"უცხოელებზე გაყიდული ბინების 53% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის" - რატომ ყიდულობენ რუსები საქართველოში უძრავ ქონებას? - კვირის პალიტრა

"უცხოელებზე გაყიდული ბინების 53% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის" - რატომ ყიდულობენ რუსები საქართველოში უძრავ ქონებას?

რუსული გამოცემაში "Деловой Петербург" გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "ქართული რბილი კლიმატი რუსული ხისტი პოლიტიკის წინააღმდეგ - რა იზიდავს რუს ინვესტორებს საქართველოში?"

გთავაზობთ სტატიდან ნაწყვეტებს:

"თბილის-მოსკოვს შორის არსებული რთული ურთიერთობა რუსებს ხელს არ უშლის საქართველოში უძრავი ქონება შეიძინონ. ყიდვას სტიმულს აძლევს ქვეყნის კარგი კლიმატი, ხელსაყრელი ფასები და ფართო საინვესტიციო შესაძლებლობები.

არის რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა ჩაიდოს თანხები საქართველოში, უძრავი ქონების სფეროში, განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში: კერძო პირებისათვის უძრავი ქონების საყიდლად გადასახადები არაა, გარიგებები სწრაფად სრულდება, ნებადართულია ბანქოს სათამაშო ბიზნესი, საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს მსოფლიოს 100 ქვეყანასთან, აქტიურად ვითარდება ტურიზმი, მსოფლიოში განთქმულია ქართული სამზარეულო და მისი გასტრონომიული მრავალფეროვნება, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების ჩადების თვალსაზრისით", - ამბობს დეველოპერული კომპანია ORBI Group-ის გენდირექტორი ირაკლი კვერღელიძე გაზეთ «Деловой Петербург»-ის კორესპონდენტთან საუბარში.

იგი ხაზს უსვამს, რომ კერძო საკუთრების უფლება ქვეყანაში წმინდათა-წმინდაა, განსაკუთრებით არის კანონით დაცული და არანაირი პოლიტიკური ასპექტი მასზე არ მოქმედებს. გარდა ამისა, საქართველოში არ არის გადასახადი კაპიტალის მატებაზე, სიმდიდრეზე ან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე, საგადასახადო კოდექსი კი კომპანიებს საშუალებას აძლევს ზარალის გამო მოგების გადასახადების გადახდა ათი წლის ვადით გადაიტანოს.

საქართველოში ცხოვრება, ევროპასა და რუსეთთან შედარებით, საკმაოდ იაფია. თანხის ჩადების ყველაზე პოპულარული სახეა საკურორტო უძრავი ქონება, რომელიც შეიძლება მართოს როგორც მფლობელმა, ასევე დამქირავებელმა კომპანიამაც. "უცხოელები ყველაზე ხშირად საცხოვრებელ სახლებს ბათუმსა და თბილისში ყიდულობენ. ეს, როგორც წესი, საკურორტო უძრავი ქონებაა, დროებითი საცხოვრებელი ბიზნესის წარმოებისთვის ან ე.წ. "სათადარიგო აეროდრომი", - განმარტავენ ORBI Group-ის ექსპერტები.

ზამთრის სპორტის სახეობათა მოყვარულებს საცხოვრებელი ფართის ყიდვა გუდაურში შეუძლიათ, თუმცა იქ შეთავაზება მაინცდამაინც ფართო არ არის - კვადრატული მეტრს 1400 დოლარზე იაფად ვერ იყიდით. ამასთან, სამაგიეროდ, უძრავი ქონებაში დახარჯულ თანხას მალე აანაზღაურებთ: სეზონის დროს დამქირავებელი უფრო მეტია, ვიდრე შეთავაზებელი.

კიდევ ერთი უპირატესობა საქართველოში უძრავი ქონების შეძენის თვალსაზრისით: თქვენ იქ ბინადრობის უფლება ძალზე იოლად შეგიძლიათ მიიღოთ - საკმარისია მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაში დააბანდოთ 110 ათასი დოლარი ან იყიდოთ უძრავი ქონება 35 ათას დოლარად.

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2012-2016 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა 18 ათასი ობიექტი შეიძინეს, ანუ მათ წილზე მოდის უცხოელებზე გაყიდული საცხოვრებელი ბინების 53%". წყარო

იხილეთ ასევე: "ყველაზე ცუდი სიზმარი პუტინისთვის ის არის, რომ რუსებს საქართველოში უნდათ ცხოვრება"

მოამზადა სიმონ კილაძემ