"სულ ვამბობ, მთავარია არ კვდები....20 წლის ვიყავი, როცა, სრულიად შემთხვევით, მივედი ექიმთან" - კვირის პალიტრა

"სულ ვამბობ, მთავარია არ კვდები....20 წლის ვიყავი, როცა, სრულიად შემთხვევით, მივედი ექიმთან"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 25 წლის გვანცა აფხაიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გვანცა აფხაიძე, 25 წლის, თბილისი

"20 წლის ვიყავი, როცა, სრულიად შემთხვევით, მივედი ექიმთან, რადგან მეგონა, რომ მქონდა ფარისებრი ჯირკვალი და აღმოჩნდა ლიმფომა ბოლო სტადიაში…

სახელი "ლიმფომა"  ისე ჟღერდა ჩემთვის, არ მიფიქრია, რომ ეს მომკლავდა. პირველი რაც გავაკეთე, ავდექი და დავგუგლე. კი წავიკითხე, რომ სიმსივნეა, მაგრამ, ასევე, ეწერა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანების 90% ინკურნება სიმსივნისგან და მით უმეტეს, ლიმფომასგან. ვიფიქრე, რაღა მაინცადამაინც იმ 10%-ში უნდა მოვხვდე, რომელიც კვდება-მეთქი. ყოველთვის ასე იყო, ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ მოვკვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძლიან ცუდადაც ვყოფილვარ ქიმიების დროს. თორმეტი გადასხმა გავიკეთე. ნემსის იმდენად მეშინოდა ბავშვობიდან, რომ დათვლილი მქონდა კალენდარში როდის მიწევდა და მთელი ღამე არ მეძინა ხოლმე, ქიმიაზე როცა მივდიოდი. იმ თორმეტ ნემსს კიდევ რამდენი დაემატა, კაცმა არ იცის, მაგრამ მე მაინც ყოველი გადასხმის მერე ვხაზავდი ერთ ნემსს.

საზოგადეობის დამოკიდებულებები ძირითადად ერთნაირი იყო და ძალიან მაღიზიანებდა – "ვაიმე, რა ჭირს… საწყალი გოგო, რა ახალგაზრდაა და კვდება…" და მე ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვკვდებოდი. მე მინდა და იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება დროთა განმავლობაში, რადგან აქამდე არ უნახავთ გადარჩენილები და ახლა ძალიან ბევრნი ვართ.

მე და ქეთას, რომელიც თურქეთში გამოკვლევებზე გავიცანი და დავმეგობრდით, ძალიან გვინდოდა გაგვეკეთებინა გადარჩენილების კლუბი. მაგრამ ქეთა, სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი… მას რეციდივი ჰქონდა, ანუ გაუმეორდა ლიმფომა. არის ხოლმე ასეთი შემთხვევებიც და მისმა ორგანიზმმა მკურნალობის პროცესს ვერ გაუძლო. ამ ამბავს ძალიან დიდხანს არ მეუბნებოდნენ. რაღაც პერიოდის მერე, როცა შევძელი კომპიუტერთან მისვლა, შევედი ქეთას გვერდზე და დამხვდა სავსე მისი კედელი შეტყობინებებით – "არ გვჯერა, რომ აღარ ხარ" და ა.შ. ვერ გეტყვით, ეს რამხელა შოკი იყო ჩემთვის. მე თვითონაც ვერ ვიჯერებდი ამას, არასოდეს დამიშვია, რომ მას რამე დაემართებოდა. უახლოესი მეგობრები შეიძლება არ ვიყავით, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ერთი გასაჭირი გაქვთ, ალბათ, ყველაზე უკეთესად გესმის იმ ადამიანის. შეიძლება დედამ ვერ გაგიგოს ისე, როგორც ის ადამიანი გაგიგებს, ვისაც შენნაირი სიტუაცია აქვს. ამიტომ, ძალიან რთული იყო ჩემთვის ყველა იმ ადამიანის დაკარგვა, ვისთანაც ოდნავ მაინც მქონია შეხება ავადობის პერიოდში. იმიტომ არა, რომ ვფიქრობდი, მეც რამე დამემრთებოდა. არა, რატომღაც სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია, არადა, ჯანმრთელი ადამიანიც ძალიან ხშირად ფიქრობს სიკვდილზე. მაგრამ მე არ მქონია ის მომენტი, რომ აუცილებლად მოვკვდები, რადგან კიბო მაქვს… მერე მე მინდოდა გამეკეთებინა ეს კლუბი ქეთას სახელზე, მაგრამ რაღაცნაირად ჯერ ვერ მოვახერხე. აი, მე და ქეთა რომ ვყოფილიყავით, ალბათ, უფრო გავაკეთებდით…

