"დედაჩემის გამომცხვარი ცივი მჭადი მირჩევნია უცხოობის ბრწყინვალებას!" - ქართველი ჯარისკაცის საოცარი თავგადასავალი - კვირის პალიტრა

"დედაჩემის გამომცხვარი ცივი მჭადი მირჩევნია უცხოობის ბრწყინვალებას!" - ქართველი ჯარისკაცის საოცარი თავგადასავალი

არსენ ერაძემ თურქეთის ომიდან თავისი განუყრელი ვერცხლის ხანჯალი და ფეხში ჩარჩენილი ტყვიები ჩამოიტანა. ხანჯალი მას სწორედ ამ ომში გამოჩენილი მამაცობისთვის უბოძეს

ჩემი თაობა სანახევროდ ომებში გაწყდა, სანახევროდ კი არსებობის შესანარჩუნებლად უცხოეთში გაიკრიფა. მეც შემეძლო წასვლა უამრავი ახლობლის კვალდაკვალ, თუმცა ეს აზრადაც არ მომსვლია. რატომღაც არც ჩემი თავისთვის მიკითხავს, რატომ. ალბათ, იმიტომ, რომ ამ თემაზე საკუთარ თავთანაც კი არ მინდოდა ლაპარაკი. მაგრამ ერთხელაც ვიფიქრე, მოდი, ყველაფერ ამაზე ხომ არ დავწერო-მეთქი! და, აი, ვწერ. მიზეზი კი მამაჩემის ძმის გარდაცვალება იყო, რომელიც რუსეთში მრავალი წლის ხეტიალის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ჰოდა, ბიძაჩემის დაკრძალვაზე კიდევ ერთხელ შევხედე მის სახლში საპატიო ადგილზე ჩამოკიდებულ ჩემი დიდი ბაბუის, არსენა ერაძის ფოტოს და პირობა "მივეცი", რომ დავწერდი.

მოკლედ, ამ ფოტოზე აღბეჭდილი მუნდირში გამოწყობილი ჩემი დიდი ბაბუა 1858 წელს დაბადებულა და ამიტომაც აღმოჩნდა 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომში რიგით ჯარისკაცად. როგორც თანამედროვე ისტორიკოსები წერენ, ქართველები ამ ომებში ლომებივით იბრძოდნენ თურქებისგან ძველი ჯავრის ამოსაყრელად! ამ ომებში იმპერატორის ქალიშვილები დაჭრილ ჯარისკაცებს უვლიდნენ, რომელთა შორის ჩემი დიდი ბაბუაც აღმოჩნდა. Bბევრს აღარ გავაგრძელებ და ამის შემდეგ არსენა ერაძე იმპერატორის კარზე მომსახურე კავკასიელ კანვოელებს შორის აღმოჩნდა. არადა, გასაკვირია, კანვოელები რუსეთის იმპერატორის კარზე მომსახურე დიდგვაროვანი კავკასიელების ჯარი გახლდათ, რომელიც ორი წლის განმავლობაში უზრუნველად ცხოვრობდა. რატომ აღმოჩნდა ასეთ ფუფუნებაში გლეხი, ჩემი დიდი ბაბუა, ამას თავისი ისტორია აქვს, რასაც დიდი სიამაყით გვიყვებოდა მამაჩემის მოხუცი მამიდა, დარიკო. ამბობდა, რომ მამამისმა თურქეთის ომიდან თავისი განუყრელი ვერცხლის ხანჯალი და ფეხში ჩარჩენილი ტყვიები ჩამოიტანა. ხანჯალი მას სწორედ ამ ომში გამოჩენილი მამაცობისთვის უბოძეს.

როდესაც სამსახურის ვადა გაუვიდა, ბაბუაჩემი იმპერატრიცამ იხმო და განუცხადა: "არსენ, თქვენ თავი გამოიჩინეთ იმპერიის დაცვაში, მე მსურს, იმპერატორის კარზე დარჩეთ და გვემსახუროთ, რისთვისაც თქვენ მიიღებთ ყველა იმ უზრუნველყოფას, რასაც იღებენ იმპერატორის კარზე მომსახურენი!" - რის შემდეგაც დედოფლური სულგრძელობით დაელოდა კანვოელ ერაძის პასუხს. და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც გლეხმა ერაძემ ხელი დედოფლის ნაჩუქარ ხმლის ვადაზე დაიდო, თავი დახარა და მდაბლად მოახსენა: - თქვენო ბრწყინვალებავ, სიამოვნებით დავდებდი თავს თქვენთვის, მაგრამ თუ ნებას მომცემთ, სამშობლოში გავემგზავრები, დედაჩემის გამომცხვარი ცივი მჭადი მირჩევნია უცხოობის ბრწყინვალებას!"

