"ლუსიამ მითხრა, ჩვენი ბიჭი გაჩნდა, სერგეი დავარქვიო... უცნობი შვილი 52 წლის შემდეგ დამიბრუნდა" - კვირის პალიტრა

"ლუსიამ მითხრა, ჩვენი ბიჭი გაჩნდა, სერგეი დავარქვიო... უცნობი შვილი 52 წლის შემდეგ დამიბრუნდა"

ფოტოზე: რობერტ ცქიტიშვილი შვილებთან - სერგოსთან და გოჩასთან ერთად

იქნებ ამ ამბავს ზოგმა სერიალი დაარქვას, ზოგმაც ზღაპარი, ჩემთვის კი ის სისხლის ყივილია, რომელიც ისეთივე უკვდავია, როგორიც ზღაპარში სიკეთე. ოღონდ ამ ზღაპრის გმირები რეალური ადამიანები არიან - სხვიტორელ რობერტ ცქიტიშვილს 52 წლის უცნობი ვაჟი ჩამოუვიდა უკრაინიდან. 80 წლის რობერტ ცქიტიშვილს მაშინ შევხვდი, როდესაც ყანიდან დაღლილი ბრუნდებოდა, მაგრამ როგორც კი გაიგო, "კვირის პალიტრიდან" ვიყავი, სახლის კარი ფართოდ გამიღო - ორშაბათი ისე არ გავა, თქვენი გაზეთი არ წავიკითხო, ძალიან გამახარეთ სტუმრობითო.

რობერტ ცქიტიშვილი: - 1958 წელს 18 წლის ჯარში 4 წლით გამიწვიეს სევასტოპოლის საზღვაო ნაწილში. დედისერთა და ოჯახის ერთადერთი იმედი ვიყავი - მამაჩემი საბჭოთა ხელისუფლების დევნის გამო შინიდან იყო გაქცეული, მე და ჩემს დას დედა და მამის მშობლები გვზრდიდნენ.

ერთ დღესაც ჯარში სხვიტორიდან წერილი მომივიდა, ბაბუა გარდაიცვალა და დედას ინსულტი მოუვიდაო. დედა მაშინ 47 წლის იყო და მისი იმედი მხოლოდ მე კი არა, მთელ საჩხერეს ჰქონდა, სახელგანთქმული ბებიაქალი გახლდათ. ნაწილში ერთი აზერბაიჯანელი მეგობარი მყავდა და მისი დახმარებით მივაღწიე, რომ 10 დღით გამომიშვეს საქართველოში. ჩამოვედი და დამხვდა დაქცეული ოჯახი. იქ ვინ დამტოვებდა და ვადის ამოწურვამდე უკან, სიმფეროპოლში გავფრინდი, რომ იქიდან მატარებლით სევასტოპოლში წავსულიყავი. მატარებელში გამცილებელი გოგონა გავიცანი, მითხრა, თან ვსწავლობ, თან მოსკოვი-სევასტოპოლის მატარებელზე ვმუშაობ გამცილებლადო. მას შემდეგ ერთმანეთს ვხვდებოდით.

მისი ოჯახი ლენინგრადის ბლოკადის წინ გამოხიზნეს სევასტოპოლში, მაგრამ მატარებელი გერმანელებმა დაბომბეს და დაიღუპნენ, მარტო ის გადარჩა. ცხრა თვე ვხვდებოდი ლუსია ჩუიკოვას, მაგრამ ერთ დღესაც ჯარისკაცები დაგვამწკრივეს და ხრუშჩოვის ბრძანება წაგვიკითხეს, საბჭოთა ჯარების საზღვაო სამსახურის ვადა 3 წლამდე შემცირდაო. ბიჭები სიხარულით ცეკვავდნენ, მე კი გაორებული ვიდექი: მიზეზი ლუსია იყო. ის მოსკოვის რეისზე იყო წასული, სამშობლოში კი ლოგინად ჩავარდნილი დედა მელოდებოდა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ამ დროს ჯარის ექიმმა დამიძახა, რომელიც აგრეთვე აზერბაიჯანელი გახლდათ და ჩემი თავგადასავალიც იცოდა. მითხრა, გირჩევ, დარჩე, სამსახურს დაგაწყებინებთ, უმაღლესი სასწავლებლის ლიმიტს მოგცემ და კაცად გაქცევო. არ დავრჩი და სამშობლოში გამოვემგზავრე, ლუსიას კი რომ არ ენერვიულა, ერთი ხერხი მოვიგონე - ვითომ ჯარის სხვა ნაწილში გადამიყვანეს, ქალაქ კალინინგრადში. იქ ჩემი მეზობელი მსახურობდა, ლუსიასთვის მიწერილ წერილებს მას ვუგზავნიდი. მას წერილები სხვა კონვერტში გადაჰქონდა და სევასტოპოლში ლუსიას უგზავნიდა, ვითომ მე ვგზავნიდი კალინინგრადიდან.