მესამე წელი იწყება, რაც დავამთავრე მკურნალობა. გავიკეთე გამოკვლევა და მითხრეს, რომ გამოვჯანმრთელდი სრულად. ნუ, რაღაცეები არის, რაც არ შეიძლება, მაგალითად, რადიაციული მზე, სოლარიუმი და ა.შ., აკრძალული მაქვს მთელი ცხოვრების მანძილზე. სხვა მხრივ კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ თავს. იცი, ხანდახან მგონია, რომ ეს ჩემი ცხოვრება კი არ იყო, ვიღაცამ მომიყვა. ჰო, ამდენი რამე მე კი არ გადავიტანე, მე ვიცი უბრალოდ ეს ამბავი სხვა გვანცაზე. ამ ამბის მერე, ყველაფერს ძალიან მარტივად ვუყურებ. ვინმეს რამე პრობლემა რომ აქვს, სულ ვამბობ – "მთავარია არ კვდები და ყველაფერი კარგად იქნება“ და ეს ჰგონიათ ხოლმე, ერთი ფრთიანი გამონათქვამი, მაგრამ ამ დროს ეს მე სრული სერიოზულობით მჯერა.

თავიდან, ნამდვილად, ძალიან განვიცდიდი და ყველაფერი გულთან მიმქონდა. ამიტომაც იყო, რომ ვწერდი დღიურს. მინდოდა ვიღაცეებს ენახათ, რომ იყო ადამიანი ამ დაავადებით და გადარჩა. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელსაც შეიძლება მართლა არაფერი სჭირდეს სავალალო და აქვს განწყობა, რომ აუცილებლად მოკვდება. ეს წინასწარი განწყობები მოქმედებს ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ქეთა რომ გავიცანი, ძალიან პესიმისტურად იყო განწყობილი. ნუ, ალბათ, იმიტომ, რომ მას გაუმეორდა დაავადება და თან ქიმიაც ისეთი რთული პროცესია, რომ ფსიქოლოგიურადაც ძალიან მოქმედებს. მე ქიმიის მერე ისე გამიჭირდა ადამიანებთან ადაპტაცია, რომ ახლაც მიჭირს. სულ სახლში ყოფნა მინდა, ან ისეთ ადგილებში მიყვარს, სადაც ბევრი ხალხი არ არის. ჰო ეს დამრჩა… ნუ, თავიდან ჩემი გასვლა არ შეიძლებოდა დაბალი იმუნიტეტის გამო, რადგან ადვილად ვიღებდი ყველა ვირუსს. მერე იყო ის, რომ თმა არ მქონდა, ანუ ქიმიის დროს მაინც ეტყობა ადამიანს, რომ ავადაა და ხალხი რომ მაკვირდებოდა, ვიძაბებოდი. ზოგის დამოკიდებულებები და კითხვები იყო განსაკუთრებით საოცარი – "გადამდები ხომ არ არის?!", თან ამრეზილი სახით, მაგრამ მე ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ან ამეხსნა, თუ არ მეზარებოდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები რა პრობლემებსაც აწყდებიან საზოგადოების მხრიდან საქართველოში, იგივეს მეც წავაწყდი იმ პერიოდში, როცა ვმკურნალობდი იმიტომ, რომ ზუსტად ისე მექცეოდნენ როგორც შშმ პირებს.

მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე. ვფიქრობდი, რომ ყველა ადამიანი ჩნდება იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ სამყაროში. მე ჯერ არაფერი მქონდა გაკეთებული 20 წლის ასაკში, მარტო ვსწავლობდი და ახლა რატო უნდა მოვკვდე-თქო, სულ ვფიქრობდი. ჰოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ სანამ რამეს არ გავაკეთებდი, მანამდე ჩემი სიკვდილი არ შეიძლებოდა. ჩემი თავის ძალიან მჯეროდა, ძალიან.

ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მეგობრების ნაწილმაც, არ იცოდა, რომ სიმსივნე მქონდა. არ ვამბობდი, რადგან როგორც მომაკვდავს, ისე მიყურებდნენ და ეს ძალიან მძაბავდა. ამ დროს, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არ ვიყავი მომაკვდავი. ბევრმა, ვინც ქიმიის მერე გაიგო, რომ ეს დაავადება მქონდა, არ მიჯერებდნენ „აბა, რატომ არ მოკვდი?!“ ჰო, ნუ არ იციან, რომ სიმსივნე ყოველთვის აღარ კლავს.

საინტერესო და სიმბოლურია თმა ამ ამბავში. ძალიან ხშირად ვფიქრობდი ამაზე იმიტომ, რომ მეგობრებიც ხომ გავიჩინე, ვინც ქიმიას იკეთებდა და ყველა ვწუწუნებდით თმაზე. კიბო გვჭირდა ყველას, ყველა ვიკეთებდით ქიმიას, ვიყავით ძალიან ცუდად და „იცი რა თმა მქონდა?!“, სულ ამაზე ვსაუბრობდით და ერთმანეთის ფოტოებს ვათვალიერებდით. ალბათ ეს იმიტომ, რომ ერთადერთი ცვლილება რასაც მაშინ ჩემს თავს ვამჩნევდი იყო ის, რომ თმა აღარ მქონდა და რატომღაც მეგონა, რომ ამ თმებში იყო რაღაც ძალა. ერთი სული მქონდა როდის გამეზრდებოდა.

