების დროს.
ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა სამუშაოების გადანაწილება მოხდეს მთელი წლის განმავლობაში "ჭადრაკული პრინციპის" გამოყენებით.

"პრობლემა ზოგადად იმაში მდგომარეობს, რომ თბილისის მერიის პოლიტიკა საგზაო ინფრასტრუქტურის და რეაბილიტაციის მიმართულებით ტარდება არასწორად. მოსაზრება, რომ ყველა სამუშაო უნდა ტარდებოდეს გარკვეულ პერიოდში, არის მცდარი.

ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი წლის
განმავლობაში ფაქტობრივად, ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, თავს იყრის პრობლემური მონაკვეთები მთელი წლის განმავლობაში და შემდეგ ერთბაშად ხდება ამ სამუშაოების დაწყება, თითქოსდა ისეთ პერიოდში, როდესაც ნაკლებია საგზაო მოძრაობა. ამასთან, ვადებში ვერასდროს ხდება იმ საქმეების განხორციელება, რაც დაგეგმილია. შედეგად ვიღებთ კოლაფს, გადატვირთულ ქუჩებს და შეფერხებულ მოძრაობას.

სწორი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის, რომ მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს გადანაწილებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთელი წლის განმავლობაში ისე უნდა მიმდინარეობდეს სამუშაოები, რომ განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნიდეს - მაგალითად, ჭადრაკულად. არ შეიძლება, რომ საბურთალოზე ყველა პარალელურ ქუჩაზე მიდიოდეს სამუშაოები," - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

მისივე თქმით, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის არაპროფესიონალიზმთან.

"იმაზე, რომ სარეაბილიტაციო ვადები და მიდგომები არასწორად არის შერჩეული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანების, ვინც გეგმავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს არის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ტრანსპორტის პოლიტიკაზე.

ეს არასწორი სტრუქტურული მმართველობაა. თუ ჩვენ არ გავაანალიზეთ ტრანსპორტის მდგომარეობა ქალაქში, არ გვაქვს დათვლილი ნაკადები, არ ვიცით იმ ქუჩის რეაბილიტაციის შედეგად რამდენად მოხდება ქუჩაზე გამტარუნარიანობის კოეფიციენტის შემცირება და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას და ზოგადად პროგნოზირებას ვერ ვაკეთებთ, ასე ბრმად და დილეტანტურად არ შეიძლება გაკეთება. იმის თქმა, რომ აგვისტოში ყველა მიდის და მოდი გადავთხაროთ, არის ძალიან დილეტანტური და არაპროფერსიონალური მიდგომა. ეს განპირობებულია იმით, რომ თბილისის მერიაში არ არის სტრატეგიული პოლიტიკა, რომელიც რეალურად დაანგარიშებასა და გათვლაზე იქნება დაფუძნებული," - განაცხადა ვასილ ურუშაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

როგორც ცნობილია, დედაქალაქის არაერთ ქუჩაზე საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ქალაქში საცობებია შექმნილი.

...
04 სექტემბერი 2018 11:02
სამწუხაროდ, მიდის ბიუჯეტის ფულის არასწორედ ხარჯვა და ეს არის მავნებლობა !!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები