"როდესაც ოჯახში რძალი შემოდის, დედამთილმა თავისი ოფოფები ცოტა უნდა მოდრიკოს" - კვირის პალიტრა

"როდესაც ოჯახში რძალი შემოდის, დედამთილმა თავისი ოფოფები ცოტა უნდა მოდრიკოს"

"იმერელი ვარ, მაგრამ თუ დამჭირდება, კახელსაც კარგად შევასრულებ, ქართლელსაც და "იმნაირ" ქალსაც"

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" გაიცნო. როგორც ამბობს, 80 წლისაა და 81-ში "გადაფრინდა". "ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გამოვცადე: მეგობრის ღალატიც, საყვარელი მეუღლის სიკვდილიც, გაჭირვებაც, მაგრამ არ გავბოროტებულვარ და ეს მთავარია," - ამბობს ქალბატონი მედეა, რომელიც ძალიან ხალისიანი და იშვიათი იუმორით დაჯილდოებული ადამიანია.

- ქალბატონო მედეა, ყველა მიიჩნევს, რომ ნამდვილი ქართველი დედამთილის სახე შექმენით. როგორ მოახერხეთ ეს?

- ჩემი საშინაო სახელი მედიკოა და ჩემი მეგობარი ჟურნალისტებიც ასე მეძახიან. რაც შეეხება მანანას სახეს, ერთი შეკითხვა მაქვს: ყველას დედამთილს როგორ ვგავარ, კაცო? ნუთუ ყველა ასეთი ლამაზია? რძლებს კი ამ ინტერვიუთიც მოვუწოდებ: დაანებეთ თავი კაფე-კაფე სიარულს, ჰამბურგერების ჭამას და შინ გაკეთებული ჩახოხბილი მიირთვით! მე ასე ვფიქრობ: როდესაც ოჯახში რძალი შემოდის, დედამთილმა თავისი ოფოფები ცოტა უნდა მოდრიკოს, მაგრამ ისიც არ ვარგა, რძალი რომ დაგიწყებს, ეს არ მომწონს და შევცვალოთ, ეს ძველია და გადავაგდოთო. როცა დედამთილი სადილს გახვედრებს, ოჯახზე გადაყოლილია, შენ კი ამ დროს კაფეში გარბიხარ, ეწყინება, დედა, აბა, რა იქნება?

- უკვე სტაჟიანი დედამთილივით ლაპარაკობთ... - არა, მე სიდედრი ვარ და ჩემს სიძეს ძალიან ვუყვარვარ. მეც სიყვარულით და პატივისცემით ვპასუხობ.

- ამბობთ, რომ მთელი სექტემბერი ზღვაზე უნდა გაატაროთ? არ მოგწყინდებათ თქვენი საქმის გარეშე?

- ზღვაზე მივდივარ, თანაც, მთელი თვით. უნდა ვიჭყუმპალაო, მაგრამ შორს ვერ გავცურავ და საცურაო კოსტიუმს ვერ ჩავიცვამ. არ გამოვა, რადგან ვიცი - იქ ნამდვილი ფოტოსესია გაიმართება. რაფერ ჩევიცვამ, ხომ არ გამოვაჩენ, დედა, ყველაფერს? ჩავალ ზღვაში, დავსველდები და ამოვალ: სულ არ მინდა ჩემი ტიტლიკანა ფოტოები მთელ ინტერნეტში გავრცელდეს. სერიალისთვის მსახიობების შეკრება, ალბათ, სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და თუ დამიძახებენ, ჩამოვალ რამდენიმე დღით. "ჩემი ცოლის დაქალების" გამო მოსკოვში ვერ წავედი, ვერც აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამ სერიალის ღალატი არ იქნება.

- იმერელი ხართ? იმერელი ქალის როლს ისე ბუნებრივად ასრულებთ... - იმერელი ვარ, მაგრამ თუ დამჭირდება, კახელსაც კარგად შევასრულებ, ქართლელსაც და "იმნაირ" ქალსაც. ყველაფერს შევასრულებ, ოღონდ ამ მუხლმა გადამიაროს - მუხლი მაწუხებს და ქობულეთშიც ამიტომ მივდივარ. შეიძლება ვიღაცას უდარდელი ვგონივარ, მაგრამ ძალიან მწარე ცხოვრება გამოვიარე. მამაჩემი - თეიმურაზ ლორთქიფანიძე ფოთის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. მშობლები ადრე დამეხოცა და ობლად გავიზარდე, ძმასთან ერთად. რომ წამოვიზარდე და ოჯახი შევქმენი, ჩემს ცხოვრებაშიც დაიწყო ბედნიერი ხანა. ჩემი მეუღლე შალვა მახარაძე პროფესორი იყო, ძალიან კარგი ქირურგი, მაგრამ ახალგაზრდა დავქვრივდი და 12 წლის შვილი დამრჩა გასაზრდელი. 90-იანებში მეც ვიდექი პურის რიგში, სამსახურშიც ფეხით დავდიოდი და ყველა განსაცდელი გამოვიარე, რაც ჩვენს ხალხს შეხვდა. უფრო მეტიც: ჩემმა მეგობარმა ბანკის სესხი ამაღებინა, თვითონ დაჰკრა ფეხი და საფრანგეთში გაიქცა, მე კი მის გამო სახლიც დავკარგე, მანქანაც და ოქრო-ვერცხლიც. მაინც არ გავბოროტებულვარ. რაც მთავარია, ცოცხალი ვარ და დილა რომ მითენდება, მიხარია. ახლაც რომ მოვიდეს, ფეხებში ჩამივარდეს და მთხოვოს, მედიკო მაპატიეო, ცუდს არაფერს ვეტყვი.

- გიორგი ფარაჯანოვმა როგორ შეგარჩიათ თავისი ფილმისთვის? - ბატონი გიორგი იღებდა ფილმს "ყველანი წავიდნენ" და თბილისიდან მსახიობების სურათების გაგზავნა მოითხოვა. ჩემი სურათი რომ უნახავს, უთქვამს, ამ ქალბატონს უთხარით, არც თმა შეიღებოს, არც წონაში დაიკლოს, როგორიცაა, ზუსტად ისეთი დამხვდესო. ასე გადამიღო ფილმში, სადაც ზურაბ ყიფშიძე და სხვა ცნობილი ქართველი მსახიობები მონაწილეობენ. როგორც ვიცი, ნოდარ დუმბაძის რომელიმე ნაწარმოების გადაღება უნდა და უკვე ვიცი, რა როლი უნდა ვითამაშო.

- როგორ ცხოვრობს საქართველოში ყველაზე პოპულარული დედამთილი? - ქუჩაში რომ მოვლენ და ჩაგეხუტებიან, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჩემი ოჯახიც მაბედნიერებს: ღმერთმა ყველას მისცეს ასეთი შვილი და შვილიშვილები. დილას ყავის სმით ვიწყებ, მარტო კარგ ამბებზე ვფიქრობ. ძალიან უწყინარი ვარ და არ მიყვარს, ენას რომ ატლიკინებენ. სადილების კეთება მიყვარს. ჩემი მურაბები სამეგობროში განთქმულია. ჟურნალისტებსაც ძალიან უხარიათ ჩემთან მოსვლა: რომ მოვლენ, კარგ ყავას ან ჩაის დავალევინებ, ტკბილეულს მივართმევ და ინტერვიუ სულ ავიწყდებათ. ბოლოს ერთ დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ: სანამ დრო გაქვთ, დატკბით ცხოვრებით და ერთ ლუკმას თუ ვინმეს გაუნაწილებთ, ის ლუკმა უკან ასმაგად დაგიბრუნდებათ.

ხათუნა ჩიგოგიძე