მამაჩემის მოხუცი მამიდის ნაამბობი პეტერბურგის შესახებ აქ წყდებოდა. ასეა თუ ისე, ამის შემდეგ ის საჩხერის სოფელ ბახიოთში დაბრუნდა და სახელი გამჭრიახობით, სიმდიდრითა და ბედის უკუღმართობით გაითქვა: მისი პირველი ცოლი მძიმე დაავადებით დაიღუპა, მეორე კი საკუთარი მამის წყევლით - პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ არსენას შვიდი ძმის ერთადერთი და შეუყვარდა, რომლის გათხოვება ქვრივ და თანაც შვილებიან კაცზე არავის უნდოდა. Bბოლოს გოგო კი გაათხოვეს, ქორწილიც გადაუხადეს, მაგრამ ღვინისა და ბოღმისაგან მთვრალმა პატარძლის მამამ ქალიშვილს ცხენის აღვირი ჩამოართვა, ცხენი უკუღმა შემოატრიალა და თან მიაწყევლა, ასე უკუღმა შემოტრიალებულიყავი შინ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გათხოვილო შვილოო. ის უბედურიც ზუსტად ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. არსენა კი კარგა ხანს მარტო უძღვებოდა ოთხი შვილის გაზრდას. ორი მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა. ერთ-ერთი ვაჟი, იულონი 1921 წელს გახდა 18 წლის. სწორედ იმ დღეს საქართველოს მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში რომ გარბოდა, თბილისი ბოლშევიკებმა აიღეს, ბათუმი კი თურქებმა. მაშინ გენერალმა მაზნიაშვილმა გაძვალტყავებული ქართული არმია კვლავ საომრად შეკრიბა. მათ შორის ჩემი 58 წლის დიდი ბაბუაც იყო, რუსეთის იმპერატრიცას ნაჩუქარი ხმლითა და 18 წლის იულონით.

ბათუმში, აზიზიეს მოედანზე, სადაც იუნკერთა სისხლი დაიღვარა, არაიუნკერი იულონ ერაძე ლომივით იბრძოდა. მამიდა დარო ამბობდა, სანამ უკანასკნელმა თურქმა აზიზიეს მოედანი არ დატოვა, მამაჩემს ჩემი ძმა არ მოუძებნია, მერე მოწყალების დასთან იპოვა, დაიჩოქა, შვილის გულს ყური დაადო და მოწყალების დას უთხრა, დაო, ჩემს ბიჭს ვეღარ გადაარჩენთ, შვილი მომეცით, უნდა წავიყვანოო. მომაკვდავი შვილი ცხენზე გადაიკიდა და შინ, საჩხერისკენ გასწია. სურამში, სოფელ ჩუმათელეთთან, იულონი უკვე აღარ სუნთქავდა. არსენა ერაძემ შვილის ცხედარი ცხენიდან ჩამოიღო, ორივე ხელით ჩაიხუტა და ისე აბღავლდა, მთელი ჩუმათელეთი ფეხზე დადგა, მაგრამ მამამ შვილის სამარის გათხრა არავის დაანება, თავად დამარხა იქვე.

ეს ამბავი ამით არ დამთავრებულა - ამის შემდეგ ბოლშევიკებმა ჩემს დიდ ბაბუას მთელი ქონება წაართვეს და სოფლის უბირებს დაურიგეს.…მან სოფელი დატოვა და ადამიანებისაგან შორს, დაუსახლებელ ადგილზე პატარა ქოხი ჩადგა. მე ის ქოხი დღემდე მახსოვს, შემოდგომის ატმის სურნელი რომ ასდიოდა.

სამწუხაროდ, ჩუმათელეთში არსენას მრავალრიცხოვან შთამომავალს იულონის საფლავი ვერ გვიპოვია. სამაგიეროდ, ჩვენს გულში სამუდამოდ დაიმარხა ჩვენი დიდი ბაბუის მტკიცე პასუხი რუსეთის იმპერატორის ბრწყინვალე კარზე: "დედაჩემის გამომცხვარი ცივი მჭადი მირჩევნია უცხოობის ბრწყინვალებას".

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ არასოდეს მომნდომებია უცხოობაში თავის საშველად წასვლა!

ეთერ ერაძე