"ბურგერებისთვის პურსაც თავად ვაცხობ... აღარც შეფი მყავს, აღარც დირექტორი" - ვაკაჭი ზღვის სანაპიროზე ბურგერებს ამზადებს
"ბურგერებისთვის პურსაც თავად ვაცხობ... აღარც შეფი მყავს, აღარც დირექტორი" - ვაკაჭი ზღვის სანაპიროზე ბურგერებს ამზადებს
"ტელევიზიის გაგებაში არ არიან. ნაწყენი კი არ ვარ, კაცო, მართლა არაფერი იციან"

საზოგადოება კარგად იცნობს ვაკაჭის, ანუ ვახტანგ ხიდაშელს - იუმორის­ ნიჭით დაჯილდოებულ მხატვარს, ტელესახეს. გარკვეული ხნის წინ ის ეკრანიდან გაქრა, ახლა კი შემთხვევით შევიტყვე, რომ ზღვის სანაპიროზე ბურგერების ბიზნესი წამოუწ­ყია.

- დაიშალა ჩვენი გადაცემა "ერთხელ­ საქართველოში" და წამოვედი...
არანაირი ამბიცია­ არ მაწუხებს, მაგრამ ყველა შეფია უკვე მანდ... წესით, ჩემი ხნის ,,ტელევიზიონშიკი" კი უნდა იყოს რაღ­აცის შეფი. ჩემი შეფები მაგარი
ტიპები აღმოჩნდნენ, მე კი აღარც შეფი მყავს, აღარც დირექტორი. ვერ გავუგე "ახალი თაობის ტელევიზიას" - არ ესმით, მცირე დანახარჯით ბევრი ფული როგორ მოიპოვება­, არც მარკეტოლოგია უვარგათ, არც დირექცია და საერთოდ, ტელევიზიის გაგებაში არ არიან. ნაწყენი კი არა ვარ, კაცო, მართლა არაფერი იციან.

მე რაც არ
ვიცოდი­, ამის გამო თითები მოვიჭერი და ეს მაგალითი მაქვს მთელი ცხოვრება. 14 წლიდან ტელევიზიაში ვარ, ვირი რომ დააბა ოპერასთან 30 წლით, ის დაიწყებს სიმღერას და რა ვიცი, მე არაფერში დავჭირდი...

- ამბობდნენ, ბანკის ვალები აქვსო...
- არავის ვალები არ მაქვს, არც ბანკთან მინდა ურთიერთობა, მაგრამ საჭიროა, თუმცა ვიცი, აღარ გავეკარები ბანკს.

- რამდენ ხანს იყავით უმუშევარი?
- უმუშევარი არ ვყოფილვარ,­ მე ხომ პროფესიონალი მხატვარი ვარ. ვხატავდი და ვყიდდი. ახლაც ვხატავ, ბურგერების ბიზნესის პარალელ­ურად, მყავს არაჩვეულებრივი მენეჯერი ნინო ყარაულაშვილი. ჩემი ნახატები გაიყიდა პარიზში, ნიცაში, მოსკოვში, კიევში, ბაქოში. ჩვენთანაც ბევრმა იყიდა, ახლახან ლონდონში ცნობილი გალერეის ხელმძღვანელმაც შეიძინა.

- 14 წლისა ტელევიზიაში როგორ აღმოჩნდით?
- ხატვისა და ფოტოშოპის ცოდნის წყალობით. ჯერ მე-2 არხზე მხატვარი ვიყავი, ალბათ, არტისტულიც გამოვდექი და პირველი ეთერი პირველ არხზე მქონდა.

- თქვით, რაც არ ვიცოდი, ხელი რომ მოვკიდე, თითები მივაყოლეო. არადა, ყოველთვის მეგონა, რკინის­ თითები თქვენი სატელევიზიო იმიჯის ნაწილი იყო.
- ეს ამბავი 16 წლის წინ მოხდა - ხის საამქრო მქონდა და ფიცრის გარანდვისას თითები მოვიჭერი. ჩემი დაუდევრობის შედეგია. რაც არ იცი, უნდა იკითხო.

- ბურგერების ბიზნესი როგორ წამოიწყეთ?­
- ერთ მშვენიერ დღეს მეგობარმა მაყალი იყიდა. თავიდან მეგონა, დეკორატიული დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ დავტესტეთ და... ყველამ მოიწონა ჩემი სოუსებით შეზავებული ბურგერები. ეს იყო შარშან. მერე დავჯექი და ფასტ-ფუდს გავეცანი უფრო საფუძვლიანად. მირჩიეს, ბურგ­ერების ბიზნესი კვარიათში, ტურისტულ ზონაში­ გამემართა... თავის ქება გამომდის, მაგრამ ჩემი ბურგერი ყველას მოსწონს - უცხოელსაც და ქართველსაც. ფასტ-ფუდი არ არის ყოველდღიური საჭმელი, თუმცა ჩვენი ფქვილითა და ხორცით დამზადებულზე უარი არ უნდა თქვა. ბურგერებისთვის პურსაც თავად ვაცხობ. ჩემი რვა თითით ვზელ ცომს, ნატურალურ რძესა და კარაქ­თან ერთად. ხანდახან ისეთი უცნაური ხალხი მოდის, ზოგს უპურო ბურგერი უნდა, ზოგს კი პური, უკატლეტოდ...
ტურისტული სეზონი დასრულდება და სექტემბრის ბოლოსთვის თბილისშიც შევარჩევ ადგილებს... 2 თვე კვარიათში ვიყ­ავი და ამ საქმისთვის თბილისში ცოტა ხნით რომ ჩამოვედი, გადათხრილი დამხვდა, ალბათ, არჩევნებთან დაკავშირებით... მე დისკომფორტი არ მექმნება, რადგან ძალიან პრაქტიკული ტრანსპორტით, სკუტერით დავდივარ, მაგრამ ხალხი იხრჩობა­ და კიდევ უფრო გაუსაძლისი საცობები იქმნება.
საბურთალოზე ვცხოვრობ და ამდენს რას თხრიან, ვერ გავიგე, თამარ მეფის საფლავს თუ ეძებენ, არ ვიცი. ყველა არჩევნების წინ თხრიან. 45 წლის ვარ და სულ ასე ხდება - თხრიან და აგებენ... სოფლებში ავიდნენ და იქ დაუგონ გზა. ამიტომაც ვამბობ, მარკეტინგი არ უვარგათ, მთელი სოფელი აქ არის, რადგან არც გზა აქვთ, არც წყალი და არც გაზი.
მიხედონ სოფლებს, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგონ. რომ ჩადიან საზღვარგარეთ, ხომ ნახულობენ, როგორი სოფლები აქვთ გერმანელებს, შვედებს... ქალაქს შეეშვან! სოფლებშიც გააკეთონ რაღაც - კინოდარბაზი გახსნან, სპორტული მოედნები, მიწა მოხნან, მეცხოველეობა განავითარონ...