ბავშვობისას როგორც ოცნებობ – „რომ გავიზრდები, კოსმონავტი გამოვალ“, მეც ასე ვგეგმავდი – „აი, ქიმიას რომ დავამთავრებ, ახალ ცხოვრებას დავიწყებ“. მართლაც ასე მოხდა. რაც ყოველთვის მინდოდა ის გავხდი, პრინციპში – მხატვარი.

ავადმყოფობის პერიოდში უფრო ვწერდი და ჩემთვის ვაკეთებდი ჩანახატებს. ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ ნაწერების შესახებ და სულ მეუბნებოდნენ – გამოეცი წიგნად, ეს ბევრ ადამიანს დაეხმარებაო და ა.შ. ერთ დღესაც ვუთხარი, რომ ჩანახატებიც მაქვს. მერე გავიხედე და ტილო მოაქვს ერთს, ფუნჯები მეორეს, საღებავებიც მაჩუქეს… ვიფიქრე, რომ არ გამომივიდეს რა ვქნა-მეთქი და ძალიან ჩუმად დავხატე ერთი ნახატი. მე თვითონ ძალიან მომეწონა ტილოზე ხატვა და ჩემი ნახატიც. ჩემი მეგობრები რომ მოვიდნენ, სამი ტილო მქონდა უკვე დახატული, სამ დღეში. ერთი წელია ვხატავ და მემგონი 30 ნახატი მაქვს უკვე. მანამდე არც მიცდია ხატვა და მეგონა, რომ არ შემეძლო. არადა, მხატვრებთან შეხება მქონდა იმიტომ, რომ მამაჩემია მხატვარი. ის არასდროს არაფერს მასწავლიდა. მისი დამოკიდებულება იყო, რომ ჩარჩოებში ბავშვის მოქცევა არ შეიძლება…

რაც შეეხება ჩემს გეგმებს. ალბათ, გამოფენაც მექნება, მაგრამ მინდა იურიდიული დავამთავრო, რაზეც ვსწავლობდი მანამდე და ადამიანის უფლებების კუთხით ვიმუშაო.

ვთვლი, რომ რასაც ვფიქრობ, იმას ვხატავ და არ მჭირდება სწავლა, როგორ დავხატო, ანუ ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ეს ნახატები. იდეაში, ჩემთვის დავიწყე ხატვა და ჩემთვის ვაგრძელებ, თუ ვინმესაც მოეწონება, ძალიან გამიხარდება.

რატომ ვსაუბრობ ახლა ამაზე საჯაროდ? ჩემი აზრით, სამარცხვინო კი არაა, პირიქით, უნდა გვიხაროდეს და ვამაყობდეთ იმით, რომ ჩვენ გადავრჩით. მართლა არ არის მარტივად გასავლელი გზა. ალბათ, დავბერდი ამ წელიწადნახევარში აზროვნებით, როცა ვმკურნალობდი. იმდენ რამეზე ვფიქრობდი, თან ძალიან პატარა ვიყავი მაშინ. ამიტომაც, მიუხედვად იმისა, რომ ძალიან მიჭირს ხოლმე საკუთარ თავზე საუბარი, მაინც გადავწყვიტე ეს გავაკეთო.

ვინც ებრძვის სიმსივნეს დღეს, ან ვინც ახლა გაიგო ამ დაავადების შესახებ და არ აქვთ მოტივაცია, ან ჰგონიათ ვერ გადარჩებიან, მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ არ მოკვდებიან და ამისთვის აუცილებლად უნდა იბრძოლონ იმიტომ, რომ თუ გჯერა, გადარჩები. რაც არ უნდა ცუდად იყონ, არც ერთი წამი იმედი არ დაკარგონ. 1% რომ ყოფილიყო ჩემი გადარჩენის შანსი ვიფიქრებდი, რომ იმ 1%-ში მოვხვდებოდი, რომელიც არ მოკვდებოდა. თუმცა, ცხადია, მქონდა მომენტებიც, როცა მიფიქრია: ახლა ქიმიას თავს დავანებებ, ვეღარ ვუძლებ, აღარ შემიძლია… მაგრამ ერთ საათში მივლიდა ეს განწყობები.

ყველაზე მეტად მინდა, რომ სიმსივნე ბავშვებს არ ემართებოდეთ. ძალიან ხშირად მიფიქრია, ეს რომ თავიდან დამემართოს ახლა, რას ვიზამდი და ასეთი ულტიმატუმივით მაქვს ღმერთთან – დამემართოს, კიდევ ვიმკურნალებ და კიდევ გადავრჩები, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სხვები აღარ დაავადდებიან.“

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან