"უდაბნოს მონასტრის თავზე კლდის დიდი ნაწილი ჩამოშალა... აზერბაიჯანელები გასუფთავების უფლებას არ გვაძლევენ" - განდეგილი გიდი, რომელიც მონასტერში "დავითის ცრემლებს" ეზიდება - კვირის პალიტრა

"უდაბნოს მონასტრის თავზე კლდის დიდი ნაწილი ჩამოშალა... აზერბაიჯანელები გასუფთავების უფლებას არ გვაძლევენ" - განდეგილი გიდი, რომელიც მონასტერში "დავითის ცრემლებს" ეზიდება

ჯერ კიდევ 21 წლის იყო, საერო ცხოვრება რომ მიატოვა და დავითგარეჯის მონასტერთან ახლოს, სეისმოლოგების მიტოვებულ სახლში დასახლდა. ახლა უკვე 35 წლის არის. 14 წელია, რაც კლდის ძირში მდებარე ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს. მართალია, სახლში არც შუქი აქვს, არც გაზი და არც წყალი, მაგრამ მიაჩნია, რომ კომფორტულ გარემოში იმყოფება. ამბობს, რომ მისი ყოფა გაცილებით საინტერესო და ნაყოფიერია, ვიდრე ერში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდისა. ზვიად ანანიაშვილით მას შემდეგ დავინტერესდი, როდესაც გავიგე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის, ყოველ დილით წყაროდან წყალს ხელით ეზიდება. ის პროფესიით გიდია, ქართველ და უცხოელ ტურისტებს დავითგარეჯსა და მის ახლომდებარე ეკლესია-მონასტრებს აცნობს... ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, უყვარს ისტორია, ლიტერატურა და მოგზაურობა...

- ზვიად, განდეგილად ცხოვრება რამ გადაგაწყვეტინათ?

- ამისთვის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. სოფელ უდაბნოდან ვარ. ჩემი ოჯახი მეფუტკრეობას მისდევს. მორწმუნე მშობლები მყავს. როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, მამას დავითგარეჯის მონასტერში ყოველ კვირას მოვყავდი. აქვე მოვინათლე. თანდათან ძალიან შემიყვარდა ეს მონასტერი... დროდადრო ვრჩებოდი კიდეც. 21 წლის რომ გავხდი, მოვედი და სულ დავრჩი.

- ტაძარში დარჩით თუ სეისმოლოგიურ სადგურში?

- ტაძარში. სეისმოლოგიური სამსახურის თანამშრომლებთან ვმეგობრობდი. ერთ დღეს მითხრეს, - მაინც სულ აქ ხარ, დაგვეხმარეო. უარი არ მითქვამს. დროთა განმავლობაში სეისმოლოგიური სადგური ყველა ძველმა თანამშრომელმა დატოვა და მარტო დავრჩი.

- თქვენს გადაწყვეტილებაზე მშობლების რეაქცია როგორი იყო? - მშობლები, როგორც უკვე გითხარით, ეკლესიური ხალხია. მოსწონთ ღმერთთან ახლოს რომ ვარ, თანაც ჩემს დამოუკიდებლობას არ ზღუდავენ.

- დედმამიშვილები გყავთ? - ორი ძმა და ერთი და. დაოჯახებული მხოლოდ და არის, სამი შვილი ჰყავს.

- თქვენ არასდროს ყოფილხართ დაოჯახებული? - არა.

- შეყვარებული? - არაერთხელ.

- სიყვარულში იმედგაცრუებამ ხომ არ გადაგაწყვეტინათ "განდეგილად" ცხოვრება? - არა, ცხოვრებაში ისეთი სირთულე არაფერი გადამიტანია, რაც სხვას არ ჰქონია. უბრალოდ, ხასიათი მაქვს ასეთი, სიმყუდროვე, სიმშვიდე მიყვარს. მსიამოვნებს, რომ მონასტერში ყოველდღე დავდივარ, დიდ პატივად მიმაჩნია, რომ ბერმონაზვნებისთვის წყაროს წყალი მომაქვს და მერე მათთან ერთად ვტრაპეზობ. ტურისტების გამასპინძლებაც ძალზე მსიამოვნებს...

- სეისმოლოგიურ სადგურში რას საქმიანობთ? - ერთობ მოკრძალებული როლი მაქვს, დროსა და ენერგიას არ მართმევს. სეისმოდანადგარები ჩემს სახლთან ახლოს, კლდეში გამოკვეთილ 25-მეტრიან გვირაბშია დამონტაჟებული. როგორც კი სეისმური რყევა მოხდება, ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა გეოფიზიკის ინსტიტუტს. მე დანადგარების მუშაობას ვადევნებ თვალყურს. თუ რაიმე ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ტელეფონით უნდა ვაცნობო შესაბამის სამსახურს. სულ ეს არის ჩემი ფუნქცია.

- ტურისტები ამ გვირაბით არ ინტერესდებიან? - კი, მაგრამ იქ შესვლა აკრძალულია. გვირაბი დაკეტილია, მხოლოდ მე მაქვს შესვლის უფლება.

- სხვა თანამშრომლებმა რატომ დატოვეს სეისმოსადგური? - მიზერული ხელფასის გამო. არ უღირდათ, მცირე ხელფასის გამო ოჯახებიდან მოშორებით ცხოვრება. მე მაინც აქ ვიყავი და პრეტენზია არაფერზე მაქვს, არც ამ ხელფასის იმედზე ვარ, ჩემი ძირითადი პროფესია გიდობაა.

- სახლი, სადაც ცხოვრობთ, ალბათ ძველი აშენებულია. - დიახ, კომუნისტებმა ააშენეს, სეისმოლოგიური სადგურის თანამშრომლებისთვის. თავის დროზე არ იქნებოდა ურიგო. ჩემთვის არც ახლაა ცუდი. უბრალოდ, მეგობრებს არ მოსწონთ. შორიდან ყველაფერი რომანტიკულად და ზღაპრულად ეჩვენებათ, მაგრამ რომ მოვლენ, ერთ დღეზე მეტხანს ვერ ჩერდებიან. გაგრძელება