რატომ უნდა ღირდეს საქართველოში ხორცი 17 ლარი?! წყალიც გვაქვს და საძოვრებიც. ორ ზღვას შუა ვართ, ამდენი მდინარეა და სოფლებში წყალი არა აქვს ხალხს.
თევზაობა, ნადირობა მიყვარს და მთელი­ საქართველო შემოვიარე. ბევრი ვნახე და ბევრმაც გული დამწყვიტა. უცხოეთშიც ვცხოვრობდი, თუმცა დავბრუნდი, მიყვარს ჩემი ქვეყანა.

- მარიხუანის დეკრიმინალიზაციას როგორ შეხვდნენ ტურისტულ ზონაში?
- აკრძალული რომ იყო, მაშინაც ეწეოდნენ და ახლაც ეწევიან. მე არ ვეწევი და არც სხვას ვურჩევ. საქართველოში მორფინისტი იყო ტიპი ოქროს ჯაჭვით, მაგარი მანქანით, კარგი იარაღით, კარგად ჩაცმული, მაგარი ქალით, ანუ მორფინისტი მაგარი კაცი გეგონებოდა. ისეთ ამბებს ჰყვებოდნენ მორფინისტებზე 80-90-იან წლებში, კინოს სიუჟეტი გეგონებოდა. მაშIინ პატარა ვიყავი და არ მესმოდა, მერე კი მივხვდი, არც ისე კარგი ტიპები ყოფილან. ამსტერდამში რომ ჩავედი, ვნახე, თურმე მორფინისტი ბომჟია, წევს ქუჩაში, მოდის ამბულატორიის მანქანა და უჩხერს, რამე რომ არ დააშავოს. აქაც ბევრი გაბომჟდა უკვე...

- დღევანდელ მთავრობაზე რა აზრის ხართ...
- ახალი სახეები მიდი-მოდიან­, როგორც დირექტორები. აი, მოადგილეები­ არიან მაგარი ტიპები, რადგან ისინი რჩებიან.

- რას არ გააკეთებდით არასოდეს?
- არ გავიჩხერდი.

- ტრადიციებს იცავთ?
- მომწონს ქართული სუფრის ტრადიციები. ყველაფერს თავისი პეწი და სილამაზე აქვს. ქანდაკებას ყოველთვის იმ რაკურსით უნდა უყურო, საიდანაც უკეთ წარმოჩნდება. მე ამ პრინციპს ვეთანხმები. აბა, აღმაშენებლის ძეგლს ცხენის უკანალიდან არ მოიწონებ არასოდეს. რაც შეეხება ჩემს გვარს, ხიდეშლები - არის ასეთი სოფელი რაჭაში. წარმოშობით მეც იქიდან ვარ, თუმცა მეხუთე თაობის თბილისელი გახლავართ. გადმოცემით ვიცი, მამაჩემის ბაბუის მამა, მღვდელი ნიკოლოზ ხიდაშელი ჩამოსულა და დასახლებულა თბილისში.

- კინოს მხატვარი ხართ პროფესიით. კინოში თუ გიმუშავიათ?
-"უძინართა მზის" გადაღების დროს ასისტენტად ვიმუშავე, ყოფილმა სიდედრმა მიმიყვანა, ისიც ამ პროექტზე მუშაობდა. სხვადასხვა დროს პატარ-პატარა კლიპებსა და ფილმებზეც ვიყავი დასაქმებული.

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?
- მთავარია, შენ შემდეგ დატოვო ვინმე... ორი ბიჭი მყავს, 22 და 16 წლის. კარგი მამა ვარო, ვერ ვიტყვი, ალბათ, ჩვეულებრივი, თუმცა ამ კითხვას ჩემი შვილები უკეთ გასცემენ პასუხს.

ეკა სალაღაია
იო
22 სექტემბერი 2018 13:01
საყვარელი ადამიანი
ზურა
22 სექტემბერი 2018 10:26
შენ რომ ტელევიზიას არ დასჭირდები მაგით უნდა მიხვდეს კაცი სადა ვართ,ჩემთვის ყველაზე მაგრაი იუმორისტი ხარ
გიორგი
22 სექტემბერი 2018 00:36
ნიჭიერი! პროფესიონალი! როგორც ჩანს, კარგი კაცი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?