"დამეხმარეთ, მინდა ისევ მოვისმინო შვილის უდარდელი კისკისი" - კვირის პალიტრა

"დამეხმარეთ, მინდა ისევ მოვისმინო შვილის უდარდელი კისკისი"

"ხატია ისევ კომაშია, თუმცა ჩემს ხმაზე რეაგირებს. რომ დაველაპარაკები, ტუჩების მოძრაობას იწყებს, თითქოს რაღაცის თქმა უნდა. თუ რამე აწუხებს, ტირის და მე ვეფერები, დამშვიდდი, ყველაფრი კარგად იქნება-მეთქი"

დაახლოებით, ერთი წლის წინ 18 წლის ხატია თვაურს ს. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს. პაციენტი პალატაში გადაყვანიდან 20 წუთში გაითიშა. გოგონა დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. "კვირის პალიტრა" ხატიას დედას, თეო სიდამონიძეს ესაუბრა:

- ხატია პალატაში გადაყვანიდან რამდენიმე წუთში ცუდად გახდა. მაშინვე დავუძახე სართულის ექთანს. რომ დახედა, მითხრა, სცივა და დავაფაროთ რამეო. შემდეგ მხარზე ხელი დაარტყა, ხატია, გცივაო? ხმა რომ არ ამოიღო, იმ ექთანს დაურეკა, რომელიც ოპერაციას ესწრებოდა და მან ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა. რომელიმე ექთანს რომ პირველადი დახმარება ადგილზევე მყისიერად გაეწია, ხატია ასე არ დამძიმდებოდა. მათ უნდა გაეთავისუფლებინათ სასუნთქი გზები და ჟანგბადი მიეწოდებინათ, მაგრამ პალატაში ჟანგბადის აპარატი არ ჰქონდათ, უჟანგბადობით კი ჩემს შვილს ჰიპოქსია განუვითარდა.

ხატიას ექიმთან, ზაქარია ოდიშვილთან შეხვედრას უშედეგოდ ვითხოვდი. ერთხელ შემთხვევით საავადმყოფოს ლიფტში შევხვდი, მე რა შუაში ვარ, ჩემი საქმე კარგად გავაკეთეო, მითხრა... პაციენტს რომ იღებენ, ანესთეზიოლოგმა და თერაპევტმა, ხომ უნდა გააკეთონ ჩანაწერები, არც ჩანაწერები ჰქონდათ და არც ყველა გამოკვლევა ჩაუტარებიათ, ისე გაიყვანეს საოპერაციოდ. ჯანდაცვის სამინისტროს გამოთხოვილ დოკუმენტებში მოხსენიებულია პალატის ექიმი ხათუნა ჩიტაძე, რომელსაც ხატიასთვის წნევა გაუზომია, შეუმოწმებია, ჟანგბადი მიეწოდებოდა თუ არა, მოგვიანებით კი, როდესაც პალატაში შესულა, ხატია გულწასული დახვედრია და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაუყვანია. ამ ჩანაწერების შედეგად ჯანდაცვამ დამნაშავედ ხათუნა ჩიტაძე გამოიყვანა, რადგან რეანიმაციაში გადაყვანამდე, ადგილზე არ გაუწია პირველადი დახმარება. არადა, ექიმ ხათუნა ჩიტაძეს ხატია არც შეუმოწმებია და არც რეანიმაციაში გადაუყვანია, ამას თავადაც ამბობს და ცილისწამებისთვის იქით უჩივლა საავადმყოფოს.

8 თებერვალს შევიტანე განცხადება პროკურატურაში. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მხოლოდ 25 ივლისს ჩაერთო საქმეში და დღემდე ველოდები მის პასუხს.

- 6 თვის წინ, როდესაც "კვირის პალიტრა" წერდა ხატიაზე, თქვით, რომ ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელები მოითხოვდნენ ხატიას საავადმყოფოდან გაყვანას, თქვენ კი საამისოდ არც საშუალება გქონდათ და არც ოჯახური პირობები.

- აპრილში გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან. მის მოვლას თვეში 5.000 ლარი სჭირდება. ჯანდაცვამ 50 დღით დაგვიფინანსა შინ მოვლის მომსახურება. წამლებსა და პამპერსებს კი ჩვენ ვყიდულობდით. როდესაც 50 დღე გავიდა, 17 დღით კიდევ დამიფინანსეს იგივე მომსახურება. შემდეგ თბილისის მერიას თხოვნით სამჯერ მივმართე და ერთი თვით დამიფინანსეს ექთანის მომსახურება. ასე მოვედით აგვისტომდე.

ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, საბავშვო ბაღში აღმზრდელი ვარ, 350 ლარი მაქვს ხელფასი. მეუღლე დაცვაში მუშაობს და 250 ლარს იღებს. კიდევ 2 გოგონა გვყავს. ახლობლები და ნათესავები, ვისაც როგორც შეუძლია, ისე გვიმართავენ ხელს.

ხეჩინაშვილიდან გამოყვანის შემდეგ, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გავუკეთეთ ოპერაცია. თავის დროზე, პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, ხატიას ტვინი შეუშუპდა და თავის ორივე მხარეს ძვლები ამოუღეს. როგორც წესი, ძვლებს სტერილურად ინახავენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჩადგან. ხეჩინაშვილში ძვლები რომ მოვიკითხე, მიპასუხეს, ახლა ძვლებს ვინღა ინახავსო. ამის შემდეგ მოსკოვში დავამზადებინეთ ინპლანტანტები და როდესაც ჩამოვიდა, ოპერაცია გაუკეთეს.

- დღეს რა მდგომარეობაა? - ისევ კომაშია, თუმცა ჩემს ხმაზე რეაგირებს. რომ დაველაპარაკები, ტუჩების მოძრაობას იწყებს, თითქოს რაღაცის თქმა უნდა. თუ რამე აწუხებს, ტირის და ვეფერები, დამშვიდდი, ყველაფრი კარგად იქნება-მეთქი. საკვებს ვაბლენდერებთ და ზონდით ვაჭმევთ. ხმაურზე თვალს ხუჭავს და ახელს. მანამდე ისეთი მხიარული და ენაკვიმატი იყო, ყველას ახალისებდა. ისეთი გულიანად გადაკისკისება იცოდა, რომ ერთხელ სკოლაშიც დამიბარეს, ეს რომ სიცილს დაიწყებს, გაკვეთილი იშლებაო. დიზაინერობა მოინდომა. შინ რომ მოვიდოდი, ხან რა დამხვდებოდა დაჭრილი, ხან რა. თავისი ხელით შეკერილი სამოსი ეცვა. არ ვიცი, რატომ აიჩემა, მინდა სკოლის ბანკეტზე ლამაზი ცხვირი მქონდესო. უარს ვეუბნებოდით მეც და ჩემი მეუღლეც, მაგრამ ამაოდ.

ხატიას აქ მეტს ვეღარაფერს გავუკეთებთ. გერმანიასა და თურქეთის კლინიკებში გავგზავნეთ მისი მონაცემები და თანხმობა ორივე კლინიკიდან მივიღე.

მინდა ისევ მოვისმინო, მისი უდარდელი კისკისი. მარტო ვერაფერს გავხდებით. გემუდარებით, დამეხმარეთ, ფეხზე დამაყენებინეთ ჩემი შვილი.

რეკვიზიტები: სიდამონიძე თეო

მობილური: 555199134

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:

GE39BG0000000327582300

თიბისი ბანკი: GE62TB7512745061100031

ეკა სალაღაია