"კაცისთვის უფრო რთულია მოდის სამყაროში დამკვიდრება" - კვირის პალიტრა

"კაცისთვის უფრო რთულია მოდის სამყაროში დამკვიდრება"

ფოტოზე: ალექსანდრე მელაძე

ქართველი დიზაინერის მეგი გაბუნიას კოლექცია ნიუ-იორკში, მანჰეტენზე შოურუმშია წარმოდგენილი. სწორედ აქ შენიშნა პირველად მეგის კოლექცია ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა მოდელმა ალექსანდრე მელაძემ და დიზაინერს დაუკავშირდა. შემდეგ ალექსანდრე მეგის მამაკაცის ხაზის სახე გახდა. თაკო ნაცვლიშვილის, თათა ახალაიასა და სხვა ქართველი ქალი მოდელების გარდა, ალექსანდრე მელაძესაც წარმატებული კარიერა აქვს. მიუხედავად კონკურენციისა, სამოდელო ინდუსტრიაში მან თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ალექსანდრე მელაძე თავის ნიუიორკულ ცხოვრებაზე პირველად გვესაუბრება:

- 6 წელია ნიუ-იორკში ვცხოვრობ. თავიდან models.com-ზე რამდენიმე ფოტო ავტვირთე და დამიკავშირდნენ. შემდეგ შევხვდი სამოდელო სააგენტო Red Model Management-ის აგენტს და ასე დაიწყო ყველაფერი. მოდელი კაცისთვის უფრო რთულია მოდის სამყაროში დამკვიდრება, რადგან არ არის ძალიან დიდი მოთხოვნა.

პროფესიონალი მოდელი სულ დაკავებულია, არასდროს იცი, როდის მიგიწვევენ ჩვენებაზე ან ფოტოგადაღებაზე. აუცილებლად უნდა დაიცვა რეჟიმი და ინტენსიურად ივარჯიშო, რომ მუდმივად ფორმაში იყო. ალექსანდრე მელაძე ინგლისელ მოდელსა და მსახიობთან კარა დელევინთან ერთად - რომელ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობ?

- სხვადასხვა ჩვენებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგალითად, ტოდ სნაიდერის კოლექციის ჩვენებაში, ის ადრე რალფ ლოურენის ბრენდის დიზაინერი იყო. გადამიღეს ერთ-ერთი მომღერლის კლიპშიც, სადაც ქასტინგის საშუალებით მოვხვდი. ყველაზე დიდი გამოცდილება მამაკაცის საცვლების ბრენდ 2(X)ist-ის ქასთინგებზე მივიღე, იქ მსოფლიო დონის მოდელებს შევხვდი. ქართველი დიზაინერებიდან მეგისთან მუშაობა მომწონს, საინტერესო დიზაინერია, განსხვავებული თავისი ინდივიდუალური სამოსით.

ნინო წიფურია