საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აიკრძალება ? - რას გულისხმობს ემზარ კვიციანის ინიციატივა - კვირის პალიტრა

საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აიკრძალება ? - რას გულისხმობს ემზარ კვიციანის ინიციატივა

საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ინიციატივით ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანი გამოდის.

პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება ემზარ კვიციანის პროექტი, რომლის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

ამასთან, აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.

"კანონპროექტის მომზადების მიზეზია საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული ჩადრით, ნიქაბით და ბურკით ტურისტების სიარული. აღნიშნული სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით. ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

"ინტერპრესნიუსი"