"გამიყვანეს და გამამწარეს... გადასაღებ მოედანზე მათრახის ქნევით შევვარდი და მივლეწე იქაურობა" - კვირის პალიტრა

"გამიყვანეს და გამამწარეს... გადასაღებ მოედანზე მათრახის ქნევით შევვარდი და მივლეწე იქაურობა"

ფოტოზე: კადრი ფილმიდან "ნატვრის ხე"

ზაზა კოლელიშვილმა დასამახსოვრებელი სახეები შექმნა კინოში. მერე თვითონაც გადაიღო ფილმები. მის გვერდით მომხიბვლელი მეუღლე, ნათია გოგოჭური დგას. უკვე ხუთი შვილის მშობლები და ხუთი შვილიშვილის პაპა და ბებია არიან. მიუხედავად ყველაფრისა, ნათია ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარიაო, ამბობს ბატონი ზაზა.

- გადასარევ ოჯახში გავიზარდე. ერთი ბიჭი ვიყავი შვილიშვილებში და გადაყოლილი იყვნენ ჩემზე. პაპა ჯერ რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, მერე - თელავის. დედის ძმა გია მატარაძე რეჟისორი გახლდათ. მეც თეატრში გავიზარდე. თუმცა ბავშვობიდან

მხატვრობა მინდოდა, მაგრამ ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით ვნახე ფილმი და მოსვენება დავკარგე.

- თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარეთ?

- ჯერ აკადემიაში ჩავაბარე. იქიდან წამოვედი და პედაგოგიურზე დავიწყე სწავლა. სანამ დავამთავრებდი, თენგიზ აბულაძემ "ნატვრის ხეში" შეთეს როლზე ამიყვანა. გადაღებებისას თინა ბურბუთაშვილმა, დუტა სხირტლაძის ბებიამ ("ნატვრის ხეში" დედაჩემს ასახიერებს), მითხრა, სხვაგვარად წარმოუდგენელია, თეატრალურზე უნდა ჩააბაროო. ჰოდა, ყველაფერი მივატოვე, დავკარი ფეხი და ჩავაბარე თეატრალურზე. ახლა ვფიქრობ, კიდევ შევიცვალო საქმიანობა - მეურნეობას მოვეკიდები კახეთში.

- პირველ ფილმზე მიამბეთ... შეთეს როლზე ბევრი კონკურენტი გეყოლებოდათ...

- როგორც ვიცი, 600-მდე ბიჭი გაუსინჯავთ. მარიტაზე აღარაფერს ვამბობ - ბატონ თენგიზს 1500 გოგო ჰყოლია გასინჯული და მაინც განაგრძობდა ძებნას. შემთხვევით გადაჰყრია ერთად მომავალ სოსო ჯაჭვლიანსა და ლიკა ქავჟარაძეს და წამოუძახია, გედია და მარიტა მოდიანო. კარგად მახსოვს ის დღე, სამივე ერთად რომ გადაგვიღეს გრიმებით, კოსტიუმებით. რომ გამომიცხადეს, შეთეს როლზე დაგამტკიცეთო, ეს ჩემთვის შვილების დაბადების სადარი მოვლენა იყო.

ერთი სცენა მახსოვს განსაკუთრებით - მე და ლიკა რომ ვართ განმარტოებით და ამ დროს ჩიტი შემოფრინდაო, წამოიძახებს ლიკა. ამაზე შეთე შმაგდება და ამტვრევს ყველაფერს. ამ სცენის სამი დუბლი გადავიღეთ და არ გამოდიოდა, არ მოსწონდა აბულაძეს. ნანა ჯანელიძე, რამაზ გიორგობიანი, გია მატარაძე იქვე იყვნენ. გამიყვანეს და გამამწარეს, მომწამლეს, გამაგიჟეს... ახლა გადაიღეთ, ბატონო თენგიზო, ანიშნეს. "მატორ!" - რომ გაისმა, გადასაღებ მოედანზე მათრახის ქნევით შევვარდი და მივლეწე იქაურობა... ერთი დუბლი ეყო ყველაფერს. ისეთი გააფთრებული ვიყავი, ჩიტიც კი ემსხვერპლა ჩემს მათრახს. გადაღება რომ დამთავრდა, მე და ლიკა წავედით და დავმარხეთ ის ჩიტი.

- "ნატვრის ხემდე" იცნობდით ლიკას?

- ლიკა გადაღებაზე გავიცანი. ბავშვი იყო, დედა პატრონობდა. ის სცენა მახსოვს, ვირზე რომ შესვამენ. ძალიან ცუდი ამინდები იყო - ნისლი, წვიმა... გადაღებების შემდეგ გაყინული იყო და ნაბადში გახვეული ხელით მიმყავდა ავტობუსამდე. სიღნაღის სასტუმროში მხოლოდ ერთ ნომერში მოდიოდა ცხელი წყალი და ლიკა იქ ჰყავდათ დაბინავებული.

"ნატვრის ხემ" შექმნა ჩვენი კარიერა და სამომავლო ცხოვრებაც გადაწყვიტა...

- "კუკარაჩაში" რამდენი წლის იყავით? - გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ლიკა პირველად ბათუმში დავინახე და მაშინვე შემიყვარდა…" - ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმრის 18 წლის წინანდელი მოგონებები

ეკა სალაღაია

იხილეთ ეპიზოდი ფილმიდან "ნატვრის ხე"