თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი შეემატა - კვირის პალიტრა

თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი შეემატა

"ჩვენი პატარა მოწითალო-მოჟღალო ფერის დაიბადა, მაგრამ მალე ისიც დედ-მამასავით ლურჯ გნუდ იქცევა, თურმე, ფერს ზრდისას იცვლის"

ფრიკული ლურჯი გნუს ნაშიერი დაბადებისთანავე ფეხზე წამოხტა და მას შემდეგ ვოლიერში მხიარულად დაკუნტრუშებს, თუმცა რა გასაკვირია - გნუები, რომლებიც თბილისის ზოოპარკს არასოდეს ჰყოლია, ძროხების ველურ წინაპრებად ითვლებიან და ბოჩოლებიც ხომ ლამის დაბადებისთანავე კუნტრუშებენ. ისე კი, გნუები ძალიან განსხვავდებიან ძროხებისაგან და ადამიანებსაც უფრთხიან. მათი დამორჩილების ერთადერთი ხერხი დატყვევებაა, რასაც აკეთებენ კიდეც გნუზე მონადირეები აფრიკაში. საბედნიეროდ, ჩვენს გნუებს მონადირეებისგან საფრთხე არ ემუქრებათ და ზოოპარკშიც ისე კარგად უვლიან, რომ პირველი ნაშიერიც გაუჩნდათ. ცხოველთა მოვლის კოორდინატორის, ნანა ზარქუას თქმით, წყვილი გნუ თბილისის ზოოპარკში ბელგიიდან ჩამოიყვანეს.

- ჩვენი გნუები ბელგიის ზოოპარკმა წყალდიდობის შემდეგ გვაჩუქა და მას შემდეგ მოვლა არ მოგვიკლია. ვოლიერს მანამდე არ ვცილდებოდით, სანამ კარგად არ შევამოწმებდით, მოწყენილები ხომ არ იყვნენ, რაიმე ხომ არ უჭირდათ, ან კარგად ჭამდნენ თუ არა. მოკლედ, გავალაღეთ და უკვე შთამომავალი ჰყავთ - მხიარული პატარა, რომელიც აქაურობას იკლებს. მალე ამ მხიარული ხასიათის მიხედვით სახელსაც შევურჩევთ.

- პატარას მოფერება უყვარს? - სულაც არა. გნუები ველურ ბუნებაში იზრდებიან და ადამიანის გვერდით ყოფნა არ სიამოვნებთ, ასე რომ, ახლოსაც არ გვიკარებს. ისე, თავისი მშობლებივით, ესეც ძალიან ცნობისმოყვარეა. როდესაც თივას ვუყრით, შორს გადგება და ყურებდაცქვეტილი გვაკვირდება. ვოლიერს რომ მოვცილდებით, მაშინღა მოირბენს საკვებთან.

- არადა, ისე ჰგავს ბოჩოლას, ისეთი ფერი და თვალები აქვს, მოფერება მოგინდება. - რაც შეეხება ფერს, ჩვენი პატარა მოწითალო-მოჟღალო ფერის კი დაიბადა, მაგრამ მალე ისიც დედ-მამასავით ლურჯ გნუდ იქცევა. ასე ყოფილა - გნუ, თურმე, ფერს ზრდისას იცვლის.

- იმედია, დედის რძეს მაინც მიირთმევს ბოჩოლასავით. - რასაკვირველია. ყველაზე გემრიელად დედის რძეს ჭამს. ისე კი, თივასა და ხილ-ბოსტნეულსაც გეახლებათ ცოტ-ცოტას. განსაკუთრებით ხილი მოსწონს - დრუნჩით ამოარჩევს და გემრიელად გეახლებათ.

ეთერ ერაძე