როგორია ფოთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა, რომელთა შორის ერთი მოზარდია
05-09-2018
როგორია ფოთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა, რომელთა შორის ერთი მოზარდია
ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა. 236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ ერთ
პირს, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, ქალა-ტვინის ღია ტრავმა და თავის ტვინის შეშუპება.

"ფოთიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილია მამაკაცი, პოლიტრავმით. ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის შეშუპება აღენიშნება. ასევე, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა; საფეთქლის და შუბლის ძვლის მოტეხილობა; გულმკერდის დახურული
ტრავმა, მარჯვნივ პნევმოთორაქსი. ვაგრძელებთ კვლევების ჩატარებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ

დაშავებულ 16 წლის მოზარდს კი თავზე ოპერაცია ჩაუტარდება. მოზარდი ფოთიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც მკურნალი ექიმი განმარტავს, მოზარდი საავადმყოფოში ქალა ტვინის დაზიანებებით შეიყვანეს და იგეგმება ნეიროქირურგიული ჩარევა. ექიმის განცახდებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით