ქართველი კალიგრაფი, რომლის ნამუშევრები ვატიკანშია დაცული - კვირის პალიტრა

ქართველი კალიგრაფი, რომლის ნამუშევრები ვატიკანშია დაცული

"არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მომმართეს, ყურანის გადაწერას მთხოვდნენ. სამწუხაროდ, არაბული ისე კარგად არ ვიცი, რომ ამხელა პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე"

გიორგი სისაური კალიგრაფიით ჯერ კიდევ 12 წლისა დაინტერესდა. ფიქრობს, რომ რელიგია, ლიტერატურა, მხატვრობა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია და ასტროლოგია ერთმანეთთან ძლიერ კავშირშია, სამყაროს მთავარი არსი კი ხელოვნებაშია.

- ბავშვობაშივე დავინტერესდი რელიგიით. ღმერთის, როგორც შემოქმედის, არსებობით და ამ ყველაფერს ყოველთვის ვხედავდი სხვადასხვა ფერთა გამაში. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, რადგან მინდოდა მხატვრობა და ის საქმე, რასაც ვემსახურები, საფუძვლიანად შემესწავლა. გამორჩეულად ხელოვნების ვერც ერთ მიმდინარეობას ვერ გამოვყოფ, ყველა მათგანი ძალიან მაინტერესებს. მხატვრობაცა და ლიტერატურაც დიდი ფილოსოფიაა, რომელსაც ვცდილობ ღრმად ჩავწვდე და გადმოვცე.

- 12 წლის ბავშვმა რა დაინახეთ საინტერესო კალიგრაფიაში? - ხატვა ყოველთვის მიყვარდა და ყველაფერი აქედან დაიწყო. მხოლოდ კალიგრაფიით არ შემოიფარგლება ჩემი საქმიანობა, პირიქით, სულ ვცდილობ, მაქსიმალურად მრავლის ამსახველი იყოს ჩემი შემოქმედება. ხატმწერიც გახლავართ, გრაფიკაშიც ვმუშაობ. რაც შეეხება კალიგრაფიას, სკოლაში გაიმართა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, გავიმარჯვე და შემდეგ უფრო ფართო ასპარეზზე წარმოვაჩინე ჩემი უნარი, განსხვავებულად დამენახა და გადმომეცა ანბანის ესთეტიკა.

ძალიან მიყვარს ქართული ანბანი, მისი სამივე სახეობა, მაგრამ უპირატესობას უფრო ნუსხურს ვანიჭებ. ჩემთვის ის ყველაზე გამორჩეული და სრულყოფილია. საერთოდ, ქართული ანბანი განსაკუთრებულია სხვა დამწერლობებს შორის. თითოეული ასო-ბგერა ინდივიდუალურია და წერისას მათ თანამიმდევრობას, ერთმანეთთან შეხამებას, პატარა გადაბმებსაც კი თავისი კანონზომიერებები აქვს. მუშაობის პროცესი იმდენად სასიამოვნოა და შემდეგ მიღებული შედეგებით ტკბობა იმდენად დიდი ბედნიერება, რომ ამის სიტყვებით მარტივად გადმოცემა, შეუძლებელია.

- თუ გაქვთ რაიმე კანონზომიერება, რის მიხედვითაც ქმნით თქვენს ნიმუშებს? - წინასწარ არასოდეს ვიცი, რას შევქმნი. შეიძლება სულ სხვა რამ მინდოდეს და სხვა რამ გამოვიდეს, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავ და დიდად არც ვცდილობ, შემოქმედებაც, ჩემი აზრით, ესაა.

- კალიგრაფიაში თქვენთვის რა ასპექტებია მნიშვნელოვანი? - კალიგრაფია შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც სულსა და გულს ვდებ. როგორც ვთქვი, დაინტერესებული ვარ ფილოსოფიით, ფსიქოლოგიით. ძალიან მიტაცებს ეს დარგი, საკუთარი თავის შეცნობაში მეხმარება და ეს, ჩემს ხელოვნებაზეც აისახება. ასევეა ფილოსოფიაც. ასტროლოგიაც ჭარბადაა ჩემს ცხოვრებაში, ისევე როგორც რელიგია და ვთვლი, რომ ეს ორი ფენომენი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ადამიანის თვალისათვის უხილავი უამრავი რამ არსებობს და სხვადასხვა რელიგია მათ სხვადასხვანაირად შეიცნობს. ამიტომაც ხელოვანი უნდა იცნობდეს მათ. ცოტა ხნის წინ "ვეფხისტყაოსანი" დამიკვეთეს. მასზე რამდენიმე მხატვარი ვმუშაობდით, მე დაახლოებით 100 გვერდის გადაწერა მომიხდა. მალე გამოფენაზე, ეს ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მომმართეს, ყურანის გადაწერას მთხოვდნენ. სამწუხაროდ, არაბული ისე კარგად არ ვიცი, რომ ამხელა პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე.

- როგორც ვიცი, თქვენი ნამუშევარი ვატიკანშია დაცული. - როცა რომის პაპი ფრანცისკე I საქართველოს ესტუმრა, მოხიბლულა ქართული დამწერლობით, ამიტომაც პაპისთვის სასაჩუქრედ დამიკვეთეს კალიგრაფიული ნაწარმოების შექმნა. მეც შევასრულე დაკვეთა და ასე აღმოჩნდა ეს ნაწარმოები ვატიკანში.

- მოდის სახლ "შანელის" კალიგრაფი როგორ გახდით? - "შანელის" რუსული სახლის კალიგრაფი ვარ. ჩემმა ნამუშევრებმა მიიქცია მათი ყურადღება. რამდენიმე საცდელი ესკიზის შექმნა მთხოვეს, მოეწონათ და მას შემდეგ ვთანამშრომლობთ.

ძალიან მინდა სასწავლებლად ნიუ-იორკში წასვლა. მინდა ის ცოდნა, რაც უკვე მაქვს და კიდევ შევიძენ, მომავალ თაობებს გადავცე, მყავდეს მოსწავლეები, რომლებსაც შევასწავლი მხატვრობას, კალიგრაფიის ხელოვნებას. ცოტა ხნის წინ კაიროში მასტერკლასები ჩავატარე, გავიცანი იქაური მხატვრები. ეგვიპტეში 300 კალიგრაფიული სკოლა არსებობს. არც ჩვენთან იყო ნაკლებად განვითარებული ეს დარგი, მაგრამ აქ როგორღაც დავკარგეთ კავშირი ჩვენს წარსულთან. ჩვენს თანამედროვეობაში, როცა ყველაფერი გადასულია კომპიუტერულ მუშაობაზე, ციფრულ ტექნოლოგიებზე, აუცილებელია კალიგრაფიის, როგორც ხელოვნების პოპულარიზაცია. ინტერნეტფონტები ვერასოდეს გახდება ხელნაწერის დონის ხელოვნება. კალიგრაფია შემოქმედებაა, რომელსაც თავისი სული და ძლიერი ენერგეტიკა აქვს.

თეკლა ლომთაძე