- თუმცა სიმართლე ბოლოს მაინც მჟღავნდება. - ასეა, დღესაც მახსოვს, რომ მომწერა, შენს ნაწილში ვიყავი და ყველაფერი გავიგე, მინდა იცოდე, რომ აპრილში ჩვენი ბიჭი გაჩნდა, სერგეი დავარქვიო. საპასუხო წერილი გავუგზავნე, მაგრამ არ უპასუხია, არც მომდევნოზე. მერე ხელი ჩავიქნიე. ცოლიც შევირთე, რომელსაც ყველაფერი ვუამბე.

1972 წელს მეგობართან ერთად გემით ვიყავი სევასტოპოლში. მეგობარი იმ სახლში მივაგზავნე, სადაც ლუსია ცხოვრობდა. უთხრეს, გოგო გათხოვდა და აქედან გადავიდაო. ასე დამთავრდა ყველაფერი. აქ კი, სამშობლოში, ვაჟი შემეძინა - გოჩა...

ქვეყნად არაფერი იმალება და არც ეს ამბავი დაიმალა. ძმას ჩემამდე ის პირველი შეხვდა.

გოჩა ცქიტიშვილი: - ოჯახის შესანახად მუშაობა ხშირად ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიხდება. ერთ დღეს მეუღლემ დამირეკა, ვიღაც კაცი რეკავს და მამაშენს კითხულობს, ამბობს, რომ ერთად მსახურობდნენ ჯარში და მასთან დალაპარაკება უნდაო. ვუთხარი, ჩემი ტელეფონი მიეცი-მეთქი. ასე დამირეკა კიევში მცხოვრებმა ყოფილმა ბათუმელმა ჟურნალისტმა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ის კაცი მთლად სანდო არ იყო და ჩვენი ძებნით ჩემი ძმის ბიზნესის გამოყენებას ცდილობდა, მაგრამ იმ მომენტში მართლაც შეუფასებელი საქმე გაუკეთა ჩემს ოჯახს. მითხრა, ძმა გყავს, რომელიც შემთხვევით გავიცანი და რომელიც მამაშენს დაეძებსო. შემდეგ ათი დღის განმავლობაში ყოველდღე ვურეკავდი იმ კაცს, ჩემი ძმა დამალაპარაკე-მეთქი. ის კი ხან რას მეუბნებოდა, ხან - რას. ბოლოს ჩემმა ძმამ დარეკა, ორ დღეში საქართველოში მივფრინავო. ბევრი არ მიფიქრია, ყველაფერი გადავდე, სახლში დავრეკე, ჩემი ძმა მომყავს-მეთქი და თბილისში გამოვფრინდი. ჩემი ძმა აეროპორტში, გასასვლელთან ორ ქართველთან ერთად იდგა და მაშინვე მივხვდი, მათ შორის ჩემი სისხლი რომელი იყო, არც კი დავფიქრებულვარ, ისე წავედი მისკენ. სერგომ ეზოში შემოაბიჯა თუ არა, მამა პატარა ბავშვივით ხელში აიტაცა.

- არადა, შეეძლო ესაყვედურა მამისთვის. - არც ერთი სიტყვა არ უთქვამს! მხოლოდ ის გვითხრა, ჯერ კიდევ 2 წლისამ ვკითხე დედას, სხვა ბავშვებს რომ მამები აკითხავს, მამაჩემი რატომ არ მოდის-მეთქი. დედამისი მეორეჯერ მაშინ გათხოვილა, როცა ჩემი ძმა ძალიან პატარა იყო, მაგრამ მისთვის ნამდვილი მამის ვინაობა არ დაუმალავს.

- დედათქვენი როგორ შეხვდა ამ ამბავს?

- ძალიან კარგად. იმაზე კარგი რაა, როცა დედამ იცის, რომ მის შვილს იმედად ძმა ეგულება.

ჩემი ძმა პირველად 2013 წელს ჩამოვიდა საქართველოში. თან დაცვა ახლდა, დაუძახა, ჩუმად რაღაც უთხრა და დაცვამ საღამოს ავტომობილი მომიყვანა საჩუქრად. მას შემდეგ ბევრჯერ გვესტუმრა. საჩუქრებით გვანებივრებს, მაგრამ ყველა საჩუქარს ჩალის ფასი აქვს მასთან შედარებით, რაც ძმის გამოჩენით უფალმა მიბოძა. არც ისე დიდი ხნის წინ საშინელი უბედურება დაატყდა თავს - 33 წლის ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. როდესაც დაკრძალვაზე ჩავედით, გვითხრა, მე თქვენგან ის მივიღე, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მჭირდებოდაო, - მითხრა, ცქიტიშვილების უმცროსმა ვაჟმა და გაჩუმდა. მამამისმა კი ერთი რამ დაამატა, სერგო ქართველი რომ არის, იმაზეც ეტყობა, რომ როცა სოფლის მთებს გახედავს, სულ იქ წასვლას ითხოვსო! ცქიტიშვილების უფროსი ვაჟი ამ სამოთხის ძახილმაც დააბრუნა - ყველა სიმდიდრე, ბოლოს და ბოლოს, წარმავალია, მხოლოდ ის არის მარადიული, რისი უჩინარი ხმაც მოსვენებას არ გაძლევს.

ეთერ ერაძე