"ნიკოლოზ ყიფშიძემ "დიდ ბელადს" სახლის გადარჩენა სთხოვა. შენობის სილამაზემ სტალინზეც იმოქმედა და..." - "ცისფერმაქმანებიანი" სახლი - კვირის პალიტრა

"ნიკოლოზ ყიფშიძემ "დიდ ბელადს" სახლის გადარჩენა სთხოვა. შენობის სილამაზემ სტალინზეც იმოქმედა და..." - "ცისფერმაქმანებიანი" სახლი

"იმისათვის, რომ ხარისხიანი რესტავრაცია ჩაგვეტარებინა, უნდა გვცოდნოდა, რა ჯიშის ხე იყო გამოყენებული, რომლისგანაც აივანია გამოჩუქურთმებული. როგორც გაირკვა, ფასადზე რამდენიმე ფენა საღებავი ყოფილა გადასმული. ცნობილმა რესტავრატორმა დაადგინა ფასადის თავდაპირველი ფერი. ყველა ჩუქურთმა ხელით აღვადგინეთ, რადგან დაშტამპული ფიგურები ასეთი დახვეწილი არ გამოვიდოდა"

თუ რუსთაველის პროსპექტზე გაისეირნებთ, 54 ნომერში აუცილებლად მოინახულეთ "ცისფერმაქმანებიანი" სახლი, რომელიც 1897 წელს თავად ვასილ გაბაშვილის დაკვეთით ცნობილი არქიტექტორის კორნელი ტატიშჩევის პროექტით აიგო. კორნელი ტატიშჩევი თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი საცხოვრებელი სახლის ავტორია. ასევე ალექსანდრ შიმკევიჩთან ერთად თანაავტორია რუსთაველის თეატრის შენობის პროექტისა. არქიტექტორმა გაბაშვილების სახლი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი შტრიხებით შეამკო: ხის აივანი, მოხატული ნაძერწი სადარბაზო, ეზო-ბაღი მრგვალი შადრევნითა და ალაყაფის ჭიშკრით.

ამ სახლში ვასილ გაბაშვილისა და ოლღა თაქთაქიშვილის მრავალრიცხოვანი ოჯახი ცხოვრობდა. ვასილ გაბაშვილის ერთ-ერთი ქალიშვილი, დარია, ცნობილი თერაპევტის, ნიკოლოზ ყიფშიძის მეუღლე იოსებ სტალინისა და დედამისის, კეკეს მკურნალი გახლდათ.

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აქ დღესაც ცხოვრობენ დარია გაბაშვილისა და ნიკოლოზ ყიფშიძის შთამომავლები. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გაბაშვილების სახლში რამდენიმე ოჯახი შეასახლეს, ხოლო მეორე სართულის ნაწილში კი კვლავ გაბაშვილები ცხოვრობდნენ. ამჟამად სახლში დარო გაბაშვილისა და ნიკოლოზ ყიფშიძის შვილიშვილი ნინო ყიფშიძე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ნინო ყიფშიძე თავის ოჯახსა და სახლზე "კვირის პალიტრას" უამბობს:

- ჩვენი სახსრებითა და ინგლისელი მეგობრის ჯენეტ დაქტოგლუს დახმარებით, რომელმაც სახლის გადარჩენის ფონდი შექმნა, სახლს რესტავრაცია გაუკეთდა. არქიტექტორ-რესტავრატორმა ნიკო ზაზუნაშვილმა შეადგინა რესტავრაციის პროექტი და მიზნად დაისახა ფასადის შემკულობის თითოეული ნაძერწი ელემენტის შენარჩუნება. რამდენიმე ხნის წინ კი თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა კონკურსი და რესტავრატორმა ლელა ნინოშვილმა სადარბაზოს აღდგენის პროექტი გააკეთა, სამწუხაროდ, ტენდერი არ შედგა.

არსებობს ლეგენდა, თითქოს კომუნისტურ წლებში, როდესაც ზემელის რეკონსტრუქციის დროს ამ შენობის დანგრევა გადაწყდა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელიც დიდი ბელადის" პირადი ექიმიც იყო, ამ სახლის ფოტო სტალინს აჩვენა და მისი გადარჩენა სთხოვა. შენობის სილამაზემ სტალინზეც იმოქმედა და შენობა დანგრევას გადაურჩა. ჩვენს ოჯახს ამ სახლში მხოლოდ რამდენიმე ოთახი შეუნარჩუნდა და შემდეგ, წლების განმავლობაში, ნელ-ნელა გამოვისყიდეთ სხვა ოთახებიც. ასე დაუბრუნდა სახლი კვლავ გაბაშვილებს.

ფასადი, ისევე როგორც ინტერიერი და სადარბაზო, ზუსტად ტატიშჩევისეულია. როდესაც რესტავრაცია დავაპირეთ, თავიდან შევისწავლეთ ყველაფერი. ხარისხიანი რესტავრაცია გვინდოდა ჩაგვეტარებინა და ამიტომ უნდა გვცოდნოდა, რა ჯიშის იყო ხე, რომლისგანაც აივანია გამოჩუქურთმებული. როგორც გაირკვა, ფასადზე რამდენიმე ფენა საღებავი ყოფილა გადასმული. ცნობილმა რესტავრატორმა დაადგინა ფასადის თავდაპირველი ფერი. ყველა ჩუქურთმა ხელითაა აღდგენილი, რადგან დაშტამპული ფიგურები ასეთი დახვეწილი არ გამოვიდოდა. ახლა სადარბაზო საჭიროებს რესტავრაციას, უფრო სწორად, გამაგრებით სამუშაოს, მაგრამ ეს დიდ თანხებს მოითხოვს და ჩვენი სახსრებით ვერ შევძლებთ. სადარბაზოს რამდენიმე ადგილი მძიმედ არის დაზიანებული და არის ნესტი, რომელიც ჩვენი სახლის მომიჯნავე ეკატერინე გაბაშვილის ქ. #6-ში მდებარე შენობიდან მოდის. სწორედ ამ შენობის ეზოში იგეგმება საბაგიროს ახალი შენობის დადგმაც, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის ამ ისტორიულ შენობას, განსაკუთრებით კი სადარბაზოს უნიკალურ ნაძერწობას. საბაგიროს ქვედა სადგურის პროექტი უკვე დამტკიცებულია. სამშენებლო სამუშაოების მომზადება დაიწყო. ამის გამო ეზოში პატარა ნაგებობა დაანგრიეს, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენს სახლს ესაზღვრებოდა. დემონტაჟი ისე უხეშად წარიმართა, რომ ყოველდღიურად ცვიოდა სადარბაზოს კედლებიდან და ჭერიდან ბათქაში.

პირველად სახლი 1990 წელს მთაწმინდის საბაგიროს უბედური შემთხვევის დროს დაზიანდა. ამ ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა, დღეს საბაგიროს აღდგენა ისევ იგეგმება, რაც სახლს შეუქმნის პრობლემებს.

სახლის სანახავად ყოველდღიურად ათობით ტურისტი მიდის. მხატვრულ-არქიტექტურული ღირსების გარდა, სახლის მეპატრონეების, ყიფშიძეების ოჯახის წყალობით, აქ დრო გაჩერდა. შუაგულ თბილისში, მეცნიერებათა აკადემიის უკან, "მაქმანებიანი" სახლის ეზოში შესვლისთანავე აღმოაჩენთ ტიფლისს, რომელიც თითქმის აღარ არსებობს.

ნინო წიფურია